ილონ მასკი, Twitter-ის შესყიდვიდან ერთი კვირის თავზე, კომპანიის თანამშრომლების გათავისუფლებას იწყებს. როგორც სხვადასხვა წყაროდან ირკვევა, მილიარდერი სოციალური მედიასერვისის 7,500 თანამშრომლიდან ნახევარს დაითხოვს.
შეტყობინების ასლის თანახმად, რომელიც New York Times-მა იხილა, სამსახურიდან გათავისუფლებების დაწყების შესახებ Twitter-ის დასაქმებულებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობათ. ელფოსტაში, რომელიც ზოგადი მისამართიდან, Twitter-ის ხელმოწერით გაიგზავნა, თანამშრომლებს დაევალათ, პარასკევს სამსახურში არ გამოცხადებულიყვნენ, ვინაიდან კომპანიაში შემცირებები მიმდინარეობდა. შეტყობინებაში გათავისუფლებულთა ჯამური რაოდენობა დაკონკრეტებული არ იყო.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს გავლენას უამრავ პირზე მოახდენს, რომელთაც ღირებული წვლილი მიუძღვით კომპანიის განვითარებაში, თუმცა მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ქმედება, სამწუხაროდ, აუცილებელია Twitter-ის წინსვლის ხელშესაწყობად“, – წერია თანამშრომელთათვის მიწერილ ელექტრონულ ფოსტაში.
წინა კორპორაციული შეტყობინებისა და ინვესტორის თანახმად, Twitter-ის თანამშრომლების დაახლოებით ნახევარი სამუშაოს დაკარგავს, თუმცა გათავისუფლებულთა კონკრეტული რაოდენობის გარკვევას დრო დასჭირდება. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, ხუთშაბათს საღამოს მათ დაკარგეს წვდომა კომპანიის სისტემებზე, რაც შესაძლოა, მათი გათავისუფლების საწინდარი იყო.
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, Twitter-ი ზუსტად ერთი კვირის წინ, $44 მილიარდად შეისყიდა. პირველივე დღეს ილონ მასკმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სიგალი და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიჯაია გადი თანამდებობიდან გადააყენა.
დახურულ კარს მიღმა მენეჯმენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მასკმა დატვიტა, რომ „ჩიტი თავისუფალია”, რითაც ის იგულისხმა, რომ Twitter-ი მენეჯმენტის შემზღუდავი პოლიტიკისა და ცენზურისგან განთავისუფლდა, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.