სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, იაროსლავ ნადის განცხადებით, სლოვაკეთმა შესაძლოა უკრაინას თვითმავალი ჰაუბიცა, ZUZANA მიჰყიდოს. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, მხარეები ამჟამად მოლაპარაკების პროცესში იმყოფებიან. იაროსლავ ნადს აღნიშნული სიახლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ცნობისათვის, ZUZANA 2-ის ტიპის ჰაუბიცა მისი ძველი ვერსიის გაუმჯობესებული, უფრო თანამედროვე მოდიფიკაციაა. 155-მმ კალიბრიანი ZUZANA 2-ის მოქმედების ეფექტური მანძილი 40 კმ-დან 50 კმ-მდე მერყეობს და დამოკიდებულია შეიარაღების ტიპზე.
აღნიშნული ტიპის ჰაუბიცა უკრაინისათვის მიწოდებული შეიარაღებიდან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. თუმცა, საინტერესოა თუ რა ფასად შეიძენს უკრაინა სლოვაკეთისაგან ZUZANA 2-ის ტიპის ჰაუბიცებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სლოვაკეთმა უკრაინას S-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მიაწოდა. უკრაინელები NATO-სგან აღნიშნულ სისტემებს უკვე დიდი ხანია ითხოვდნენ, თუმცა მათი გადაცემა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. როგორც ცნობილი გახდა, თავად სლოვაკეთი უკრაინისათვის S-300-ების გადაცემის საკომპენსაციოდ ამერიკულ Patriot-ებს მიიღებს.