დასაქმების უმაღლესი განათლება — გარეტ ლორდი

დასაქმების უმაღლესი განათლება — გარეტ ლორდი

რთულია სამსახურის შოვნა კოლეჯის დამთავრებისთანავე. ორმაგად რთულია ამის გაკეთება მაშინ, როდესაც ნაკლებად ცნობილ კოლეჯში სწავლობდი ან გავლენიანი მშობლები არ გყავს.

გარეტ ლორდმა Handshake-ი სხვების დასახმარებლად შექმნა. ეს არის LinkedIn-ი კოლეჯის სტუდენტებისთვის, რომელმაც 400 მილიონ დოლარზე მეტის მოზიდვა და 1400-ზე მეტ უნივერსიტეტთან (და მათ 12 მილიონ სტუდენტთან) პარტნიორობის დამყარება შეძლო. თუმცა შეძლებს კი ეს კომპანია თავის გადარჩენას იმ შემთხვევაში, თუკი ფირმები თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლებას დაიწყებენ, მათი დაქირავების ნაცვლად?

22 წლის ასაკში გარეტ ლორდმა თითქმის შეუძლებელი შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ლორდს არ უვლია სტენფორდის ან MIT-ის მსგავს ელიტურ ინსტიტუციაში და არ ჰყოლია მდიდარი და გავლენიანი მშობლები, მან შეძლო ზარით (უფრო სწორედ, იმეილით) Palantir-ში საზაფხულო სტაჟირების მოპოვება. ამ პერიოდში ეს იყო სილიკონის ველზე მონაცემების მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტარტაპი.

ლორდი სწავლობდა კომპიუტერულ მეცნიერებას მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (შემოკლებით, მიჩიგან-ტექში), რომელიც მიჩიგანის შტატის ზედა ნახევარკუნძულის მომცრო ქალაქში, ჰოუტანში მდებარეობს. მისთვის CIA-ის მხარდაჭერილ კომპანიაში მოხვედრა წარმოადგენდა ბილეთს ბიზნესის მაღალ ეშელონებში მოსახვედრად. მას წინ აუცილებლად ელოდა ვენჩურული კაპიტალით მხარდაჭერილ კომპიუტერული პროგრამების მწარმოებელ უნიკორნებში მუშაობა, მსუყე ხელფასითა და აქციების წილში ჩაჯდომის პერსპექტივით.

2012 წლის მაისში, Palantir-ის ვაშინგტონის ოფისში ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 185 სანტიმეტრი სიმაღლის მიდვესტერნელი (სოციოკულტურული რეგიონი აშშ-ში – მთარგმნელის შენიშვნა) საკუთარი თავის მიმართ ეჭვებმა მოიცვა. ლორდის გარდა, ყველა სხვა თხუთმეტი სტაჟიორი თითქოს სხვა სამყაროდან იყო გადმოსული. ისინი ყველანი ელიტურ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ და დროის დიდ ნაწილს თავიანთ მაღალტექნოლოგიურ კვლევით პროექტებსა და ევროპულ არდადეგებებზე საუბარს უთმობდნენ. ლორდი მხოლოდ ერთხელ იყო აშშ-ის გარეთ ნამყოფი – ისიც ადრეულ ტინეიჯერობაში, როდესაც ჰოკეის შეჯიბრისთვის მეზობელ კანადაში წაიყვანეს.

„მახსოვს, მამაჩემს დავურეკე. მათ მითხრა: ‘შენ შეიძლება მათზე ჭკვიანი არ ხარ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებ და მათზე მეტს იმუშავებ’“, – იხსენებს ლორდი, რომელიც ახლა 33 წლისაა. იმის ნაცვლად, რომ უკან დაეხია, მან გადაწყვიტა, ყველაფერი გაეკეთებინა და ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ „ამ ბავშვებთან ერთად ყოფნას“ იმსახურებდა. ლორდმა მართლაც მიაღწია თავისას. მან კომპანიის ყოველწლიურ ჰაკატონში გაიმარჯვა და Palantir-ის ბოსების პატივისცემა დაიმსახურა. ის იხსენებს, რომ ბოსები შოკირებულები იყვნენ იმით, რომ ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდა ნაკლებად ცნობილ კოლეჯში სწავლობდა. მათ ლორდს შესთავაზეს, მიჩიგანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებისთვისაც გაეწია რეკომენდაცია და თითოეული რეკომენდაციის სანაცვლოდ 5000 დოლარს დაჰპირდნენ.

ლორდს გონება სწორედ ამ მომენტში „გაუნათდა“. რა მოხდებოდა, თუკი ის შექმნიდა ისეთ პროგრამას, რომელიც „თავებზე მონადირე“ კომპანიებს დააკავშირებდა ისეთ სტუდენტებთან, რომლებიც აშშ-ის მასშტაბით დაბალი ცნობადობის კოლეჯებში (მაგალითად, ისეთში, როგორიც მიჩიგანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტია) სწავლობდნენ? „ნიჭიერი სტუდენტები ყველგან არიან. შენმა საცხოვრებელმა ადგილმა არ უნდა განსაზღვროს ის, თუ როგორი კარიერა გექნება. მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩვენ ვერ გვამჩნევდნენ“, – ამბობს ლორდი.

მას შემდეგ, რაც შემოდგომაზე კამპუსში დაბრუნდა, ლორდი კომპიუტერული მეცნიერების ორ სხვა სტუდენტთან – ბენ კრისტენსენსა და სკოტ რინგველსკისთან ერთად, საქმეს შეუდგა. ბაკალავრიატის სამმა სტუდენტმა ჩაიფიქრა ადვილად გამოსაყენებელი, პირველ რიგში, მობილურისთვის განკუთვნილი ქსელური პლატფორმის შექმნა, რომელიც სტუდენტებს, უნივერსიტეტებსა და დამსაქმებლებს ვირტუალურად დააკავშირებდა ერთმანეთთან. ორი წლის შემდეგ, 2014 წელს, მათ შექმნეს Handshake-ი, რომელიც 2017 წელს Forbes-ის „30 Under 30“-ის სიაში მოხვდა.

დღეს აშშ-ში მდებარე 1400 კოლეჯისა და უნივერსიტეტის 12 მილიონი სტუდენტი (ბევრ მათგანს მცირე ან არანაირი სამუშაო გამოცდილება არა აქვს) იყენებს ამ პლატფორმას 750 000 კომპანიის ვაკანსიების მოსაძებნად. მათ შეუძლიათ, მისწერონ რეკრუტერებსა და კურსდამთავრებულებს, დაესწრონ ვირტუალურ გამოფენებს კარიერული წინსვლის შესახებ და მონაწილეობა მიიღონ ვიდეოინტერვიუებში. თავად სტუდენტები ამ ყველაფერში ერთ ცენტსაც არ იხდიან. თუმცა მათი სასწავლებლები Handshake-ს წელიწადში 8000 დოლარს ურიცხავენ. ის 1100 კომპანია, რომლებიც პლატფორმის პრემიუმ-ვერსიით სარგებლობს, უფრო მეტსაც იხდის – წელიწადში 15 000 დოლარიდან რამდენიმე მილიონ დოლარამდე. პრემიუმ-ანგარიშით მათ შეუძლიათ, კანდიდატებს გაუგზავნოთ განცხადებები ვაკანსიების შესახებ მათი ადგილმდებარეობის, გენდერის, უმცირესობის სტატუსის, ფაკულტეტის, აკადემიური მოსწრების, სპეციფიკური უნარების (მაგალითად, JavaScript-ის ან Python-ის ცოდნის) ან უნივერსიტეტების მიხედვით (მაგალითად, შესაძლებელია, მისწვდნენ ისტორიულად შავკანიანების კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს). თავის მხრივ, დამსაქმებლებს შეუძლიათ, ზემოჩამოთვლილი პარამეტრები, რასისა და გენდერის გამოკლებით, გამოიყენონ ინდივიდუალური კანდიდატების საპოვნელად.

Handshake-ის ზრდას დიდად შეუწყო ხელი შემჭიდროებულმა სამუშაო ბაზარმა და პანდემიის პერიოდში ვირტუალურ რეკრუტირებასა და დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ. იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც „ჰენდშეიკს აკეთებენ“ (კოლეჯის კამპუსებში ეს უკვე გამოთქმად იქცა), 2017 წლიდან დღემდე 600 %-ით გაიზარდა. 2017 წელს მისით მხოლოდ 1.6 მილიონი სტუდენტი სარგებლობდა. ლორდის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი 2022 წელს 120 მილიონ დოლარს მიაღწევს. გასულ წელს შემოსავალი 75 მილიონი დოლარი იყო, ხუთი წლის წინ კი – 3 მილიონი დოლარი. Handshake-მა, რომელიც ჯერ მოგებაზე არ გასულა, იანვარში 200 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიძია ისეთი ინვესტორებისგან, როგორიცაა Lightspeed-ი, Kleiner Perkins-ი და Coatue Management-ი. დაფინანსების ამ რაუნდის შემდეგ კომპანიის მთლიანმა ფინანსებმა 430 მილიონ დოლარს გადააჭარბა და მისი ღირებულება 3.5 მილიარდამდე გაიზარდა. Forbes-ის შეფასებით, ლორდი და მისი თანადამფუძნებლები, რომლებიც ჯერ კიდევ აკონტროლებენ Handshake-ის აქციების 15%-ს, გასულ ზამთარს, ტექნოლოგიური ბაზრის პიკში, 525 მილიონი დოლარის ქონებას ფლობდნენ.

თუმცა პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: როგორც უნივერსიტეტებისა და ვაკანსიების ვებსაიტების უმრავლესობას, ისე ამ კომპანიასაც არა აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენი სტუდენტი პოულობს სამსახურს მისი მეშვეობით. მას შემდეგ, რაც სტუდენტები უკავშირდებიან რეკრუტერებს, ისინი გადიან ვებსაიტს მიღმა პროცესის გასაგრძელებლად. სტუდენტებისა და დამსაქმებლების უმეტესობა Handshake-ს აღარ ატყობინებს იმის შესახებ, თუ რამდენად წარმატებით დასაქმდნენ. ლორდს ამ საკითხზე მაქსიმუმ შემდეგი რამის თქმა შეუძლია: „ჩვენს სერვისზე უარი უნივერსიტეტების 1%-ზე ნაკლებმა თქვა, იმიტომ რომ მათ იციან, რომ ჩვენი მეშვეობით შეუძლიათ დამსაქმებლებსა და სტუდენტებზე უფრო ეფექტიანად მოახდინონ გავლენა“.

Handshake-ი ასევე გამალებულ კონკურენციაშია ჩაბმული ვაკანსიების ძებნის ისეთ გიგანტებთან, როგორიც LinkedIn-ი, Indeed-ი და ZipRecruiter-ია. ეს კონკურენციის მხოლოდ ის მხარეა, რომელიც სამსახურების მაძიებლებს ეხება. ამის პარალელურად, სხვა მსგავსი სტარტაპები, მათ შორის სან-ფრანცისკოში ბაზირებული Symplicity, კოლეჯის კარიერულ ცენტრებთან დაკავშირებას ცდილობენ. ლორდი ფიქრობს, რომ ის კონკურენციისგან დაცულია, ვინაიდან მან მოახერხა კომპანიის გარშემო დამცავი ნაგებობის აშენება დაინტერესებული მხარეების ერთმანეთთან უფრო იაფი და ინტუიციური გზით დასაკავშირებლად. შეიძლება ეს ასეც იყოს, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ LindedIn-ის მშობელ კომპანიას, Microsoft-ს (რომელიც ახლა 1.8 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული) ადვილად შეუძლია ამ დამცავი ნაგებობის შეძენა.

Handshake-ის ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც დასუსტებულ ეკონომიკას უკავშირდება. განსაკუთრებით სუსტდება ტექნოლოგიების შრომის ბაზარი. ილონ მასკმა ახლახან „ტვიტერის“ ათასობით ინჟინერი სამსახურიდან გაათავისუფლა. სხვა წამყვანი კომპანიები – მათ შორის, Meta, Amazon-ი და Cisco, ამცირებენ თავიანთ სამუშაო ძალას ან, როგორც ამას Googleის მშობელი კომპანია Alphebet-ი შვრება, ანელებენ ახალი თანამშრომლების აყვანას.

ლორდი ამბობს, რომ მას არ ეშინია. იგი ამტკიცებს, რომ დამსაქმებლებს ჯერ კიდევ სურთ ახალგაზრდა ტალანტების სახით ისეთი სამუშაო ძალის მოზიდვა, რომელიც უფრო იაფი და ტექნიკურად გაწაფულია. ამას გარდა, Handshake-ი არ არის მიმართული ერთ რომელიმე კონკრეტულ ინდუსტრიაზე. დიდი ტექნოლოგიების სექტორი დასუსტდა? მაშინ ვაკანსიების მაძიებლებს ნავთობის ან გაზის კომპანიებში მუშაობაზე ფიქრი შეუძლიათ. „კოვიდის პირველი ტალღის შემდეგ, როდესაც კომპანიები ძალიან შეშინებულები იყვნენ, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ქვეყანაში ტექნიკურ ტალანტზე ჯერ კიდევ დიდი მოთხოვნაა. ვფიქრობ, ეს ჩვენს ბიზნესს ამჟამად უსაფრთხო პოზიციაში ამყოფებს“, – ამბობს ლორდი. ის მაშინვე ხაზს უსვამს იმას, რომ Handshake-ის ბანკში ჯერ კიდევ 200 მილიონზე მეტი დოლარის ვენჩურული დაფინანსება მოიპოვება, რომელიც კომპანიას შესაძლო რეცესიის გადალახვაში დაეხმარება.

ლორდი გაიზარდა მიჩიგანის შტატის ქალაქ ბლუმფილდ- -ჰილზში, სადაც მან დროის უმეტესი ნაწილი თავის დიდ ოჯახთან (მათ შორის, დასთან და რვა ბიძაშვილთან) ერთად ცხოვრებაში გაატარა. მამამისი მშენებლობის სფეროში იყო ჩართული; დედამისი ადმინისტრაციული ასისტენტი გახლდათ. იმის მიუხედავად, რომ მას კარგად გამოსდიოდა თხილამურებით სრიალი და სხვა სპორტული აქტივობები, ლორდი თავს მაინც კომპიუტერების მოყვარულ „ნერდად“ თვლიდა. ტინეიჯერობაში ის იმედოვნებდა, რომ ერთ დღესაც კომპიუტერების შესაკეთებელი მაღაზია ექნებოდა ან, ბიძამისის წარმატებული მეგობრის მსგავსად, მთავარი საინფორმაციო მენეჯერი (CIO) გახდებოდა.

ლორდს კოლეჯის ფული თავად უნდა გადაეხადა. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ორი წელი სახლში იჯდა და შემდეგ ნახევარ განაკვეთზე სწავლობდა უოკლენდის საზოგადოებრივ კოლეჯში. ამავდროულად, ის კომპიუტერების შემკეთებლად მუშაობდა და ადგილობრივ დიასახლისებს უხსნიდა, თუ როგორ დაეყენებინათ iMovie-ი. 2010 წელს ის მიჩიგანის ტექში ჩაირიცხა, სადაც უფროსკურსელებს დაუმეგობრდა. ლორდმა ამ პერიოდში კომპიუტერების ნახმარი ნაწილების მოგროვება დაიწყო. მისი ახალი მეგობარი იმდენად მოიხიბლა ლორდის ტექნიკური უნარებით, რომ მას კომპიუტერული მეცნიერების სფეროში სტიპენდიის მოპოვებაში დაეხმარა. ლორდმა ამ სტიპენდიის წყალობით ზაფხული ნიუ-მექსიკოს შტატის ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში გაატარა.

გაუმჯობესებული რეზიუმეს და მისთვის დამახასიათებელი შემართების წყალობით, 2012 წელს ლორდი Palantirში მოხვდა. აქ კი ერთმა საბედისწერო ევრიკამ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. „მე არ მყავდა გავლენიანი ნაცნობები. კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია, ვის იცნობ, რა იცი, შენი ოჯახის სოციოეკონომიკური სტატუსი რა არის“, – ამბობს ლორდი.

Handshake-ის შექმნა რთული არ იყო, მაგრამ მისი გაყიდვა ადვილი არ გამოდგა. ლორდმა უარი თქვა Palantir-ში მუშაობაზე და მიატოვა კოლეჯი მაშინ, როდესაც დიპლომის აღებამდე რამდენიმე საგნის ჩაბარებაღა ჰქონდა დარჩენილი. თანადამფუძნებლების ტრიომ 2013 წელს სამი თვე გაატარა Ford Focus-ში, რომლითაც თავიანთი აპლიკაციის გასასაღებლად კოლეჯიდან კოლეჯში დადიოდნენ. ისინი „მაკდონალდსის“ პარკირების ზონებში ათენებდნენ და უნივერსიტეტების აუზებზე იღებდნენ შხაპს. „პრინსტონში კამპუსის პოლიციამ ლამის დაგვიჭირა… მადლობას ვუხდი დაცვის წევრს, რომელმაც შეძლო, სხვა მიმართულებით გაეხედა, მაშინ როდესაც ჩვენ ჩვენი პროგრამის გასაყიდად უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრში შევედით“, – იხსენებს ლორდი. საბოლოოდ მათ მოახერხეს მიჩიგანისა და ინდიანის შტატების ხუთი კოლეჯის პროგრამაში ჩართვა მცირე წლიური სააბონენტო გადასახადის სანაცვლოდ. ეს იყო ტომას აკვინელის კოლეჯი, აღმოსავლეთ მიჩიგანის უნივერსიტეტი, ჰილსაიდის კოლეჯი, ვალპარაისოს უნივერსიტეტი და ვაბაშის კოლეჯი. დამსაქმებლების მოზიდვა უფრო ადვილი აღმოჩნდა, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც Handshake-ი მათ აპლიკაციას უფასოდ სთავაზობდა. კომპანიის მესვეურები ვარაუდობდნენ, რომ მომავალში შედარებით იოლი იქნებოდა დამსაქმებლებისთვის ფასიანი პრემიუმ-ვერსიის მიყიდვა. ერთ-ერთი პირველი კომპანიები, რომლებმაც Handshake-ი მოსინჯეს, იყო Procter & Gamble-ი, IBM-ი, Box-ი and Mastercard-ი.

2017 წლისთვის თანადამფუძნებლებმა ინვესტორებისგან 30 მილიონი დოლარი მოიზიდეს და თავიანთი კომპანია კალიფორნიის შტატის ქალაქ პალო-ალტოში მდებარე, შვიდსაძინებლიან სახლში გადაიტანეს. აქ უკვე კომპანიის დაახლოებით ოც თანამშრომელს შეეძლო დარჩენა და დღისა და ღამის განმავლობაში მუშაობა. გასულ წელს Handshake-ს 3 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი დაუფიქსირდა.

ამ წერტილიდან გაყიდვებმა სწრაფად იმატა. თანდათანობით არსებულმა მომხმარებლებმა მეტის ხარჯვა დაიწყეს. ოპერაციების მთავარი ოფიცრის ჯონათან სტულის მიხედვით, აპლიკაციის მომხმარებელი კომპანიების დაახლოებით 30% ყოველწლიურად დამატებით ფასიან სერვისებს იწერს. მაგალითად, დაავადებების კონტროლის ფედერალური ცენტრები დათანხმდნენ იმას, რომ Handshake-ისთვის გადაეხადათ უფრო მეტი იმისთვის, რომ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის გარდა სხვა თანამშრომლებსაც ჰქონოდათ ტალანტების მოსაზიდად აპლიკაციაზე წვდომა.

უნივერსიტეტების მოზიდვაც წარმატებით განხორციელდა. 2015 წელს მაიამის უნივერსიტეტი Simplicity-დან Handshakeზე გადავიდა, რითაც თავისი ხარჯები ორი მესამედით შეამცირა (წელიწადში 10 000 დოლარიდან 30 000 დოლარამდე ან მეტად).

„[Symplicity] იყო მოუხეშავი სისტემა. სტუდენტებს ის არ მოსწონდათ. ისინი ფრუსტრირებული იყვნენ იმით, თუ რამდენად რთული იყო მისი გამოყენება. [Handshake-ი] სტუდენტებზეა მორგებული, იმის ნაცვლად, რომ ჩვენთვის, ჩრდილში მდგარი მენეჯერებისთვის იყოს სუპერმოსახერხებელი“, – ამბობს კრისტიან გარსია, მაიამის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

როჩესტერის უნივერსიტეტის ჯო ტესტანი Handshake-ის კონკურენტის, GradLeaders-ის (ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში ბაზირებული პატარა კომპანია, რომელსაც ადრე CSO Research-ი ერქვა) მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო, როდესაც ზედმიწევნით შემართულმა ლორდმა ის თავისი აპლიკაციის უპირატესობაში დაარწმუნა.

„[Handshake-ი] უფრო იაფი იყო, ვიდრე სხვა პლატფორმა, რომელზეც უნივერსიტეტი იყო დარეგისტრირებული. ხარჯებს ვამცირებდით. მე საზოგადოებრივ კოლეჯში და საჯარო უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ამ ფაქტმა ჩემზე, როგორც პირველი თაობის სტუდენტზე, იმოქმედა“, – ამბობს ტესტანი.

პანდემია Handshake-ისთვის პირველი სერიოზული ტესტი და ამავდროულად, ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობის ფანჯარა აღმოჩნდა. 2020 წლის გაზაფხულზე, რამდენიმე კვირაში, 20-დან 26 წლამდე ასაკის კოლეჯის კურსდამთავრებულებს შორის უმუშევრობის დონე 4.2 %-დან 20.4 %-მდე გაიზარდა (პიკი ივნისში იყო). „ჩვენ პროდუქტის მთელი გეგმა ფანჯრიდან გადავაგდეთ და ვირტუალური იარაღების შექმნაზე მოვახდინეთ მობილიზება. ჩვენ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ იმ წელს კურსდამთავრებულები თამაშგარე მდგომარეობაში არ დაგვეტოვებინა“, – ამბობს ლორდი.

კომპანიამ სწრაფად გაუშვა ახალი პროდუქტი, რომელიც კოლეჯებს საშუალებას აძლევდა, კარიერული განვითარების ვირტუალური გამოფენები ჩაეტარებინათ. დამსაქმებლებს შეეძლოთ Handshake-ის პროგრამა გამოეყენებინათ სტუდენტებთან 30-წუთიანი ჯგუფური შეხვედრების ან 10-წუთიანი ინდივიდუალური შეხვედრების დასაგეგმად. 2021 წელს Handshake-ის გამოყენებით დაახლოებით 6000-მდე კარიერული განვითარების გამოფენა გაიმართა. მათი სამი მეოთხედი ვირტუალურად ჩატარდა. Covid-19-მა ყველაფერი დააჩქარა: 2019 წელს Handshake-ზე 954 უნივერსიტეტი დარეგისტრირდა. 2021 წლის ბოლოსთვის ამ რიცხვმა 1399-ს მიაღწია.

დამწყებების ოფისი — (მარცხნიდან) თანადამფუძნებლები ბენ კრისტენსენი, სკოტ რინგველსკი და გარეტ ლორდი 2014 წელს თავიანთ ბინაში, რომელიც მიჩიგანის შტატის ქალაქ ჰოუტონში თვეში 700 დოლარად იქირავეს და Handshake-ის პირველ სათავო ოფისად აქციეს.

Handshake-ით სარგებლობს 107-დან 66 ისტორიულად შავკანიანთა კოლეჯი და უნივერსიტეტი, ასევე 280 ისეთი უნივერსიტეტი, რომლებიც სხვა ნაკლებად პრივილეგირებულ ჯგუფებს ემსახურება. კომპანია ასევე ამტკიცებს, რომ ის ეხმარება დამსაქმებლებს, დაიქირაონ მრავალფეროვანი ჯგუფები, #MeToo-სა და ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დასახული მიზნების მისაღწევად. Handshake-ის დაახლოებით 12 მილიონი მომხმარებლიდან 13 % იდენტიფიცირდება, როგორც შავკანიანი, 12 % – „ლათინო“, 15 % – აზიელი და 59 % – მდედრობითი სქესის.

„Handshake-ი ბევრ ინფორმაციას გაწოდებს იმის შესახებ, თუ სად შეიძლება იპოვო ტალანტები და ამის გამო ის გეხმარება [მრავალფეროვნების შესახებ] დისკუსიების წარმართვასა და მენეჯერების დაქირავებაში“, – ამბობს რენე დევისი, რომელიც მართავს კოლეჯის რეკრუტირების მიმართულებას ენების სასწავლო აპლიკაცია Duolingo-სთვის.

სულ მცირე ერთი ადამიანი თვლის, რომ Handshake-ი შეიძლება ყველაფერს აუარესებდეს. „ის ვაკანსიები, რომლებსაც ახლა პოსტავენ, ინტერნეტში უკვე მოიპოვება. ასე რომ, Handshake-ი, უბრალოდ, გვთავაზობს პლატფორმას, რომელიც დამენეჯერებულია და ამის შედეგად, ვაკანსიებს უფრო კონკურენტულს ხდის სტუდენტებისთვის. შესამისად, ის ახალისებს ისეთი ფაქტორების მნიშვნელობას, როგორიცაა წარმომავლობა და დიპლომების პრესტიჟი“, – ამბობს რაიან კრეიგი, კერძო საინვესტიციო ფონდ Achieve Partners-ის მოქმედი დირექტორი. ამ ფირმამ ტექნოლოგიებზე ფოკუსირებული სტაჟირებების სტარტაპ Multiverse-სა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების პლატფორმა Riipen-ში გააკეთა ინვესტიციები.

Handshake-ი ეკონომიკური რეცესიების მიმართ იმუნური არ არის, თუმცა ის ფაქტი, რომ საყოველთაოდაა გავრცელებული, მას ეკონომიკური ქარებისგან იცავს. „მათ ბაზარი რაღაც დოზით დაიპყრეს“, – ამბობს მიშელ მილიტანტე, ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი Pepsico-ში, Handshake-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლიენტში.

ლორდს ახლა თვალი უცხოურ ბაზრებზე უჭირავს. აპრილში Handshake-მა პირველად გააკეთა არაამერიკული შენაძენი. მათ 10 მილიონი დოლარი გადაიხადეს Talentspaceისთვის, გერმანული ვირტუალური რეკრუტირების კომპანიისთვის. ამერიკაში Handshake-ი ავითარებს ხელოვნურ ინტელექტს (AI) მარკეტირებადი კურსებისა და უნარების მომხმარებლებისთვის შესათავაზებლად. ის ამისთვის იყენებს წამყვანი დამსაქმებლების მიერ ჩატარებული ძიების მონაცემებს. მაგალითად, თუ სტუდენტს კომპიუტერული პროგრამების განვითარების სფეროში სურს სამსახურის შოვნა და არა აქვს შესაბამისი უნარები მაღალანაზღაურებადი პოზიციების დასაკავებლად, Handshake-ს თეორიულად შეუძლია გაუგზავნოს მას შეტყობინება მის უნივერსიტეტში არსებული რელევანტური კურსების ან კამპუსს გარეთ არსებული კოდირების boot camp-ების შესახებ. შედეგად, სტუდენტი დასაქმების შანსებს გაიზრდის.

დაე, LinkedIn-მა და სხვებმა გააკეთონ ფოკუსი თქვენს წარსულზე, თვლის ლორდი. როგორც მისი ბევრი სტუდენტი მომხმარებელი, Handshake-იც კონცენტრირდება მომავალზე. ლორდი ნიუ-იორკსა და „United Airways-ის აეროპორტის ლაუნჯებში“ ცხოვრობს. ის სან-ფრანცისკოში მდებარე, Handshake-ის ლოფტის მსგავს სათავო ოფისში, საკონფერენციო ოთახის სავარძლის ზურგზეა მიყრდნობილი და თავისი კომპანიის ისტორიას გვიყვება. Handshake-ი იქცა „ძალიან არაქულ, არაპოპულარული“ პლატფორმიდან კამპსუსის „დიდ კაცად“. „ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ასეთი მაგარი შესაძლებლობა გვქვს იმისთვის, რომ სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს მივცეთ მაგიური გამოცდილება. ჩვენ საკმარისი კაპიტალი გვაქვს ამის გასაკეთებლად“, – ამბობს ლორდი.

ფოტო: მაიკლ პრინსი Forbes-ისთვის