L'Oreal-ის მემკვიდრე

L'Oreal-ის მემკვიდრე

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალბატონი ლილიან ბეტანკური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ქონება Forbes-ს $44 მილიარდად აქვს შეფასებული. ფრანგული კოსმეტიკური გიგანტის L’Oreal-ის თანადამფუძნებელი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეთოთხმეტე ადგილს იკავებდა. ბეტანკური, საუკუნის წინ მამის მიერ დაარსებული კომპანიის 33%-ს ფლობდა.

ლილან ბეტანკური Forbes მილიარდერთა სიაში პირველად 1987 წელს მოხვდა, – მაშინ მისი ქონება $1 მილიარდს შეადგენდა. მისი მმართველობის პერიოდში L’Oreal გლობალურ კოსმეტიკურ გიგანტად იქცა, რომლის თანამშრომელი დღეს 89,300 ადამიანია. კომპანიის გაყიდვებმა გასულ წელს $28.58 მილიარდი შეადგინა, მის პორტფელში დღეს 34 ბრენდი შედის, მათ შორის Kiehl’s, IT და Maybelline.

ლილიან ბეტანკური კომპანიის მთავარი აქციონერი, პარფიუმერი მამის გარდაცვალების შემდეგ, 1957 წელს გახდა. 1974 წელს მან საკუთარი აქციების თითქმის ნახევარი კომპანია Nestle-ს 3%-ში გაცვალა.

2017 წელს L’Oreal-ის კაპიტალიზაცია Forbes-მა $107,5 მილიარდად შეაფასა, რამაც მას პლანეტის უმსხვილესი 2000 კომპანიის სიაში 198 ადგილი არგუნა.

ბეტანკური პრესასთან ურთიერთობას გაურბოდა, თუმცა იმის გამო, რომ მამამისის შთამომავლები ხშირად „ებრძოდნენ“ ერთმანეთს მემკვიდროებისთვის, ოჯახი არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში. 2011 წელს, რამდენიმეწლიანი სასამართლო დავისა და სკანდალების შემდეგ, ლილიანის ქონების მეურვედ მისი ქალიშვილი დაინიშნა.

ბეტანკური „ბეტანკურ-შულერის საქველმოქმედო ფონდის” დამაარსებელია, რომელიც სამედიცინო კვლევებს, საგანმანათლებლო პროგრამებს და სოციალურ-კულტურულ პროექტებს აფინანსებს. ფონდის ბიუჯეტი $70 მილიონს აღემატება.