მარკ ცუკერბერგის ქონებამ $200 მილიარდს პირველად გადააჭარბა

მარკ ცუკერბერგის ქონებამ $200 მილიარდს პირველად გადააჭარბა

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, Meta-ს თანადამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის ქონებამ $200 მილიარდს გადააჭარბა. შედეგად, ისტორიაში პირველად, Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ოთხი მილიარდერია წარმოდგენილი, რომელთა სიმდიდრეც $200-მილიარდიან ნიშნულს სცდება.

ხუთშაბათის მონაცემებით, ცუკერბერგის ქონება $2.6 მილიარდით გაიზარდა და $200.8 მილიარდს გაუტოლდა. უახლესი მოცემულობით, Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი $201.5 მილიარდს ფლობს და Forbes-ის რეიტინგის მესამე პოზიციაზეა წარმოდგენილი. სიაში ცუკერბერგს მხოლოდ ილონ მასკი და ლარი ელისონი უსწრებენ.

ცუკერბერგის სიმდიდრეზე დადებითად Meta-ს აქციების ღირებულების ზრდამ იმოქმედა. Meta-ს აქციები, ხუთშაბათის მდგომარეობით, 1.4%-ით მაღალ ფასად, $580.80-ად ივაჭრებოდა. ცნობისთის, Meta-ს აქციების ღირებულება 2024 წლის დასაწყისიდან, 64%-ითაა გაზრდილი. ამერიკელი ბიზნესმენი Meta-ში $345 მილიონის ღირებულების A- და B-კლასის აქციებს ფლობს. ტექნოლოგიურ გიგანტში ცუკერბერგის წილი 13%-ს უტოლდება.

შედეგად, Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში უკვე ოთხი პირის ქონება აღემატება $200-მილიარდიან ნიშნულს. მათ შორისაა Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი ($258 მილიარდი), Oracle-ის ლარი ელისონი ($203 მილიარდი) და Amazon-ის ჯეფ ბეზოსი ($200.2 მილიარდი). ოთხივე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელია.

LVMH-ის თავმჯდომარე, ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნო ამჯერად რეიტინგის მეხუთე პოზიციაზეა. არნო რამდენიმე თვის განმავლობაში Forbes-ის სიის სამეულში რჩებოდა, თუმცა ამჟამად მისი ქონების ღირებულება $186 მილიარდამდეა შემცირებული.