ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin Galactic-ის რაკეტის ძრავის მქონე თვითმფრინავმა პირველი კომერციული ფრენა განახორციელა. მგზავრობაში, ნიუ-მექსიკოს უდაბნოდან დაახლოებით 80 კილომეტრის სიმაღლეზე, Virgin Galactic-ის ინსტრუქტორსა და ორ პილოტს, იტალიის საჰაერო ძალების ორი ოფიცერი და იტალიის ეროვნული კვლევის საბჭოდან კოსმოსური ინჟინერი შეუერთდნენ.
Galactic 01-ის სახელწოდების მქონე ფრენის პირდაპირი ტრანსლაცია Virgin Galactic-ის ვებგვერდზე ადგილობრივი დროით 15:00 (GMT) საათზე დაიწყო. თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა მგზავრებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში უწონადობის მდგომარეობაში ყოფნა და ჩვენი პლანეტის სიმრუდისთვის თვალის მოკვრა შეძლეს. ამის შემდეგ კი Virgin Galactic-ის აპარატი ხმელეთზე წარმატებით დაეშვა. ცნობისთვის, VSS Unity-ის რაკეტისძრავიანმა თვითმფრინავმა სრული ეკიპაჟით პირველი სატესტო ფრენა ორი წლის წინ შეასრულა.
Virgin Galactic-მა კომპანიის კომერციული ფრენებისთვის საერთო ჯამში 800-მდე ბილეთი გაყიდა. მათგან 600 ბილეთი, 2005-2014 წლებში, $200,000-$250,000-ის ღირებულებით გაიყიდა, ხოლო 2014 წლიდან გაყიდული თითო ბილეთის ფასმა $450,000-ს მიაღწია. მსურველებს შორის მრავალი ცნობილი სახე იყო, თუმცა კომპანიის პროგრამა 2014 წლის კატასტროფის შემდეგ ჩავარდა, როდესაც საცდელი ფრენის შესრულებისას კოსმოსური თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა – დამხმარე პილოტი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.
Virgin Galactic-ის გეგმით, კომპანიის შემდეგი კომერციული ფრენა – Galactic 02 – აგვისტოშია დანიშნული. სამომავლოდ, ბრენსონის კოსმოსური ფირმა ყოველთვიური ფრენების შესრულებასაც გეგმავს, რაც, სავარაუდოდ, სტარტს სწორედ აგვისტოში დაგეგმილი Galactic 02-ის განხორციელების შემდეგ აიღებს.