თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს

თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს

სუნიტური ისლამისტური მოძრაობის „ჰამასის” პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელი და ლიდერი ისმაილ ჰანია სარაკეტო თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ისმაილ ჰანია თეირანში ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციის ცერემონიაზე იმყოფებოდა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გავრცელებული განცხადებით, ისმაილ ჰანიაზე სარაკეტო თავდასხმა საცხოვრებელ სახლში მოხდა. ამ დროისათვის თავდასხმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. დიდი ალბათობით, თავდასხმა ისრაელის ტერიტორიიდან შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი სტელსის ტიპის ზუსტი დამიზნების რაკეტით განხორციელდა.

სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. „ჰამასის” ლიდერის ლიკვიდაციას ადასტურებს თავად ტერორისტული ორგანიზაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც. „ჰამასის” ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მუსა აბუ მარზუკის განცხადებით, ისმაილ ჰანიას ლიკვიდაცია პასუხის გარეშე არ ჩაივლის.

მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობაც. როგორც წესი, მსგავსი ტიპის ლიკვიდაციებზე, რომლებიც „მოსადის” ან სხვა უწყების განხორციელებულია, ისრაელი საჯარო პასუხისმგებლობას არ იღებს.

თეირანში მომხდართან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართა ირანის უზენაესმა ეროვნული უშიშროების საბჭომაც.

ისმაილ ჰანიას მკვლელობა დაგმო პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა. ცნობისთვის, მისი პარტია „ფათაჰი” პოლიტიკურ ველზე „ჰამასის” მთავარ კონკურენტს წარმოადგენს. მაჰმუდ აბასმა პალესტინელ ხალხს გაერთიანებისაკენ მოუწოდა.

საინტერესოა, რომ ისმაილ ჰანიას ლიკვიდაცია იმავე დღეს განხორციელდა, როდესაც ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში შიიტური ტერორისტული ორგანიზაციის „ჰეზბოლას” მაღალი რანგის მეთაური ფუად შუქრი ასევე სარაკეტო თავდასხმით მოკლა.

ისმაილ ჰანია ისლამისტური მოძრაობის პოლიტიკურ ფრთას კატარიდან ხელმძღვანელობდა. ის პირადად იყო ჩართული ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და მძევლების გაცვლის პროცესებში. ჰანია „ჰამასის” პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. მანამდე კი 2014-2017 წლებში ღაზის სექტორში „ჰამასის” ხელმძღვანელი გახლდათ. 2006-2014 წლებში ის პალესტინის ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.