საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წელს მსოფლიოში წამყვანი აქსელერატორი, 500 Global საქართველოში შემოვიდა. პროგრამაში ჩართულმა ქართულმა და საერთაშორისო სტარტაპებმა უკვე არაერთ წარმატებას მიაღწიეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Cargon, რომელიც ამავდროულად 500 Georgia-ს პირველი ნაკადის გამარჯვებულია.
ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით ტვირთის მფლობელსა და გადამზიდს ერთმანეთთან აკავშირებს, უკვე წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე. პროექტის ფინალურ ეტაპზე, სტარტაპი ახალი გამოცდილების მისაღებად და ინვესტორებთან შესახვედრად სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე იმყოფებოდა. Cargon-ი სომხეთის შემდეგ, უზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზრებზეც შევიდა. სულ ახლახან კი, კომპანიამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ლოგისტიკური სტარტაპისგან „Flexport“ , დამატებითი ინვესტიცია მოიზიდა.
Flexport-ი ერთ-ერთია იმ უნიქორნ სტარტაპებს შორის, რომელიც სილიკონ ველიზე დაფუძნდა. მისი ამჟამინდელი ღირებულება 8 მილარდ დოლარს აღემატება.
„მსგავსი კომპანიისგან ინვესტიციის მოპოვება ჩვენი საქმიანობის ვალიდაციაა და დამატებითი მოტივაცია, რომ ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ ლოგისტიკის კუთხით. მოპოვებული ინვესტიცია და ზოგადად, Flexport-თან პარტნიორობის ფარგლებში გაჩენილი ახალი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაეხმარება Cargon-ს რეგიონალურ განვითარებასა და ახალი ბაზრების ათვისებაში“ , – აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი შაკო ჯალაბაძე.
კომპანიის განვითარების საწყის ეტაპზე, Cargon-ის ძირითად სამიზნე აუდიტორიას ის საშუალო ზომის ბიზნესები წარმოადგენდა, რომლებიც საკუთარ პროდუქტს აწარმოებდნენ. დღეს, სტარტაპი უკვე ისეთ კომპანიებთანაც თანამშრომლობს, რომლებიც საექსპორტო და საიმპორტო საქმიანობით არიან დაკავებული.
„საწყის ეტაპზე, გვქონდა სხვადასხვა წინაღობა, რის გამოც Cargon-ის განვითარება ნელი ტემპით მიმდინარეობდა. 500 Georgia-ს მენტორებთან მუშაობით შევძელით, ეს პროცესი დაგვეჩქარებინა – მათი რჩევების გათვალისწინებით შევცვალეთ და დავხვეწეთ პლატფორმის დიზაინი, რის შედეგადაც სისტემით სარგებლობა კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელი გავხადეთ მომხმარებლისთვის“, – ყვება კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვანო ჩალაძე.
„აქსელერაციის პროგრამიდან მიღებული ცოდნა დაგვეხმარა ნათლად დაგვენახა, თუ ვინ არის ჩვენი პოტენციური აუდიტორია და როგორ ვაქციოთ ისინი ლოიალურ მომხმარებლებად. გარდა ამისა, მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა, შევხვედროდით მენტორებსა და ინვესტორებს სილიკონ ველიზე და შეგვეძინა მნიშვნელოვანი კონტაქტები. ეს კი, Cargon-ის სამომავლო ზრდისა და მასშტაბირებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდა. შედეგმაც არ დააყოვნა და Flexport-ის მიერ გამოყოფილი ინვესტიცია Cargon-ს შესაძლებლობას მისცემს კიდევ მეტად დახვეწოს სერვისი და მეტი ტვირთის მფლობელი და გადამზიდი დააკავშიროს ერთმანეთთან “, – დასძენს ის.
ინფორმაციისთვის, 500 Georgia-ს პირველი 2 ნაკადის მონაწილე 28 სტარტაპმა პროექტის ფარგლებში შთამბეჭდავი 212%-იანი ზრდა აჩვენა. მათი ჯამური შედეგები ასე გამოიყურება: 16.5 მილიონი ლარი – მოზიდული ინვესტიცია; 627 ათასზე მეტი – რეგისტრირებული მომხმარებელი; 89 – საერთაშორისო პარტნიორი; 354 – შექმნილი სამუშაო ადგილი; 4400 – B2B მომხმარებელი.