2023 წელს ისრაელმა რეკორდული ღირებულების სამხედრო შეიარაღება გაყიდა

2023 წელს ისრაელმა რეკორდული ღირებულების სამხედრო შეიარაღება გაყიდა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, გასულ წელს ქვეყანამ რეკორდული ღირებულების, $13 მილიარდის სამხედრო შეიარაღება გაყიდა. ზედიზედ მესამე წელია, ისრაელი იარაღის გაყიდვების საკუთარ რეკორდს ხსნის. ხუთი წლის წინანდელ მონაცემთან შედარებით გაყიდული შეიარაღების ღირებულება თითქმის გაორმაგებულია.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის თანამშრომლობის საერთაშორისო დირექტორატის განცხადებით, ქვეყანამ 2022 წელს – $12.5 მილიარდის ღირებულების, 2018 წელს კი $7.5 მილიარდის ღირებულების შეიარაღება გაყიდა.

2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ისრაელურ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს საქმიანობა განსაკუთრებულ რეჟიმში უწევთ. ერთი მხრივ, შეიარაღება შიდა გამოყენებისთვის დროულად უნდა შეიქმნას, მეორე მხრივ კი, უცხოური შეკვეთების მიწოდებაც განრიგის მიხედვით უნდა მოხდეს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეიარაღების ექსპორტში ყველაზე დიდი, 36%-იანი წილი საჰაერო თავდაცვის სისტემებს აქვს. აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წელს 19%-ს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ შარშან ისრაელმა გერმანიასთან Arrow 3-ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის €4-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა. ექსპორტის მთლიანი წილის 11% – სარადარო და ელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, 11% კი გამშვებ დანადგარებს უჭირავს. 2023 წელს ექსპორტირებული შეიარაღების 4% კიბერ-სადაზვერვო საშუალებებზე მოდის. გარდა აღნიშნული შეიარაღებისა, ისრაელმა ექსპორტზე დრონები, ჯავშანტრანსპორტიორები, სათვალთვალო-სადაზვერვო სისტემები, კომუნიკაციის საშუალებები და ამუნიცია გაიტანა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელმა ქვეყნებმა შეიძინეს აღნიშნული შეიარაღება. თუმცა ცნობილია რეგიონული განაწილება – შეიარაღების უდიდესი ნაწილი, 48% – აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, 35% კი ევროპაში გავიდა.