საშინელებათა ჟანრის ფილმები 1900-იანი წლების დასაწყისიდან გამოჩნდა. იმ დროს ჰოლივუდში უკვე იღებდნენ ისეთ საკულტო ფილმებს, როგორიცაა „ფრანკენშტაინი“ (1931), „დრაკულა“ (1931) და „მუმია“ (1932). დროთა განმავლობაში საშინელებათა ჟანრი განვითარდა, ქვეჟანრებადაც კი დაიყო და ისეთი მიმართულებები მივიღეთ, რომელთა შორისაა slasher-ფილმები (ფილმები სერიულ მკვლელობებზე) და „ზებუნებრივი საშინელებები“.
სტატიაში საშინელებათა ჟანრის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგის შესადგენად The Numbers-ის მონაცემებია გამოყენებული. სხვადასხვა პერიოდის ფილმების ერთმანეთთან შესადარებლად, შემოსავალი CPI-ინფლაციის კალკულატორის გამოყენებით 2023 წლის აშშ დოლარშია კონვერტირებული. რეიტინგში მონაცემები ორივე მაჩვენებელშია წარმოდგენილი: როგორც ინფლაციის გათვალისწინებით, ასევე მის გაუთვალისწინებლად.
ინფლაციის გათვალისწინებით, ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი საშინელებათა ფილმები 1970-იანი წლების პირველ ნახევარში იქნა გადაღებული, ესენია: 1973 წლის „ეგზორცისტი“ და 1975 წლის „ყბები“. ორივე ფილმი, მათი სხვა ვერსიებიდან პირველია. „ყბების“ თავდაპირველი ვერსიის რეჟისორი და მექანიკური ზვიგენი „ბრუსის“ შემქმნელი სტივენ სპილბერგია. 1975 წელს გადაღებული ფილმის შემდეგ მისი კიდევ რამდენიმე ვერსია იქნა გადაღებული, თუმცა სპილბერგის ნამუშევარზე წარმატებული არცერთი აღმოჩნდა.
რაც შეეხება „ეგზორცისტს“, მის თავდაპირველ ვერსიას ჟურნალმა LIFE-მა „ყველაზე საშიში ფილმი“ უწოდა. ორიგინალი ვერსიის გაგრძელებებმა პირველი ნაწილის მსგავსი წარმატება ვერ მოიპოვა, რასაც ვერ ვიტყვით 2021 წელს რეჟისორ დევიდ გორდონ გრინის რეჟისორობით დაანონსებულ ახალ ტრილოგიაზე. ახალი ტრილოგიის პირველი სერია, „ეგზორცისტი: მორწმუნე“ კინოთეატრებში მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გაეშვა და, 29 ოქტომბრის მონაცემებით, გლობალურად სალაროებში $109 მილიონი გამოიმუშავა.
მიუხედავად წარმატებისა, ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან 15 საშინელებათა ფილმს შორის ვერც გრინის „ეგზორცისტი“ და ვერც სხვა, 2023 წელს გადაღებული ამ ჟანრის ფილმი მოხვდა. თუმცა, 29 ოქტომბრის მონაცემებით, მიმდინარე წლის საშინელებათა ჟანრის ფილმები საკმაოდ შემოსავლიანია და მსოფლიო მასშტაბით, სალაროებში, სოლიდურ მონაცემებსაც აღწევს. მაგალითისთვის, „მონაზონი II“, ამ ეტაპისთვის წელს საშინელებათა ჟანრის ყველაზე შემოსავლიანი ფილმია, გლობალურად სალაროებში გამომუშავებული $263 მილიონით, შემდეგ მოდის „წითელი კარი“ – $186 მილიონით და „კივილი VI“ – $169 მილიონით.
ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი საშინელებათა ფილმები:
ფილმის დასახელება | გამოშვების წელი | გლობალური შემოსავალი | გლობალური შემოსავალი ინფლაციის გათვალისწინებით |
The Exorcist | 1973 | $428,824,083 | $2,972,687,740 |
Jaws | 1975 | $482,947,378 | $2,762,934,768 |
Jaws 2 | 1978 | $208,900,376 | $986,153,954 |
It | 2017 | $701,012,746 | $880,238,299 |
Alien | 1979 | $184,637,161 | $782,772,550 |
The Silence of the Lambs | 1991 | $275,726,716 | $623,095,816 |
Hannibal | 2001 | $350,100,280 | $608,452,936 |
It: Chapter Two | 2019 | $467,561,586 | $562,902,762 |
Bram Stoker’s Dracula | 1992 | $215,862,666 | $473,557,762 |
Interview with the Vampire | 1994 | $223,564,608 | $464,309,899 |
The Blair Witch Project | 1999 | $248,300,000 | $458,727,543 |
The Nun | 2018 | $363,391,647 | $445,201,415 |
The Ring | 2002 | $248,218,486 | $424,674,372 |
The Conjuring | 2013 | $316,479,150 | $418,140,691 |
Resident Evil: Afterlife | 2010 | $295,874,190 | $417,630,430 |