უმსხვილესი იაპონური ავტომწარმოებლის, Toyota Motor-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, კომპანიის შვილობილი ბრენდი, Daihatsu ყველა ავტომობილის მიწოდებას შეაჩერებს. Toyota-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ავტომობილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სკანდალური გამოძიებაა, რომელიც ბრენდის 64 მოდელს ეხება.
დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი Daihatsu-ს შესახებ გამოძიებას აპრილის შემდეგ ატარებს, როდესაც კომპანიამ განაცხადა, რომ გვერდითი შეჯახების ტესტირება 88,000 ერთეულ ავტომობილს ჩაუტარა. ცნობისათვის, მათი უმეტესობა Toyota-ს ბრენდის სახელით გაიყიდა.
მოგახსენებთ, რომ Daihatsu Toyota-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის მცირე ზომის ავტომობილებსა და სატვირთოებს აწარმოებს. თუმცა, გამოძიების კითხვები, Daihatsu-ს გარდა, Mazda-სა და Subaru-ს ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებულ მოდელებსაც ეხება.
Toyota-ს განმარტებით, კომპანია საკუთარი უსაფრთხოების სერტიფიცირების ოპერაციებს თავიდან გადახედავს და შესაბამისად განაახლებს. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი გადაწყვეტილების ფინანსური ნაწილის შესახებ, თუმცა მოსალოდნელია, რომ ზარალი დიდი იქნება.
უფრო კონკრეტულად, გამოძიებამ დაადგინა, რომ საჰაერო უსაფრთხოების ბალიშები, რომლებსაც Daihatsu ტესტირებისთვის იყენებდა, განსხვავდებოდა იმ საჰაერო უსაფრთხოების ბალიშებისაგან, რომლებითაც გაყიდული ავტომობილები იყო აღჭურვილი. Toyota-ს განცხადებით, შემთხვევის გამო რაიმე საგზაო ინციდენტის შესახებ ინფორმაციას კომპანია არ ფლობს.