ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ინსტიტუციური გარემო. აკადემიაში პოპულარულ კითხვაზე – რატომ არის ზოგიერთი ქვეყანა უფრო მდიდარი და ზოგიერთი უფრო ღარიბი? რიგი ეკონომისტების პასუხია – ინსტიტუტები. მეტიც, ინსტიტუციონალისტები ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტურ ფაქტორად არა ადამიანური და ფიზიკური კაპიტალის აკუმულირებას, განათლებას, ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას, არამედ ინსტიტუციურ განვითარებას მიიჩნევენ. მათთვის ზრდა ინსტიტუტების ხარისხის შედეგია.
როგორც ნობელიატი ეკონომისტი და ახალი ინსტიტუციური ეკონომიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი დაგლას ნორტსი განმარტავდა, „ინსტიტუტები თამაშის წესებია საზოგადოებაში. უფრო ფორმალურად, ესაა ადამიანის მიერ შემუშავებული შეზღუდვები, რომლებიც ადამიანთა შორის ურთიერთქმედებას აყალიბებენ“.
ინსტიტუტების ხარისხის ყველაზე გავრცელებული შეფასება მსოფლიო ბანკის პროექტი „მმართველობითი ინდიკატორებია“, რომელიც რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ინსტიტუტებს ექვსი მიმართულები აფასებს: ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობა, მთავრობის ეფექტიანობა, რეგულირების ხარისხი, სამართლის უზენაესობა და კორუფციის კონტროლი.
რეგიონის რეიტინგი სწორედ ამ შეფასებების ხუთწლიანი (2018-22 და 2013-17 წლები) საშუალო მაჩვენებლის მიხედვით არის შედგენილი, სადაც -2.5 ინსტიტუტების ყველაზე დაბალ ხარისხს ასახავს, 2.5 კი – ყველაზე მაღალს.
საქართველოს რეგიონად ყოფილი სოციალისტური ქვეყნებია გამოყენებული, სადაც მმართველობითი და ეკონომიკური სისტემები რადიკალურად გარდაიქმნა და საბაზრო ინსტიტუტები შედარებით ახალია.
ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს შორის ინსტიტუციური განვითარების დონით ბალტიის ქვეყნები, ჩეხეთი, სლოვაკეთი და სლოვენია გამოირჩევა. ხოლო ინსტიტუტების დაბალი ხარისხით ცენტრალური აზიის ქვეყნები: თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ასევე, ბელარუსი და რუსეთი. რეიტინგში საქართველოს ადგილი საშუალოზე მაღალ პოზიციაზეა. რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს შედარებით მაღალი შეფასება რეგულირებისა და მარეგულირებლის ხარისხსა და კორუფციის კონტროლშია, ხოლო შედარებით დაბალი – პოლიტიკურ სტაბილურობას და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობასა და პოლიტიკურ მონაწილეობასა და ანგარიშვალდებულებაშია. რაც შეეხება სამართლის უზენაესობას, ამ შემთხვევაში 29 ყოფილ სოციალისტურ ქვეყანას შორის საქართველო მე-11 პოზიციაზეა. მიუხედავად იმისა, რომ პოსტკომუნისტურ სივრცეში საქართველო არსებითად ჩამორჩენილი არ არის, ბოლო წლებში ინსტიტუციური ხარისხის გაუმჯობესება შეჩერებულია.
სამართლის უზენაესობის ხარისხი
რეგულირების და მარეგულირებლის ხარისხი
კორუფციის კონტროლის ხარისხი
მთავრობის ეფექტიანობა
პოლიტიკური მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება
პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა