საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირის ე.წ. „გაძლიერებული ზედამხედველობის“ სქემას 20 აგვისტოს დატოვებს. მინისტრის თქმით, სქემიდან გასვლა საბერძნეთს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს.
ათენმა მის მიერ დაპირებული ძირითადი ვალდებულებები და რეფორმები შეასრულა, რის შემდგომაც ევროკავშირმა 20 აგვისტოს, ქვეყნის „გაძლიერებული ზედამხედველობის“ სქემიდან გამოსვლა დაადასტურა. „თორმეტი წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი თავი იხურება“, განაცხადა საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა ქრისტოს სტაიკურასმა და დასძინა, რომ ქვეყანა ნორმალურ ევროპულ მდგომარეობას უბრუნდება და აღარ იქნება გამონაკლისი ევროზონაში.
„გაძლიერებული ზედამხედველობის“ სქემის ქვეშ, საბერძნეთის ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკის მონიტორინგი 2018 წლიდან ხორციელდება. კერძოდ მას შემდეგ, რაც 2010-2015 წლებში საბერძნეთმა ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 260 მილიარდ ევროზე მეტის საერთაშორისო დახმარება მიიღო. ცნობისთვის, საბერძნეთმა, ფინანსური კრიზისის შემდგომ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან აღებული ვალი, ვადაზე ორი წლით ადრე დაფარა.
სტაიკურასის განცხადებით, საბერძნეთის „გაძლიერებული ზედამხედველობის“ სქემიდან გამოსვლა ნიშნავს უფრო მეტ თავისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისთვის, რაც ქვეყანას უფრო დააახლოებს მის მიზანთან და „ინვესტიციის ხარისხის“ სტატუსს დაუბრუნებს. 2018 წლიდან საბერძნეთი, დაფინანსების საჭიროებისთვის მხოლოდ ბაზრებზე იყო დამოკიდებული.