Meta-ს კვარტალური შედეგების გავლენით, ცუკერბერგი $11 მილიარდით გამდიდრდა

Meta-ს კვარტალური შედეგების გავლენით, ცუკერბერგი $11 მილიარდით გამდიდრდა

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება, კომპანიის მეორე კვარტალის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, $11 მილიარდით გაიზარდა. ხუთშაბათის მონაცემებით, ცუკერბერგმა Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეხუთედან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

Meta-ს კვარტალური მოგება 73%-ით გაიზარდა და $13.5 მილიარდი შეადგინა. შედეგად, გაიზარდა ცუკერბერგის ქონებაც, $167 მილიარდიდან $178 მილიარდამდე. ამერიკელი ბიზნესმენი Meta-ში აქციათა 13%-ის მფლობელია. თუმცა ხუთშაბათის შემდეგ ცუკერბერგის ქონების წმინდა ღირებულება მცირედით დავარდა და ახლა მან Forbes-ის რეიტინგში $174 მილიარდით მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.

Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში პირველ პოზიციაზე კვლავ ილონ მასკი რჩება, $232 მილიარდით, მას მოჰყვება Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ($202 მილიარდი), ხოლო მესამე პოზიციას LVHM-ის თავმჯდომარე, ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნო იკავებს ($174 მილიარდი). ხუთეულს ასრულებს Oracle-ის თავმჯდომარე ლარი ელისონი, რომლის ქონების წმინდა ღირებულებაც $170 მილიარდადაა შეფასებული.

ცნობისთვის, ცუკერბერგი ახლა სამჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე 2022 წელს, მაშინ როდესაც, Meta-ს აქციების ფასის ვარდნის გავლენით, მისი ქონება $60 მილიარდამდე შემცირდა. შედეგად, 2015 წლის შემდეგ პირველად, ამერიკელი მილიარდერი Forbes-ის რეიტინგის ათეულს მიღმა დარჩა. Meta-ს კვარტალური დივიდენდებიდან, ცუკერბერგი წლიურად საშუალოდ $691 მილიონს გამოიმუშავებს.