„ლოგისტიკის ინდექსში“ საქართველო მსოფლიოში 119-ე ადგილზეა. წინა წლებთან შედარებით საქართველოს პოზიცია 11 საფეხურით გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ცუდ შედეგს აჩვენებს.
ინდექსს მსოფლიოს ბანკი 2 წელში ერთხელ აქვეყნებს. მიმდინარე წლის რეიტინგის შესადგენად მსოფლიო ბანკმა 2012, 2014, 2016 და 2017 წლის მონაცემები გამოიყენა და საბოლოო სურათის შესაქმნელად თითოეული წლის მონაცემს პროცენტები მიანიჭა – 2012: 6.7 %, 2014: 13.3%, 2016: 26.7; 2017: 53.3%. 2012-2018 წლების საშუალო მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 124-ე ადგილზეა.
ინდექსი მსოფლიოს 167 ქვეყნის მონაცემს აერთიანებს.
2012 წლიდან საქართველოს პოზიცია რეიტინგში მუდმივად უარესდება, მაშინ ქვეყანას 77 ადგილი ეკავა.
ლოგისტიკის ინდექსი ქვეყნის მონაცემებს 6 კრიტერიუმით აანალიზებს და თითოელ მათგანს მაქსიმუმ 5 ქულას ანიჭებს. საქართველოს შედეგები 2018 წლის რეიტინგში შემდეგია:
- საშუალო ქულა – 2.44
- საბაჟო სისტემა – 2.42 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 0.16 ქულით)
- ინფრასტრუქტურა – 2.38 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 0.21 ქულით)
- საერთაშორისო გადაზიდვები – 2.38 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 0.3 ქულით)
- ლოგისტიკური კონკურენტუნარიანობა – 2.26 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 0.18 ქულით)
- გზებისა და ტვირთების მეთვალყურეობა – 2.26 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუარესდა 0.18 ქულით)
- სერვისების ვადები – 2.95 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 0.15 ქულით).
სამეზობლოდან საქართველო ყველაზე ცუდ პოზიციაზეა. საქართველოს უსწრებს სომხეთი – 92-ე ადგილი, რუსეთი – 75-ე ადგილი და თურქეთი – 47-ე ადგილი. (აზერბაიჯანის მონაცემს მსოფლიო ბანკი არ ითვლის). საქართველოს უსწრებს თურქმენეთს, რომელიც 126-ე ადგილზეა, თუმცა ჩამორჩება ყაზახეთს, რომელიც 71 ადგილზეა.
ჯამში, ინდექსი ითვლის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია საქართველო სატრანსპორტო დერეფანში. 2016 წელს მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ინდექსში 130-ე ადგილი დაიკავა, მთავრობის წარმომადგენლებმა მსოფლიო ბანკთან შეხვედრებიც გამართეს, რათა მომდევნო წლებში ქვეყნის პოზიციები გაუმჯობესებულიყო.