ჩინეთის ბირთვული იარაღის მარაგი ყველა სხვა სახელმწიფოსაზე სწრაფად იზრდება - SIPRI

ჩინეთის ბირთვული იარაღის მარაგი ყველა სხვა სახელმწიფოსაზე სწრაფად იზრდება - SIPRI

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) უახლესი ანგარიშით, გასულ წელს ჩინეთის მარაგი 410 ბირთვული ქობინიდან 500-მდე გაიზარდა. გლობალური ბირთვული იარაღის გავრცელების შესახებ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, ათწლეულის ბოლომდე აზიურ სახელმწიფოს იმ რაოდენობის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების განთავსება შეეძლება, რამდენიც რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

SIPRI-ის მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამის თანამშრომლის, ჰანს კრისტენსენის შეფასებით, მაშინ როდესაც ბირთვულ შეიარაღებას ყველა სხვა დიდი სახელმწიფოც აფართოებს, ჩინეთის არსენალი იმაზე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ყველა სხვა ქვეყნის შემთხვევაში.

მოხსენების თანახმად, ჩინეთს ათწლეულის ბოლოსთვის იმავე რაოდენობის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების წარმოება შეეძლება, რამდენისაც რუსეთსა და აშშ-ს. თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აპირებს ჩინეთი ქობინების გამოყენებას. მიუხედავად ამისა, ჩინეთის ბირთვული ქობინების მარაგი ორივე ქვეყნისაზე ნაკლები დარჩება.

სამხედრო მარაგებში, გლობალურად, 9,585 ოპერაციული ბირთვული ქობინი ინახება. ყველაზე დიდი არსენალი – 4,380 ბირთვული ქობინი რუსეთს აქვს, შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები – 3,708 ბირთვული ქობინით. ქვეყნის ისტორიაში პირველად, ჩინეთმა, მშვიდობის დროს, შესაძლოა მცირე რაოდენობის ქობინები, შენახვის ნაცვლად, რაკეტებზე დაამონტაჟოს. SIPRI-ის შეფასებით, მისი 500 ქობინიდან დაახლოებით 24 შესაძლოა უკვე რაკეტებზე იყოს დამონტაჟებული.