საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებამ 2020 წლის გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის ანგარიში წარადგინა. საქართველომ აღნიშნულ ინდექსში 81.06 ქულით 55 ადგილი დაიკავა და რეიტინგში წინა წლებთან შედარებით რამდენიმე ათეულით ქვემოთ ჩამოინაცვლა. მაგალითისათვის, 2018 წლის გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსში საქართველო მსოფლიო მასშტაბით მე-18 პოზიციას იკავებდა, რაც საკმაოდ დადებითი ტენდენციების გამომხატველი მაჩვენებელი იყო.
წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის რეგიონში 30-ე ადგილს იკავებს. პოზიციის გაუარესება შეინიშნება რეგიონულ მაჩვენებელში, სადაც 2018 წელს მე-9 პოზიციაზე ვიმყოფებოდით.
საინტერესოა, რომ მეზობლებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი ამ მხრივ თურქეთს აქვს და იგი მსოფლიო რეიტინგში 97.49 ქულით მე-11 ადგილს იკავებს. შედარებით უკეთესი ვითარებაა აზერბაიჯანის შემთხვევაშიც, რომელიც გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის მიხედვით მე-40 პოზიციაზეა. მეტად სავალალო ვითარებაა სომხეთის შემთხვევაში, რომელიც იმავე მაჩვენებლით 193 ქვეყანას შორის 90-ე ადგილზეა.
გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუარესება ტექნოლოგიური პროგრესის შეფერხებას შეიძლება დაბრალდეს კოვიდპანდემიასთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ სიაში მსოფლიო მასშტაბით აშშ, ხოლო ევროპაში გაერთიანებული სამეფო ლიდერობს. იმედის მომცემი მაჩვენებელი აქვს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რუსეთსაც, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-5 პოზიციას იკავებს.
გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებამ პირველად 2015 წელს წარადგინა და იგი 193 წევრი სახელმწიფოს მონაცემებს ამუშავებს.