მსოფლიოს უდიდესი კომპანიების 2023 წლის რეიტინგი - Forbes Global 2000

მსოფლიოს უდიდესი კომპანიების 2023 წლის რეიტინგი - Forbes Global 2000

ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის მსოფლიოს უდიდესი ორი ათასი კომპანიის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. ყოველწლიურ რეიტინგში შემავალი კომპანიები ოთხ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით ფასდება: შემოსავალი, მოგება, აქტივების რაოდენობა და საბაზრო კაპიტალიზაცია.

მიმდინარე წლის სიაში შესული კომპანიების კოლექტიურმა შემოსავალმა $50.8 ტრილიონი, მოგებამ $.4.4 ტრილიონი, აქტივების მოცულობამ $231 ტრილიონი, ხოლო საბაზრო ღირებულებამ $74 ტრილიონი შეადგინა. რეიტინგს 611 წარმომადგენლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელსაც მეორე ადგილზე, Global 2000-ის 346 კომპანიით ჩინეთი მოჰყვება.

2011 წლის შემდეგ პირველად, Global 2000-ის ლიდერობა ამერიკულმა საბანკო გიგანტმა JPMorgan Chase-მა დაიბრუნა. JPMorgan-ის აღმასვლა უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის საინვესტიციო პორტფელის შემცირების დამსახურებაა, რის შედეგადაც ამერიკულმა კონგლომერატმა 2022 წლის განმავლობაში $22.8 მილიარდი იზარალა და რეიტინგში, გასული წლის პირველი პოზიციიდან 338-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.

მისგან განსხვავებით, წარმატებული წელი ჰქონდა JPMorgan-ს, რომლის მთლიანი შემოსავალი, საპროცენტო მარჟის გაფართოების შედეგად, თორმეტ თვეში (მარტის ჩათვლით) 44%-ით გაიზარდა და $180 მილიარდს მიაღწია. თუმცა JPMorgan-ი ერთადერთი ბანკი არაა, რომელმაც გასულ წელთან შედარებით, Global 2000-ის რეიტინგში დაწინაურება მოახერხა.

საბანკო სექტორიდან, მიმდინარე წლის რეიტინგში რამდენიმე ასეული პოზიციით მაღლა გადაინაცვლეს ამერიკულმა გიგანტებმა New York Community Bancorp-მა (925) და First Citizens BancShares-მა (815). ცნობისთვის, მიმდინარე წელს, JPMorgan-მა კრიზისში მყოფი First Republic Bank-ი, New York Community Bancorp-მა Signature Bank-ი, ხოლო First Citizens BancShares-მა Silicon Valley Bank-ი შეიძინა.

ბარელზე ფასების მკვეთრი მატების შედეგად (ბარელზე $120-ზე მეტი) მიმდინარე წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ენერგეტიკული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის. ჯამში ნავთობისა და ბუნებრივი აირის 104-მა კომპანიამ, რომლებიც Global 2000-ში, სულ მცირე, ორი წელია, ხვდებიან, თავისი კოლექტიური 12-თვიანი მოგება, $760 მილიარდამდე გააორმაგა. შედეგად, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Aramco მსოფლიოში ყველაზე მოგებიანი კომპანია გახდა და Forbes-ის Global 2000-ში მეორე ადგილი დაიკავა.

მიმდინარე წლის რეიტინგს ახალწვეულებიც ჰყავს. მათგან ყველაზე მაღალი პოზიციის მქონე ჰიუსტონში დაფუძნებული Corebridge Financial-ია (345), რომელიც მომხმარებელს სიცოცხლის დაზღვევისა და საპენსიო პროდუქტებს სთავაზობს. Corebridge Financial-მა გასული წლის ყველაზე მსხვილ IPO-ს ფარგლებში, $1.7 მილიარდი მოიზიდა. Corebridge-ის გარდა, მიმდინარე წლის ახალწვეულებს შორის არიან ინდოეთის სადაზღვევო კომპანია LIC-ი, (363), ამერიკული GE Healthcare-ი (471) და ინდოეთის თვითმართვადი ტექნოლოგიების ფირმა Mobileye (1,637).

აღსანიშნავია, რომ $1-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებიდან, მიმდინარე წლის Global 2000-ის რეიტინგის ათეულში მხოლოდ Amazon-მა ვერ შეძლო თავის დამკვიდრება. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, 2022 წელს, აქციების თითქმის 50%-იანი ვარდნის შედეგად, 36-ე პოზიციაზე დაქვეითდა. Amazon-ისა და Berkshire Hathaway-ის დაღმასვლით ისარგებლეს UnitedHealth Group-მა, Wells Fargo-მ, Chevron-მა და Verizon Communications-მა და აშშ-ის უმსხვილეს ათ კომპანიაში მოხვდნენ. აშშ-ის ტოპ-ათეულის ჯამურმა შემოსავალმა გასულ წელს  $2.4 ტრილიონს მიაღწია, $447 მილიარდის მოგება მიიღო, $11.2 ტრილიონის აქტივები დააგროვა, საბაზრო კაპიტალიზაციით კი, $8.5 ტრილიონს მიაღწია.

მსოფლიოს უდიდესი კომპანიების 2023 წლის რეიტინგი – Forbes Global 2000

 

  1. JPMorgan Chase – ამერიკის შეერთებული შტატები

შემოსავალი: $179.9 მილიარდი; მოგება: $41.8 მილიარდი;

აქტივები: $3.7 ტრილიონი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $399.6 მილიარდი;

 

  1. Saudi Aramco – საუდის არაბეთი

შემოსავალი: $589. 5 მილიარდი; მოგება: $156.4 მილიარდი;

აქტივები: $653.9 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $2.06 ტრილიონი;

 

  1. ICBC – ჩინეთი

შემოსავალი: $216.8 მილიარდი; მოგება: $52.5 მილიარდი;

აქტივები:  $6.1 ტრილიონი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $203 მილიარდი;

 

  1. China Construction Bank – ჩინეთი

შემოსავალი: $203 მილიარდი; მოგება: $48.3 მილიარდი;

აქტივები: $4.9 ტრილიონი;  საბაზრო კაპიტალიზაცია: $173 მილიარდი

 

  1. Agricultural Bank of China – ჩინეთი

შემოსავალი: $186  მილიარდი; მოგება: $37.9 მილიარდი;

აქტივები: $5.4 ტრილიონი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $141.8 მილიარდი

 

  1. Bank of America – ამერიკის შეერთებული შტატები

შემოსავალი: $133.8 მილიარდი; მოგება: $28.6 მილიარდი;

აქტივები: $3.2 ტრილიონი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $220.8 მილიარდი;

 

  1. Alphabet – ამერიკის შეერთებული შტატები

შემოსავალი: $282.9 მილიარდი; მოგება: $58.6 მილიარდი;

აქტივები: $369.5 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $1.34 ტრილიონი

 

  1. ExxonMobil – ამერიკის შეერთებული შტატები

შემოსავალი: $393.2 მილიარდი; მოგება: $61.7 მილიარდი;

აქტივები: $369.4 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $439.4 მილიარდი;

 

  1. Microsoft – ამერიკის შეერთებული შტატები

შემოსავალი: $207.6 მილიარდი; მოგება: $69 მილიარდი;

აქტივები: $380 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $2.3 ტრილიონი

 

  1. Apple – ამერიკის შეერთებული შტატები

შემოსავალი: $385 მილიარდი; მოგება: $94.3 მილიარდი;

აქტივები: $332.2 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $2.7 ტრილიონი