გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტიისაგან

წინა კვირა ავტოინდუსტრიისათვის მეტად დატვირთული გამოდგა. ინდუსტრიაში ეს პერიოდი უმეტესად მეორე კვარტლის შედეგების გამოქვეყნებას ეთმობა. შესაბამისად, გამონაკლისი არც მიმდინარე წლის ივლისის ბოლო კვირა აღმოჩნდა. საკუთარი კვარტალური შედეგები თითქმის ყველა ავტომწარმოებელმა გამოაქვეყნა. ზოგისთვის მეორე კვარტალმა დიდი წარმატებით ჩაიარა. სხვებისთვის კი წლის პირველი ნახევრის დასასრული ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, კვარტალურ შედეგებს გავლენა არ მოუხდენია ავტომწარმოებლების ენთუზიაზმზე დაწინაურდნენ პირველობისათვის რბოლაში. ამიტომაც, ისინი უწინდებური მონდომებით განაგრძობენ მომხმარებლებისათვის სიახლეების გაცნობას. ჩვენც, Forbes Georgia-ს საავტომობილო მიმოხილვაში, ტრადიციულად წარმოგიდგენთ გასული კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს ინდუსტრიიდან.

გერმანიის მთავრობა მომდევნო წლიდან ელექტრომობილების სუბსიდიას შეამცირებს

გასულ კვირას გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2023 წლიდან ქვეყნის მთავრობა ელექტრომობილების შესაძენად მოქალაქეებისათვის გამოყოფილი სუბსიდიების მოცულობას შეამცირებს. აღნიშნულის მიზეზი ელექტრომობილებზე ისედაც მაღალი მოთხოვნა გახლავთ. გერმანიის მთავრობის მოსაზრებით, აღნიშნული წახალისება საჭირო აღარ არის.

REUTERS/Hannibal Hanschke/File Photo

გერმანიის სამთავრობო წყაროს ინფორმაციით, სუბსიდია სრულად მას შემდეგ გაუქმდება, რაც პროექტისათვის გამოყოფილი 3.44 მილიარდი აშშ დოლარი მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან სრულად გაიხარჯება.

„ელექტრომობილების პოპულარობა და მათზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. შესაბამისად, სამომავლოდ მათზე სამთავრობო სუბსიდია აღარ დაგვჭირდება“ – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა.

ცნობისათვის, 40,000 ევროს ღირებულების ავტომობილის შესაძენად მოქალაქეები აქამდე 6,000 ევროს ოდენობის სუბსიდიას იღებდნენ. მომდევნო წლიდან კი ეს თანხა 4,500-მდე შემცირდება, მალევე კი 3,000 ევროს გაუტოლდება. 40,000 ევროზე მაღალი ღირებულების ელექტრომობილის შეძენის შემთხვევაში კი გერმანიის მოქალაქეები 2023 წლიდან 5,000 ევროს ნაცვლად 3,000 ევროიან სუბსიდიას მიიღებენ.

საინტერესოა, რომ იგივე პირობა მომავალი წლიდან დამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილებზეც გავრცელდება. 2021 წელს გერმანიაში ელექტრომობილების გაყიდვების რიცხვი ორზე მეტჯერ გაიზარდა და 328,000 ერთეული შეადგინა. ამჟამად გერმანიის გზებზე საერთო ჯამში 600,000-მდე ელექტრომობილი დადის. ჰიბრიდული ავტომობილების ჩათვლით კი ეს რიცხვი მილიონს ბევრად აჭარბებს.

აშშ-ში მარეგულირებელმა Stellantis-ის, GM-ისა და Ford-ის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების საავტომობილო უსაფრთხოების სააგენტომ Stellantis-ის, GM-ისა და Ford-ის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა სახის უსაფრთხოების საკითხების შესახებ აღნიშნული ავტომწარმოებლების 1.8 მილიონი ერთეული ავტომობილი შემოწმდება.

REUTERS/Pascal Rossignol

შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაცია ყველაზე მეტად 2014-და 2020 წლამდე წარმოებული Jeep Cherokee მოდელითაა დაინტერესებული. შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში 1.34 მილიონი ერთეული Jeep Cherokee შემოწმდება. მარეგულირებლის განცხადებით, ავტომობილში სპეციალური ავზებიდან წყალი ჟონავს, რამაც შესაძლოა ელექტრონული საპარკინგე მუხრუჭის გააქტიურება გამოიწვიოს და ავტომობილმა მოძრაობის დროს უეცრად დაამუხრუჭოს. ეს კი საავარიო სიტუაციას შექმნის.

გარდა ამისა, მარეგულირებელი ორგანო 2019-დან 2021 წლამდე წარმოებული 21,348 ერთეული Chrysler Pacifica-ს შემოწმებასაც ითხოვს. დამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილები ავტოდილერებმა უკან უნდა გამოიხმონ და გადაცემათა კოლოფის გაუმართაობა შეამოწმონ.

როგორც ჩანს, აღნიშნული ორი მოდელის გარდა უკან გამოხმობის მოთხოვნა მარეგულირებელმა ორგანომ 2016 წლის 290,000 ერთეულ Dodge Journey-ზე, Jeep Compass-სა და Jeep Patriot-ზეც დაარეგისტრირა.

რაც შეეხება Ford-ს, იგივე მოთხოვნა 25,538 ერთეულ 2021 წლის Ford Bronco მოდელების მიმართაც გაჟღერდა. GM-მა და Stellantis-მა აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოსთან თანამშრომლობის შესახებ მზაობა საჯაროდ დაადასტურეს. Ford-ს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

Volkswagen-ის CEO-მ თანამდებობა დატოვა — ახალს ბევრი გამოწვევა ელოდება

Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰერბერტ დისმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. გერმანული ავტომწარმოებლის ამბიციური გეგმების ფონზე, მისი წასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, Volkswagen-ი უახლოესი ათწლეულის განმავლობაში გაყიდვებსა თუ ინოვაციებში კონკურენტების დაჯაბნას აპირებს. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას ამ მიზნების განხორციელება ახალ აღმასრულებელ დირექტორთან ერთად მოუწევს.

Motor1.com

ჰერბერტ დისის ადგილი ინდუსტრიაში ასევე საკმაოდ გამოცდილმა მენეჯერმა, Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ ბლუმმა დაიკავა. ამიერიდან ოლივერი ორივე ავტომწარმოებელს უხელმძღვანელებს. მის წინაშე კი უამრავი გამოწვევა დგას.

Porsche-ს წელს დაგეგმილი IPO-დან დაწყებული, პროგრამული უზრუნველყოფის დანაყოფში არსებული პრობლემების გადაწყვეტით გაგრძელებული და Tesla-სთან კონკურენციით დამთავრებული – ყველა გამოწვევის აღმოფხვრა უკვე ოლივერ ბლუმის პასუხისმგებლობა იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ Volkswagen-ის მილიარდერმა მფლობელებმა ჰერბერტ დისი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მათ მისი აგრესიული სტრატეგიები მაინც მოსწონდათ. ახლა კი ოლივერ ბლუმმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ განავითარებს მსოფლიოს მეორე ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელს.

ოლივერ ბლუმის წინაშე არსებული ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა წელს დაგეგმილი Porsche-ს IPO გახლავთ. პოტენციურად ევროპის ყველაზე უმსხვილესი IPO-დან წარუმატებლობამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯია. ოლივერ ბლუმმა კი უნდა შეაფასოს, რამდენად დიდ გავლენას იქონიებს რეცესიის რისკები, გეოპოლიტიკური ვითარება თუ ენერგოხარჯების ზრდა Porsche-ს IPO-ზე.

კიდევ ერთი უმთავრესი პრობლემა პროგრამული უზრუნველყოფის დანაყოფში არსებული ვითარებაა. ტექნოლოგიური ჩამორჩენა, სტრატეგიული ჩავარდნა თუ დედლაინების გადაწევა იმ პრობლემებს წარმოადგენს, რომელთა აღმოფხვრაც ოლივერ ბლუმს მოუწევს. მოგეხსენებათ, Volkswagen-ის მიზანს დამოუკიდებელი, საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა წარმოადგენს. მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ამან კომპანიას მომდევნო წლების განმავლობაში შესაძლოა უდიდესი შემოსავალი მოუტანოს.

ამერიკულ ბაზარზე პოზიციების გამყარება ოლივერ ბლუმის კიდევ ერთი გამოწვევა იქნება. გერმანული ავტომწარმოებელი, როგორც იქნა, ამერიკულ ბაზარზე მოგებაზე გავიდა. თუმცა, Toyota-სთან, General Motors-თან და Ford-თან ჩამორჩენა ჯერჯერობით მაინც დიდია. შესაბამისად, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელადაც აუცილებელი იქნება. ამასთანავე, Volkswagen-ი უპირატესობას კარგავს მისთვის ყველაზე დიდ ბაზარზე, ჩინეთშიც. კოვიდრეგულაციების, ჩიპების დეფიციტისა თუ ციფრული ფუნქციების ნაკლებობის გამო ჩინეთის ბაზრის წილი Volkswagen-ის გაყიდვებში ნელ-ნელა მცირდება.

მსოფლიოში არსებული ელექტრომობილების ბუმის ფონზე კი გერმანული ავტომწარმოებლისათვის ყველაზე დიდი გამოწვევა Tesla-სთვის კონკურენციის გაწევა იქნება. მიწოდების ჯაჭვის პრობლემების მიუხედავად, ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი მსოფლიოს ყველა ბაზარზე უპირატესობის მოპოვებას განაგრძობს. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი აღმასრულებელი დირექტორის წარმატების საზომი სწორედ Tesla-სთან მეტოქეობაში გამოკვეთილი ტენდენციები იქნება.

Alfa Romeo აშშ-ის ბაზრისათვის ახალ ავტომობილს შექმნის

იტალიური ავტომწარმოებელი Alfa Romeo ახალ დიდი ზომის ავტომობილზე იმუშავებს, რომელიც აშშ-ის ბაზარზე გასაყიდად 2027 წლისთვის ჩაეშვება. ამის შესახებ განცხადებას კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ავრცელებს. მისი განმარტებით, Alfa Romeo-ს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია თუ სად აწარმოებს ავტომობილს.

REUTERS/Lucy Nicholson

იტალიური ბრენდის ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის ცნობადობისა და რეპუტაციის გაზრდას ემსახურება. ცნობისათვის, იტალიური ავტომწარმოებელი Alfa Romeo უფრო მსხვილი ავტომწარმოებლის, Stellantis-ის შვილობილი კომპანიაა.

ახალი ავტომობილის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი ბევრი არაფერია. კომპანიამ ისიც კი არ იცის, ავტომობილი სედანი იქნება თუ SUV. თუმცა, ხელმძღვანელობის განმარტებით, ახალი მოდელი დიდი ზომის კლასიკური SUV არ იქნება. კომპანიის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებენ.

Bentley-ის მოგება წლის პირველ ნახევარში გაორმაგდა

ბრიტანული მდიდრული ავტომობილების მწარმოებლის, Bentley-ის წლის პირველი ნახევრის საოპერაციო მოგება ორზე მეტჯერ გაიზარდა. აღნიშნულის მიზეზი, კომპანიის განცხადებით, ევროპასა და განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში გაყიდვების რაოდენობის ზრდა გახლავთ. თუმცა, კიდევ ერთ ფაქტორს, ავტომობილისათვის გარკვეული დამატებითი სერვისების ჩატარება წარმოადგენს.

REUTERS/Abdel hadi Ramahi/File Photo

გერმანული ავტომწარმოებლის, Volkswagen-ის შვილობილი Bentley-ის მიერ გასულ კვირას გამოცხადებული შედეგების თანახმად, ბრიტანული ბრენდის მოგებამ წლის პირველ ნახევარში 403 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გლობალურად ავტომობილის გაყიდვები 2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით მხოლოდ 3%-ით გაიზარდა. თუმცა, საინტერესოა, რომ ერთი ავტომობილის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ამ პერიოდში 15%-ითაა გაზრდილი.

ევროპასა და დიდი ბრიტანეთში ბრენდის გაყიდვები 33 და 44%-ით გაიზარდა. თუმცა, კომპანიის ყველაზე მსხვილი ბაზრის, შეერთებული შტატების მონაცემების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

Mini-მ ახალი ელექტრომობილის Aceman-ის კონცეპტ-ვერსია წარადგინა

ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა, Mini-მ ახალი ელექტრომობილის, Aceman-ის კონცეპტი წარადგინა. პატარა ავტომობილების პრემიუმ სეგმენტის ერთ-ერთმა დომინანტმა ავტომწარმოებელმა მომხმარებლებს სრულად ახალი დიზაინის მქონე ელექტრომობილი წარუდგინა. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრომობილის ვიზუალი ბრენდის დიზაინის ახალ მიმართულებას წარმოადგენს.

Motor1.com

Aceman-ი პირველი ავტომობილია, რომელიც Mini-ს ელექეტრო-არქიტექტურაზე იქნება დაფუძნებული. კომპანიის წინა ელექტრომოდელი, Cooper SE მთლიანად შიდაწვის ძრავიანი მოდელის კონსტრუქციაზეა აგებული.

საინტერესოა, რომ ელექტრომობილი არა მხოლოდ გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში, არამედ ჩინეთშიც იწარმოება. ბრიტანული ავტომწარმოებელი ირწმუნება, რომ ელექტრომობილის კონცეპტ-ვერსია ავტომობილის საწარმოო ვერსიის 80%-ს ზუსტად ასახავს. ცნობისათვის, ავტომობილის წარმოების დაწყება 2024 წლისთვისაა დაგეგმილი.

ახალი Mini Acerman-ის ინტერიერი გადამუშავებადი მასალისგან იქნება დამზადებული. ავტომობილის შეძენა კი ორი კომპლექტაციით იქნება შესაძლებელი. 135 კილოვატის სიმძლავრის მქონე მოდელს ერთი სრული დამუხტვით 300 კილომეტრის გავლა შეეძლება, 160 კილოვატიან ვერსიას კი – 400 კილომეტრის.

რაც შეეხება თვითმართვად ტექნოლოგიას, კომპანიას ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი განუცხადებია. უცნობია ავტომობილის სავარაუდო ღირებულება და წამყვანი საბურავების შესახებ ინფორმაციაც.