მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი, საუდის არაბეთი, ამჯერად ელექტრომობილების ექსპორტისთვის ემზადება. საუდის არაბეთის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრის აბდულა ალ-სვაჰას განცხადებით, ქვეყანა 2026 წლისთვის 150,000-ზე მეტი ელექტრომობილის წარმოებასა და ექსპორტზე გატანას გეგმავს.
ელექტრომობილების ექსპორტი საუდის არაბეთის გეგმის, Vision 2030-ის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებასა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ქვეყნის ინვესტიციების მინისტრის, ხალიდ ალ-ფალიჰის ინფორმაციით, კალიფორნიაში დაფუძნებულმა Lucid Motors-მა, რომლის 61%-ს საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი (PIF) ფლობს, პირველი საზღვარგარეთული ობიექტის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. ობიექტი ავტომწარმოებლის სამი ქარხნიდან ერთ-ერთი იქნება.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთის მთავრობამ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ Lucid-ს, ათი წლის განმავლობაში მისაწოდებლად, 50,000-დან 100,000-მდე ელექტრომობილი შეუკვეთა.
„საუდის არაბეთისთვის 100,000 ელექტრომობილის მიწოდება უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში მდგრადი ტრანსპორტის დანერგვის დაჩქარებისთვის“, – განცხადა Lucid-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დასძინა, რომ ელექტრომობილების წარმოება 2025 წელს დაიწყება, 2026-2027 წლებში კი ყოველწლიურად 150,000 ავტომობილამდე გაიზრდება.
ცნობისთვის, Vision 2030-ის ფარგლებში, საუდის არაბეთი გეგმავს, ნავთობზე დამოკიდებულებისგან თავისუფალი მთლიანი შიდა პროდუქტი არსებული 16%-დან 50%-მდე გაზარდოს. გარდა ამისა, გეგმის შესაბამისად, ათწლეულის ბოლომდე საუდის არაბეთის დედაქალაქში ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების მინიმუმ 30% ელექტროენერგიაზე მომუშავე უნდა იყოს.