რუმინეთის მთავრობა იანვრიდან მინიმალურ ხელფასს 9.5%-ით გაზრდის

რუმინეთის მთავრობა იანვრიდან მინიმალურ ხელფასს 9.5%-ით გაზრდის

დამსაქმებლებთან და პროფკავშირებთან შეხვედრის შემდეგ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მარჩელ ჩოლაკუს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუმინეთის კოალიციური მთავრობა იანვრიდან ყოველთვიური მინიმალური ხელფასის ზღვარს 9.5%-ით 4,050 რუმინულ ლეიმდე გაზრდის. ეს კი დაახლოებით $884.61-ის ეკვივალენტია.

ცნობისთვის, ნოემბერსა და დეკემბერში რუმინეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. ქვეყნის მთავრობამ კი მინიმალური ხელფასი და პენსია უკვე ორჯერ გაზარდა, რითაც ისედაც დიდი საბიუჯეტო დეფიციტი კიდევ უფრო გააღრმავა.

მსგავსმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანაში ინფლაცია კიდევ უფრო გაზარდა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდ ნიშნულს გაუთანაბრა. S&P Global-ის პროგნოზით, რუმინეთში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 1.5%-ზე მაღლა, 3.5%-ის ფარგლებში 2027 წლამდე შენარჩუნდება.

მინიმალური ხელფასის 9.5%-ით ზრდასთან ერთად, რუმინეთის მთავრობა საგადასახადო შეღავათების შემოღებასაც გეგმავს. ქვეყანას ჯერჯერობით 2025 წლის სამთავრობო ბიუჯეტი არ გამოუქვეყნებია.

მარჩელ ჩოლაკუს განცხადებით, მთავრობას ევროკომისიასთან ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების შვიდწლიანი გეგმა აქვს შეთანხმებული. თუმცა აღნიშნული გეგმა საჯაროდ ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ფისკალურ კონსოლიდაციას რუმინეთისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირისაგან აღდგენისა და განვითარების დახმარების მიღებას ვერ შეძლებს, რისი მოცულობაც 2027 წლისთვის 74 მილიარდი ევრო იქნება. აღნიშნული დახმარება ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა.

რუმინეთის მთავრობამ პასუხისმგებლობა აიღო, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ბიუჯეტის დეფიციტს ევროკავშირის სამიზნე მაჩვენებელს, მშპ-ის 3%-ს დაუქვემდებარებდა. თუმცა ფინანსური ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი, შემცირების ნაცვლად, მშპ-ის 8%-მდე გაიზრდება.