ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტები - QS World Rankings

ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტები - QS World Rankings

ორგანიზაცია QS World University Rankings-მა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა. უახლეს ანგარიშში, რომელიც კონტინენტის 688 სასწავლო დაწესებულებას აფასებს, უდავო ლიდერობას გაერთიანებული სამეფო ინარჩუნებს.

გაერთიანებული სამეფო, „ოქსფორდის უნივერსიტეტით“ სათავეში, სიაში ყველაზე მეტი, 107 დაწესებულებითაა წარმოდგენილი, რომელიც საერთო რაოდენობის 15.5%-ს იკავებს. მას თურქეთი მოჰყვება, შესაბამისად 73 უნივერსიტეტით (10.6%), ხოლო სამეულს გერმანია ასრულებს 53 უნივერსიტეტით (7.8%). შემდეგ მოდის საფრანგეთი 7.2%-ით, ესპანეთი 6.4%-ით და პოლონეთი 4.8%-ით.

პირველად სიაში 106 ევროპული ევროპული უნივერსიტეტი მოხვდა, რომლებიც ამ დრომდე გლობალური უმაღლესი განათლების ანალიტიკოსების მიერ რეიტინგულ დაწესებულებებად არ ფასდებოდა. მათ შორისაა სასწავლებლები ჩრდილოეთ მაკედონიიდან, მოლდოვიდან და ალბანეთიდან, რაც ამ ქვეყნებში, და ზოგადად კონტინენტზეც, უმაღლესი განათლების დონის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.

რეიტინგი 12 ტრადიციულ კრიტერიუმს ეფუძნება, მათ შორისაა: გლობალური აღიარება, კვლევითი მიღწევები, სასწავლო რესურსები, ინტერნაციონალიზაცია, დასაქმების შედეგები და ა.შ. QS-ის გამოკითხვის ფარგლებში დაემატა კიდევ ერთი ახალი კატეგორიაც, „საერთაშორისო სტუდენტების მრავალფეროვნება, რომელიც ადგილობრივი ეროვნების სტუდენტებთან შეფარდებით, საერთაშორისო სტუდენტების პროპორციულ რაოდენობას აფასებს.

2024 წლის რეიტინგის მიხედვით, პირველ ათეულში ყველაზე მეტი – შვიდი უნივერსიტეტით გაერთიანებული სამეფოა წარმოდგენილი, მათგან პირველ ადგილზე „ოქსფორდია“, მესამეზე „კემბრიჯი“, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილებს შესაბამისად „ლონდონის სამეფო კოლეჯი“, „ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი“ და „ედინბურგის უნივერსიტეტი“ იყოფენ, ხოლო მერვე და მეათე ადგილებზე „მანჩესტერის უნივერსიტეტი“ და „ლონდონის კინგს კოლეჯი“ ნაწილდებიან.

აქედან, „ოქსფორდი“, „კემბრიჯი“ და „ლონდონის სამეფო კოლეჯი“ იმ უნივერსიტეტებს შორის არიან, რომელთაც 100 ქულა აქვთ „აკადემიური რეპუტაციის“, „დამსაქმებლის რეპუტაციისა“ და „საერთაშორისო კვლევითი ქსელების“ კატეგორიებში. „მდგრადობის“ ინდიკატორით, ერთადერთი 100-ქულიანი შედეგი „ედინბურგის უნივერსიტეტმა“ დააფიქსირა.

გარდა ამისა, QS World University Rankings-ის ათეულში ორი სასწავლო დაწესებულებითაა წარმოდგენილი შვეიცარია: შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ETH Zurich-ი მეორე ადგილზეა, ხოლო მე-9 პოზიციას École Polytechnique Fédérale de Lausanne (EPFL) იკავებს.

QS-ის გამოკითხვაში მონაწილე 42,613 რესპონდენტიდან, პერსპექტიული საერთაშორისო სტუდენტების 22%-მა ევროპაში სასწავლებლად საუკეთესო მიმართულებად გაერთიანებული სამეფო დაასახელა. მეორე ადგილზე 8%-ით შვედეთი მოხვდა, შემდეგ მოდის იტალია 6%-ით და გერმანია და ნიდერლანდები, თანაბარი 5%-5%-ით.

QS World University Rankings-ის ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული:

  1. ოქსფორდის უნივერსიტეტი – გაერთიანებული სამეფო
  2. ETH Zurich – შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – შვეიცარია
  3. კემბრიჯის უნივერსიტეტი – გაერთიანებული სამეფო
  4. ლონდონის სამეფო კოლეჯი – გაერთიანებული სამეფო
  5. UCL – ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი – გაერთიანებული სამეფო
  6. ედინბურგის უნივერსიტეტი – გაერთიანებული სამეფო
  7. PSL-ის უნივერსიტეტი – საფრანგეთი
  8. მანჩესტერის უნივერსიტეტი – გაერთიანებული სამეფო
  9. The École polytechnique fédérale de Lausanne – შვეიცარია
  10. ლონდონის კინგს კოლეჯი – გაერთიანებული სამეფო