ციფრული მარკეტინგის უნარების მქონე კადრებზე მოთხოვნა დამსაქმებლების მხრიდან ყოველწლიურად იზრდება. Coursera-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში – „2024 წლის სამუშაო უნარები“ – ციფრული მარკეტინგი ტოპ-ათეულშიც მოხვდა.
მოხსენების თანახმად, ციფრულ მარკეტინგთან დაკავშირებული პროფესიები, ახალი ტექნოლოგიების გავლენით, სტაბილურად იზრდება. ხელოვნური ინტელექტი და კონტენტის გენერირების ხელსაწყოები ამ ინდუსტრიაში პროფესიებს არათუ ჩაანაცვლებს, პირიქით, სრულყოფს მათ. Coursera-ს პროგნოზით, ციფრულ მარკეტინგში დასაქმების მაჩვენებელი 2032 წლისთვის 6%-ით გაიზრდება, რაც ზრდის საშუალო ტემპზე მაღალი მაჩვენებელია. ამავდროულად კი, 2030 წლისთვის, სრულად ინდუსტრია $1.5 ტრილიონად იქნება შეფასებული.
ციფრული მარკეტინგის ინდუსტრია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამომხმარებლო ტენდენციებზე. მაგალითად, სოციალურ მედიას მომხმარებელთა დაახლოებით 76% იყენებს სასურველი ნივთების შესარჩევად და შესაძენად. მხოლოდ 2023 წელს, მსოფლიო მასშტაბით, სოციალური მედიის 4.89 მილიარდი მომხმარებელი აღირიცხებოდა, რომელთაგან LinkedIn-ზე მილიარდზე მეტი მომხმარებელი მოდიოდა.
Coursera თავის ანგარიშში ორგანიზაციებს მოუწოდებს, მათი გუნდები ახალი და თანამედროვე უნარებით – სოციალური გაყიდვების უნარებით – გადაამზადონ. სოციალური გაყიდვები მომხმარებლებთან და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობისთვის და მათ ლოიალურ მომხმარებლებად გადასაქცევად, სოციალური მედია პლატფორმების გამოყენებას გულისხმობს. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული უნარი ორგანიზაციული წარმატებისთვის გადამწყვეტი იქნება.