Shell-ის მოგებამ უკანასკნელი 115 წლის მაქსიმუმს მიაღწია

Shell-ის მოგებამ უკანასკნელი 115 წლის მაქსიმუმს მიაღწია

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ენერგიის ფასები მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც, ნავთობისა და ბუნებრივი აირის გიგანტ Shell-ის მოგებამ 2022 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბრიტანული კომპანიის მოგება 2021 წელთან შედარებით გაორმაგდა და უკანასკნელი 115 წლის მაქსიმუმი, $39.9 მილიარდი შეადგინა.

გასულ წელს Shell-ის მიერ დაფიქსირებული მოგება ორჯერ აღემატება 2021 წლის $19.3 მილიარდს და მათ შორის კომპანიის წინა რეკორდსაც, რომელმაც 2008 წელს $31 მილიარდი შეადგინა. Shell-ის აღმასრულებელი დირექტორის უოლ სავანის განცხადებით, „შედეგები Shell-ის დიფერენცირებული პორტფელის სიძლიერეს უსვამს ხაზს“ და კომპანიის უნარს, „არასტაბილურ სამყაროში“ შეძლოს ენერგიის მიწოდების გაგრძელება.

თუმცა, ენერგიის მზარდი ფასების ფონზე, Shell-ი სულაც არაა ერთადერთი ენერგოგიგანტი, რომლის შემოსავლებმაც გასულ წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მათ შორისაა ამერიკული ExxonMobil-ი, რომლის შემოსავალმაც 2022 წელს თითქმის $56 მილიარდს მიაღწია, რაც რეკორდია როგორც მისთვის, ასევე სხვა ნებისმიერი ამერიკული თუ ევროპული ნავთობკომპანიისთვის. 2021 წელთან შედარებით გაორმაგებული და მისთვის რეკორდული, $36.5 მილიარდის მოგება დააფიქსირა ამერიკულმა Chevron-მაც.

თუმცა იმავე მზარდმა ფასებმა მძიმედ დააზარალა მომხმარებლები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. ივნისში, გაზის ფასი ყველა დროის მაქსიმუმამდე გაიზარდა, რასაც სახლებისთვის ენერგიისა და გათბობის გადასახადების სპირალური ზრდა და სურსათზე ფასების მატებაც მოჰყვა.