გუშინ აშშ-ის სასამართლომ Google-ს საძიებო სისტემის ოპერირებისას ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევა დაუდგინა და აღნიშნა, რომ Alphabet-ის შვილობილი კომპანია ამ სერვისის განხორციელებისას სამართლიანი კონკურენციის პირობებს არღვევს. თუმცა Google-ის კანონდარღვევა, შესაძლოა Apple-ისთვისაც პრობლემა აღმოჩნდეს.
Google-სა და Apple-ს ექსკლუზიური შეთანხმება აქვთ, რომლის მიხედვითაც, Apple-ის მოწყობილობებში ავტომატური საძიებო სისტემა სწორედ Google-ია. აღნიშნული ექსკლუზიურობისთვის კი Google-ი Apple-ს ყოველწლიურად $20 მილიარდს უხდის. ანტიმონოპოლიური აქტივობების თავიდან ასაცილებლად პოტენციური გამოსავალი ამ შეთანხმების გაუქმებაა. ამის გამო კი შესაძლოა Apple-მა ყოველწლიურად $20 მილიარდი დაკარგოს.
ცნობისთვის, აღნიშნული $20 მილიარდი Google-ისათვის Apple-ის ინტერნეტ-ბრაუზერი Safari-სგან მიღებული სარეკლამო შემოსავლის 36%-ს წარმოადგენს. ფინანსური ანალიტიკოსების მოსაზრებით, ექსკლუზიური შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში Apple-ის მოგება 4-6%-ით შემცირდება.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისათვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, შეთანხმება ძალაში 2026 წლის სექტემბრამდეა, Apple-ს კი მისი ცალმხრივად მისი ორი წლით გაგრძელების უფლება აქვს.
თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე Google-ი სასამართლო განაჩენს ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. იურიდიული დავა კი შესაძლოა 2026 წლამდეც გაიწელოს.