Forbes 400: აშშ-ის უმდიდრესი ქალები

Forbes 400: აშშ-ის უმდიდრესი ქალები

Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის რეიტინგში შემავალი პირების კოლექტიური ქონება გასულ წელთან შედარებით თითქმის 1 ტრილიონი დოლარითაა გაზრდილი და $5.4 ტრილიონს აღწევს. გაზრდილია სიაში მოსახვედრად საჭირო ქონების მინიმალური ზღვარიც – 2023 წლის $2.9 მილიარდიდან $3.3 მილიარდამდე.

წელს Forbes 400-ის რეიტინგის 17%-ს ქალები შეადგენენ. სიაში მათი პროცენტული წილი, გასულ წელთან შედარებით, მხოლოდ 2%-ით, 2023 წლის ანგარიშთან შედარებით კი – 3%-ითაა გაზრდილი. რეიტინგში შემავალი 67 ქალის კოლექტიური ქონება $839 მილიარდს აღწევს, განსხვავებით ერთი წლის წინანდელი $621 მილიარდისგან, რომელსაც ჯამში 60 ქალი ფლობდა. წლევანდელ სიაში მოსახვედრად აშშ-ის უმდიდრეს ადამიანებს წელს, სულ მცირე, $3.3 მილიარდის ქონება სჭირდებოდათ.

აშშ-ში უმდიდრესი ქალის ტიტულს ელის უოლტონი ინარჩუნებს. უოლტონის სიმდიდრის უდიდესი ნაწილი, მისი ბაბუის მიერ დაარსებულ საცალო ვაჭრობის გიგანტ Walmart-ის აქციებზე მოდის. $89.2 მილიარდის ღირებულების ქონებით, უოლტონი აშშ-ის რიგით მე-15 უმდიდრესი ადამიანია. უოლტონის ქონების ზრდაზე გავლენა სწორედ Walmart-ის აქციებმა მოახდინა. ამერიკული საცალო ვაჭრობის გიგანტის აქციების ღირებულება, გასულ წელთან შედარებით, 47%-ითაა გაზრდილი.

უოლტონის მსგავსად, წლევანდელ რეიტინგში შემავალი ქალების უმრავლესობას – ჯამში 54 ქალი – ქონება მემკვიდრეობით აქვს მიღებული. მაშინ როდესაც მამაკაცთა შემთხვევაში თვითშემდგარ მილიარდერთა წილი 67%-ს აღწევს, ქალებში ეს მაჩვენებელი 20%-ზე ნაკლებია.

აშშ-ის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალი მილიარდერი დაიან ჰენდრიკსია – ABC Supply-ის თანადამფუძნებელი. ჰენდრიკსის ქონება $21.9 მილიარდს შეადგენს. მასთან ერთად თვითშემდგარი მილიარდერი ქალების სიაში ვხვდებით სამედიცინო აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა Epic Systems-ის დამფუძნებელ ჯუდი ფოლკნერს ($7.7 მილიარდი), eBay-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ მეგ უიტმენს ($3.3 მილიარდი) და სხვებს.

Forbes 400-ში შემავალი უმდიდრესი ქალები 13 განსხვავებული ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან. ყველაზე გავრცელებული სექტორი საკვები & სასმელებია – 22%. მას მოჰყვება ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები, 13%-იანი წილით და მოდა & საცალო გაყიდვები – 10%.

აშშ-ის უმდიდრესი ქალების ათეული:
  1. ელის უოლტონი – ქონება: $89.2 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Walmart
  2. ჯულია კოხი – ქონება: $74.2 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Koch Industries
  3. ჟაკლინ მარსი – ქონება: $47.6 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, შინაური ცხოველების საკვები
  4. მაქკენზი სკოტი – ქონება: $33.3 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Amazon
  5. ლინდა სტეფენს გრეტი – ქონება: 32.3 მილიარდი | ნავთობი და ბუნებრივი აირი
  6. აბიგაილ ჯონსონი – ქონება: $31.3 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Fidelity
  7. მერილინ საიმონსი – ქონება: $31 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: ჰეჯ-ფონდი
  8. მირიამ ადელსონი – ქონება: $29.8 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: კაზინოები
  9. მელინდა ფრენჩ გეიტსი – ქონება: $29 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Microsoft
  10. ელაინ მარშალი – ქონება: $28.3 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Koch, Inc