2024 წელს Tesla-ს მოგება 23%-ით შემცირდა

2024 წელს Tesla-ს მოგება 23%-ით შემცირდა

ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს მიერ გამოქვეყნებული მეოთხე კვარტლის ანგარიშის მიხედვით, კომპანიის წლიური მოგება ზედიზედ უკვე მეორე წელია, მცირდება.

FactSet-ის მონაცემებით, გასული წლის მეოთხე კვარტალში Tesla-ს შემოსავალმა $25.7 მილიარდი შეადგინა, მაშინ, როდესაც ანალიტიკოსები კვარტალური შემოსავლის სახით $27.3 მილიარდის მიღებას ვარაუდობდნენ. თითო აქციაზე შემოსავალმა კი $0.73-ს მიაღწია მაშინ, როდესაც ანალიტიკოსები $0.77-ს პროგნოზირებდნენ.

რაც შეეხება გასული წლის შემაჯამებელ შედეგებს, 2024 წელს Tesla-ს მოგებამ $8.4 მილიარდი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 23%-ით, ხოლო 2022 წლის რეკორდულ $14.1 მილიარდთან შედარებით 40%-იანი ვარდნაა. 2023 წელთან შედარებით, 1%-ითაა გაზრდილი მთლიანი წლის შემოსავლები და $97.7 მილიარდს უტოლდება.

ვარდნის მიუხედავად, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი იმედებს 2025 წელსა და მის ახალ პროდუქტებზე ამყარებს. მათ შორისაა „საიბერქების“ წარმოება, რომელსაც Tesla მომდევნო წლიდან დაიწყებს, ხოლო 2025 წლის პირველ ნახევარში, კომპანია მომხმარებლისთვის შედარებით ხელმისაწვდომი ავტომობილების შეთავაზებასაც განიხილავს.

მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშის გავლენით, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, Tesla-ს აქციების ღირებულება 5%-ით შემცირდა, თუმცა შემდგომ 3%-ით აღდგა. როგორც ჩანს, ინვესტორთა შორის კომპანიის არადამაკმაყოფილებელმა ფინანსურმა შედეგებმა და სამომავლო პროდუქტების გაშვების პერსპექტივა, არაერთგვაროვანი რეაქცია დაიმსახურა.

რაც შეეხება მასკს, Forbes-ის შეფასებით, $410 მილიარდით ის კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მასკის სიმდიდრის უდიდესი ნაწილი Tesla-ში მის 13%-იან წილზე მოდის, რომელიც $160 მილიარდის ღირებულებისაა. დანარჩენი SpaceX-ზე, X-ზე, xAI-სა და სხვა ფირმებზე ნაწილდება.