როგორ ახასიათებს უინსტონ ჩერჩილს სიგარასთან დაკავშირებული ჩვევა?

როგორ ახასიათებს უინსტონ ჩერჩილს სიგარასთან დაკავშირებული ჩვევა?

უინსტონ ჩერჩილი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწე, გაერთიანებულ სამეფოში ცნობილი არამარტო პოლიტიკური ლიდერობით, თავისი ორატორული უნარებითაც იყო. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, ჩერჩილზე ყველას მისი საფირმო სიგარები ახსენდება, რომელთაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთგულად ეწეოდა. და მიუხედავად მისი ჩვევის ნეგატიური თანამდევი ეფექტებისა, ჩერჩილს სჯეროდა, რომ მოწევა მას პირადი და პოლიტიკური ცხოვრების საშინელ გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარებოდა.

ბრიტანეთის ერთ-ერთ ელიტარულ სკოლაში ჩაბარებისას, ჩერჩილის მშობლებს მისი სწავლის გარდა, თანაკლასელებთან ერთად სიგარეტის მოწევის დაწყებაც ანერვიულებდათ. მშობლები მალევე, მოწევისთვის თავის დანებებისა და სწავლაზე მეტი ყურადღების დათმობისთვის, პონისა და პისტოლეტის ყიდვასაც შეჰპირდნენ, რაზეც ახალგაზრდა ჩერჩილი მალევე დათანხმდა, თუმცა ადრეული ტაქტიკური უნარები აქვე გამოავლინა და დედამისი 1-წლიანი შესვენების მაგივრად ექვს თვეზე დაითანხმა, მაგრამ ტინეიჯერობაში საყვარელი ჩვევა ზრდასრულ ჩერჩილს სულაც აღარ მოსწონდა.

სახელის მოხვეჭის სურვილით, ჩერჩილი დიდების, გამოცდილებისა და ცნობადობის მოპოვებას ცდილობდა. 1895 წელს, სამეფო სამხედრო აკადემიის Sandhurst-ის დასრულების შემდეგ, ჩერჩილი თანამებრძოლთან ერთად კუბაში გაემგზავრა, რომელიც მაშინ ესპანეთისგან დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩერჩილმა სულ რამდენიმე თვე გაატარა კუბაში, სიგარაზე დამოკიდებული საკმაოდ მალევე გახდა და უპირატესობას ძირითადად ორ ბრენდს, Romeo y Julieta-სა და La Aroma de Cuba-ს ანიჭებდა.

მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩერჩილს თანამოაზრეები, მეგობრები და ჰავანაში მყოფი დილერები რეგულარულ ტვირთებს უგზავნიდნენ, შესაბამისად, ჩერჩილს საყვარელ კუბელებთან კავშირი კრიზისისა და ომის დროსაც კი ჰქონდა.

ჩერჩილი თავის დღეებს ჭიქა სკოჩითაც იწყებდა და მთელი დღეს მსგავსად აგრძელებდა, თუმცა შესამჩნევად ნასვამი საკმაოდ იშვიათად იყო. მართალია, მისი მოწევის ჩვევა გასაოცარი იყო, თუმცა მისი ორალური ფიქსაცია მიუთითებს, რომ სიგარებს არა მარტო ეწეოდა, არამედ ღეჭავდა კიდეც. ჩერჩილი სიგარებს სპეციალური სახის ქაღალდში ახვევდა, რომელსაც თავად „bellybando“-ს  (მოყავისფრო ქაღალდის ზოლი, ერთ ბოლოზე მცირე წებოთი) უწოდებდა.

ჩერჩილის სიგარები, ხანდახან უბრალოდ თავისითაც იწვოდა, რაც შესაძლოა, მის მიერ მიღებული თამბაქოს რაოდენობას შედარებით ამცირებდა. სიგარისგან კი ტანსაცმელი ხშირად უზიანდებოდა. მისმა მეუღლემ, ალკოჰოლისა და ფერფლისგან დასაცავად, წინსაფარიც შეუკერა – მისი ტანისამოსი კი რეგულარულ გადაკეთებას საჭიროებდა დაზიანების დასაფარად.

სასმლის, კარგი საჭმლისა და, რა თქმა უნდა, სიგარების გამო, ჩერჩილს ფინანსური კრიზისებიც ექმნებოდა. ჩერჩილის ზუსტი ხარჯის დადგენა შეუძლებელია, თუმცა, როგორც მისი ერთ-ერთი მსახური ამბობდა, მხოლოდ ორ ღამეში, ჩერჩილმა მსახურის ყოველკვირეული ხელფასის ეკვივალენტი ღირებულების სიგარა მოსწია. ჩერჩილმა სპეციალიზებული სათავსოც ააშენა თავისი კაბინეტის მიმდებარედ, ჩარტველში, მის სახლში ქალაქგარეთ, სადაც 3,000-4,000 სიგარას ინახავდა. თითოეული მათგანი ზუსტად იყო ორგანიზებული, კატეგორიზებული და ეტიკეტირებული. საყვარელი ვერცხლის საფერფლეც ჰქონდა, რომელსაც მოგზაურობისას, მისთვის შექმნილი ჩემოდნით დაატარებდა.

პოლიტიკური კარიერის ყველაზე რთულ პერიოდში ჩერჩილი მის საფირმო აქსესუარებთან, სიგარასა და ქუდთან, განსაკუთრებით ასოცირდებოდა. ჩერჩილი ე.წ. Tommy Gun-ით მულტფილმშიც გამოსახეს, სადაც მის ოპონენტებს თავს ესხმოდა. ბრიტანელმა პოლიტიკურმა კარიკატურისტმა კი მას, მსგავსი სათაურით, Hollywood-ური ფილმის გამოსვლის შემდგომ, „სიგარის სახეც“ (Cigarface) შეარქვა.

ათი წლის შემდეგ, ჩერჩილის ხელისუფლებაში უკვე პრემიერ-მინისტრად დაბრუნებისას, კომერციული ტიპის ნივთების სერიაზეც, მათ შორის კერამიკულ ფინჯნებზეც, რა თქმა უნდა, სიგარით ხელში გამოჩნდა. მას ჟანგბადის ნიღაბიც კი ჰქონდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სიმაღლეებზე ფრენისას მოწევის საშუალებას აძლევდა.

ბრიტანეთის პრემიერის გარდაცვალებიდან 50 წელზე მეტი გავიდა, მასა და სიგარებს შორის არსებული კავშირი კი კვლავ წარუშლელია. რამდენიმე კომპანია ბაზარზე ჩერჩილის ბრენდის სიგარებსა და აქსესუარებს აწარმოებს. საკმაოდ მოგებიანია ჩერჩილთან დაკავშირებული სამახსოვრო ნივთები, რასაც მოწმობს კიდეც $12,000, რომელიც კოლექციონერმა 2017 წელს ჩერჩილის სიგარის ნამწვში გადაიხადა, რომელსაც ბრიტანელი პოლიტიკოსი 1947 წელს პარიზის აეროპორტში ეწეოდა.

მიუხედავად გამორჩეულად მტკიცე ხელმძღვანელობისა, ჩერჩილს, მთელი ცხოვრების განმავლობაში, გაურკვევლობის პერიოდები ტანჯავდა, მათ შორის მძიმე დეპრესია, რომელსაც თავად „შავი ძაღლის“ განწყობას უწოდებდა. და რასაკვირველია, ჩერჩილს, სხვების მსგავსად სულაც არ სწამდა, რომ სასმელთან და მოწევასთან დაკავშირებული მისი ჩვევა მომაკვდინებელი იყო. პრემიერი 1932 წლის ესეების კრებულში, „ფიქრები და თავგადასავლები“, დედის მიერ მოწევის აკრძალვასაც იხსენებს და მის სურვილს, არ დაენებებინა თავი მოწევისთვის შემდეგნაირად ხსნის:

„როგორ შეიძლება ვთქვა, რომ თამბაქოს ნეგატიურმა ეფექტმა ჩემს ნერვულ სისტემაზე არ მომცა საშუალება, შემენარჩუნებინა სიმშვიდე და გაწონასწორებულობა არასახარბიელო პირადი ანდაც მოლაპარაკებებისთვის განკუთვნილი შეხვედრების დროს, ანდაც მოლოდინის კრიტიკული საათებისას არ შემანარჩუნებინა სიმშვიდე? როგორ შეიძლება ვთქვა, რომ ჩემი ხასიათი იქნებოდა ტკბილი, ანდაც ჩემ გვერდით ყოფნა იქნებოდა სასიამოვნო, თუ ქალღმერთ ნიკოტინს გავაძევებდი ჩემი ახალგაზრდობიდან?“

მთელი სიცოცხლის განმავლობაში შენარჩუნებული არაჯანსაღი ჩვევების მიუხედავად, ჩერჩილი 1965 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.