აშშ-მა საქართველოს მთავრობის $95-მილიონიანი დახმარება შეაჩერა

აშშ-მა საქართველოს მთავრობის $95-მილიონიანი დახმარება შეაჩერა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილ $95-მილიონიან დახმარებას აჩერებს.

ბლინკენის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული არადემოკრატიული ქმედებების გამო 23 მაისს მან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გადახედვის განკარგულება გასცა. ამავე დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში დემოკრატიის დასუსტებაში მხილებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ახლა კი, აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობას $95-მილიონიანი დაფინანსება შეუჩეროს.

ბლინკენის განცხადებით, საქართველოს მთავრობის დემოკრატიის საწინააღმდეგო ქმედებები, რაც ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებას უკავშირდება, ასევე მცდარი განცხადებები ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის საჭირო ნორმებთან თანხვდენილი არ არის. გარდა ამისა, სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობისათვის დაფინანსების შეჩერება არ ნიშნავს იმას, რომ ამით ქართველი ხალხი დაზარალდება. აშშ კვლავ გააგრძელებს დახმარების პროგრამების დაფინანსებას ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების ხელშესაწყობად.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და პარტნიორობის 32 წლის განმავლობაში, აშშ-მა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისათვის $6.2 მილიარდის მოცულობის დახმარება გამოყო. „ჩვენი დახმარებით გაიწვრთნა და აღიჭურვა საქართველოს შეიარაღებული ძალები და სანაპირო დაცვა, აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, გადამზადდნენ მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სამედიცინო პერსონალი. ჩვენ კვლავ ვრჩებით ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულნი“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.