AI-ის გავლენით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა

AI-ის გავლენით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა

ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებლის შედეგებმა Wall Street-ის პროგნოზები კიდევ ერთხელ გააუმჯობესა. ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით, Nvidia-ს აქციათა ფასებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.

FactSet-ის მონაცემებით, 2024 წლის პირველ სამთვიან პერიოდში (რომელიც 30 აპრილს დასრულდა,) თითო აქციაზე Nvidia-ს მოგებამ – $6.12-ს, გაყიდვებმა კი $26 მილიარდს მიაღწია. ამავე ჭრილში, ანალიტიკოსები აქციაზე $5.60-ის მოგების მიღებას და გაყიდვებში – $24.59 მილიარდს პროგნოზირებდნენ. შედეგად, Nvidia-ს მოგება და შემოსავლები, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 628%-ითა და 268%-ით გაიზარდა.

შესაბამისად, ეს კვარტალი Nvidia-სთვის ყველაზე მოგებიანი და შემოსავლიანი აღმოჩნდა. შედეგებმა მიმდინარე წლის იანვარში დასრულებული კვარტალის რეკორდულ მონაცემებსაც გადააჭარბა – $12.3 მილიარდის მოგება და $22.1 მილიარდის შემოსავალი.

გასაკვირი არაა, რომ ნახევარგამტარების მწარმოებლის შემოსავლების მთავარი წყარო მისი AI-განყოფილებაა, რომელმაც გასულ წელს $22.6 მილიარდის შემოსავალი მიიღო – წლიურ ჭრილში 427%-იანი ზრდა. AI-ის განყოფილებისთვის შემოსავლები 2020 წელთან შედარებით ($1.1 მილიარდი) ოცჯერაა გაზრდილი.

პარალელურად, 7 ივნისს, Nvidia აქციების 1:10 პრინციპით გაყოფას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორები კომპანიის თითოეული აქციის სანაცვლოდ 10 აქციას მიიღებენ. შედეგად, შემცირდება აქციათა ფასი, $950-დან $95-მდე, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია იგივე დარჩება. ამ შეთავაზებით Nvidia-ს აქციები ბევრად ხელმისაწვდომი გახდება და უფრო მეტ ინვესტორსაც მოიზიდავს.

კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Nvidia-ს აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა და ჩვეულებრივ სავაჭრო საათებში მისთვის ყველა დროის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.

უახლესი მონაცემებით, Nvidia საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს მესამე უმსხვილესი კომპანიაა. მისი ღირებულება $2.3 ტრილიონს უტოლდება, მაშინ როდესაც 2022 წლის ბოლოს მხოლოდ $400 მილიარდს უდრიდა.