2022 წლის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა დუბაიში $6.3 მლრდ-ის უძრავი ქონება შეიძინეს

2022 წლის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა დუბაიში $6.3 მლრდ-ის უძრავი ქონება შეიძინეს

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა დუბაიში $6.3 მილიარდის ღირებულების მშენებარე და დასრულებული უძრავი ქონება შეიძინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგადასახადო სადამკვირვებლო უწყების ეკონომისტების ანგარიშში ვხვდებით, რომელიც ნორვეგიის გადასახადების კვლევის ცენტრთან თანამშრომლობით მომზადდა.

ანგარიშის თანახმად, დუბაიში უძრავი ქონება რუსმა პოლიტიკოსებმა, ცნობილმა კრიმინალებმა და სანქცირებულმა პირებმა შეიძინეს, რომელთა შორისაც კრიპტოთაღლითურ სქემაში მხილებული რუჯა იგნატოვა და ნარკობარონი დანიელ კინაჰანიც არიან.

დუბაიში დიდი რაოდენობით უძრავი ქონება შპიონაჟის ბრალდებით გასამართლებულმა ანა ჩაპმანმაც შეიძინა. ეს უკანასკნელი შპიონაჟის ბრალდებით ნიუ-იორკში 2010 წელს დააკავეს, მოგვიანებით კი ამერიკელ პატიმარში გაცვალეს. მოპოვებული მონაცემების თანახმად, ჩაპმანმა დუბაიში 2022 წელს $566,000-ის ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა.

ძვირად ღირებული უძრავი ქონება შეიძინა რუსეთის დუმის დეპუტატმა გრიგორი ანიკეევმაც. დუბაის ექსკლუზიურ უბანში მის მიერ შეძენილი ქონების ღირებულება $13 მილიონს შეადგენს.

რუსეთის მოქალაქეებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში $2.4 მილიარდის ღირებულების დასრულებული, ხოლო $3.9 მილიარდის ღირებულების მშენებარე უძრავი ქონება შეიძინეს. ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში ბოლო ორი წლის განმავლობაში დუბაიში 5,000-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ 6,600-ზე მეტი უძრავი ქონება შეიძინა.