პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან თურქეთში მინიმალური თვიური ხელფასი 54.5%-ით გაიზრდება. ახალი გეგმა ინფლაციის უარყოფითი შედეგებისგან მოსახლეობის დაცვას ისახავს მიზნად. შედეგად, თურქეთში მომავალი წლიდან, თვიური მინიმალური ანაზღაურება ერთი პირისთვის 5,500 თურქული ლირიდან ($294), 8,500 თურქულ ლირამდე ($455) გაიზრდება.
თურქეთის მოსახლეობას უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ ინფლაციასთან უწევს გამკლავება. გასულ თვეში, თურქეთში ინფლაცია 85%-მდე დაეცა, მას შემდეგ რაც ოქტომბერში უკანასკნელი 24 წლის მაქსიმუმს მიაღწია. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია, საბაზისო ეფექტისა და გლობალური ენერგეტიკული ფასების დაცემის შემდეგ, სამომავლოდ მკვეთრად შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში მინიმალური ხელფასი გასული წლიდან მოყოლებული უკვე მესამედ იზრდება. ქვეყანამ 2022 წლის დასაწყისში, მინიმალური ხელფასების 50%-ით, TL 4,250-მდე ($227) გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შემდგომ უკვე, წლის შუა რიცხვებში, შინამეურნეობების მზარდი ინფლაციისგან დასაცავად, მინიმალური ხელფასი ხელახლა 30%-ით გაიზარდა და 2022 წლის პირველი ივლისიდან თვეში 5,500 თურქულ ლირას ($294) გაუთანაბრდა.
პრეზიდენტ ერდოღანის ინფორმაციით, „გაუთვალისწინებელი“ მოვლენების შემთხვევაში, მთავრობა მინიმალური ხელფასის დამატებით ზრდას არ გამორიცხავს. პრეზიდენტის მოლოდინებით, ინფლაცია 2023 წლის პირველ ნახევარში 30%-მდე შემცირდება. მთავრობის გეგმით კი, ინფლაცია წლის ბოლოსთვის 65%-მდე და 2023 წლის ბოლოსთვის 24.9%-მდე შემცირდება.