მოტოციკლების მსოფლიოს უდიდესმა მწარმოებელმა, იაპონურმა Honda-მ განაცხადა, რომ კომპანიის ელექტრიფიკაციის ფარგლებში, 2025 წლისთვის, ელექტრომოტოციკლის სულ მცირე ათ მოდელს გამოუშვებს.
„Honda მოტოციკლების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელია, რომელიც ინდუსტრიის ლიდერად ნახშირბადნეიტრალიტეტის ეპოქაშიც დარჩება – ამისთვის, კომპანია ელექტრომოტოციკლებს „მართვის სიამოვნების“ შეგრძნებას შეუნარჩუნებს, ხოლო მომხმარებლებს პროგრამული უზრუნველყოფისა და ელექტრიფიცირებული მოდელების თავსებადობაზე დაფუძნებულ პროდუქტებს შესთავაზებს“, – ვკითხულობთ იაპონური კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
როგორც ირკვევა, Honda-ს პირველი თაობის ელექტრომოტოციკლების უმეტესობა ძირითადად აზიური და ევროპული ბაზრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და არა ჩრდილოეთ ამერიკის. ამასთანავე, Honda-სგან არც განსაკუთრებულად მძლავრი ელექტრომოტოციკლების შექმნას უნდა ველოდოთ, რადგან, როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ სურათზე ჩანს, ახალი მოდელების უმრავლესობა მოპედის ტიპისაა. აღსანიშნავია, რომ Honda-ს მიერ მოპედის ტიპის ელექტრომოტოციკლების გამოშვება მოულოდნელი და უცნაური სულაც არ არის, რადგან სწორედ ამ ტიპის ტრანსპორტია ის, რომელსაც აზიისა და ევროპის ქალაქებში ყველაზე ხშირად იყენებენ. Honda-ს კი, როგორც ჩანს, სწორედ ამ ბაზრების ათვისება სურს.
აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ მოპედებთან ერთად, Honda შედარებით დიდი ზომის EV-მოტოციკლების გამოშვებასაც გეგმავს, რომლებიც, დიდი ალბათობით, იაპონური კომპანიის ახალი პლატფორმის – FUN-ის ბაზაზე შეიქმნება. გარდა ამისა, Honda საბავშვო მოტოციკლების გამოშვებასაც აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ელექტრომოტოციკლების წარმოების პარალელურად, იაპონური გიგანტი შიდაწვის ძრავის მქონე მოდელების გამოშვების შეწყვეტას არ აპირებს, პირიქით – Honda-ს ამ ტექნოლოგიის ეფექტიანობის გაზრდა სურს. საინტერესოა, რომ Honda-ს ეს გადაწყვეტილებები კომპანიის გაცხადებული სტრატეგიის ნაწილია, რომელიც 2040 წლისთვის, მოტოციკლების ბიზნესის ნახშირბადნეიტრალურად გადაქცევას ემსახურება.