საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის განცხადებით, პოსტპანდემიური ეფექტის შემდეგ, ავიაკომპანიების მოგება 2024 წელს სტაბილური გახდება. მოგეხსენებათ, პანდემიის შემდეგ ავიამიმოსვლა უწინდელ ტემპს დაუბრუნდა და 2023 წელი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. თუმცა, გაზრდილი ფასების გათვალისწინებით, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) მოგების სტაბილურობას პროგნოზირებს.
IATA-ის მონაცემებით, 2023 წელს, წინა 3 წლისგან განსხვავებით, ინდუსტრიამ გლობალურად მოგებაზე გასვლა შეძლო. ასოციაციის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის 2.6%-იანი მოგების მარჟის პირობებში წმინდა მოგება $23.3 მილიარდს შეადგენს. 2024 წლის ბოლოსთვის კი 2.7%-იანი მარჟის პირობებში $25.7-მილიარდიანი მოგების მიღებაა ნავარაუდები.
რაც შეეხება შემოსავალს, IATA-ის ინფორმაციით, ის წლის ბოლოს გლობალურად $964 მილიარდს გაუტოლდება. თუმცა, მიუხედავად დიდი შემოსავლისა, საპროცენტო განაკვეთის ზრდის გამო, IATA მოგების დასტაბილურებას ვარაუდობს.
დამატებით, 2024 წელს ავიამიმოსვლის რეკორდულ ნიშნულს ვარაუდობენ. IATA-ის განცხადებით, 2024 წელს ავიაკომპანიები ჯამურად 4.7 მილიარდ ადამიანს მოემსახურებიან, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ცნობისათვის, 2019 წელს ავიამიმოსვლით 4.5 მილიარდმა ადამიანმა ისარგებლა. საინტერესოა, რომ IATA-ის მონაცემებით, ავიაკომპანიები თითოეულ გადაყვანილ მგზავრზე მხოლოდ $5.45-დოლარიან მოგებას იღებენ.