Forbes: 2024 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი

Forbes: 2024 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი

ამერიკულმა Forbes-მა მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. უახლესი ანგარიშით, სიის ათეულში საუდის არაბეთის წამყვანი ლიგიდან ოთხი ფეხბურთელი მოხვდა. ინგლისის „პრემიერ ლიგას“ Forbes-ის ათეულში მხოლოდ სამი წარმომადგენელი ჰყავს, ესპანეთის „ლა ლიგას“ ორი, ხოლო MLS-ს მხოლოდ ერთი – ლიონელ მესი.

Forbes-ის 2024 წლის რეიტინგში არგენტინელი ვარსკვლავი მეორე ადგილს იკავებს. ამერიკული გამოცემის მიხედვით, ლიონელ მესიმ – გადასახადების ჩათვლით – დაახლოებით $135 მილიონი გამოიმუშავა, მათ შორის $75 მილიონი – მოედანს მიღმა. შედეგად, მესი მხოლოდ პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება, რომელიც 2023 წლის იანვრიდან საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ ირიცხება.

კრიშტიანუ რონალდუ Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების რეიტინგს ზედიზედ უკვე მეექვსე წელია, ლიდერობს. 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, პორტუგალიელმა ჯამში $285 მილიონი გამოიმუშავა – მათ შორის $220 მილიონი უშუალოდ საფეხბურთო კარიერიდან, ხელფასისა და ბონუსების წყალობით. რონალდუს მიერ გამომუშავებული თანხა არის მაქსიმუმი, რომელიც ოდესმე ნებისმიერ ფეხბურთელს გამოუმუშავებია და აუმჯობესებს იმ რეკორდს ($260 მილიონი), რომელიც 2023 წელს პორტუგალიელმა თავადვე დაამყარა.

საერთო ჯამში, მსოფლიოს ათმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა ფეხბურთელმა ამ სეზონში რეკორდული $983 მილიონი გამოიმუშავა – მხოლოდ 2%-ით მეტი, გასულ წელთან შედარებით. რეიტინგის ხუთეულში ევროპული საფეხბურთო კლუბებიდან მხოლოდ „რეალ მადრიდის“ ახალწვეული კილიან მბაპე მოხვდა. მბაპე Forbes-ის რეიტინგში $90 მილიონით მეხუთე ადგილზეა წარმოდგენილი. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ესპანურ კლუბს მიმდინარე ზაფხულს, „პარი სენ-ჟერმენიდან“, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

საინტერესოა, რომ ერთი წლის შემდეგ, რაც საუდის არაბეთის წამყვანი ლიგის კლუბებმა დაახლოებით $1 ტრილიონი დახარჯეს ტრანსფერებზე, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. Transfermarkt-ის შეფასებით, 2024 წლის ზაფხულისთვის ეს მონაცემი $524 მილიონამდე შემცირდა, რაც ძირითადად ეკონომიკური ფაქტორების, მათ შორის ნავთობზე ფასის ვარდნისა და საუდის არაბეთის მხრიდან მეგაპროექტებში ინვესტიციების ზრდის დამსახურებაა.

საუდის არაბეთის გარდა, შემცირდა სხვადასხვა ქვეყნის შიდა ჩემპიონატების სატრანსფერო ხარჯებიც. მათ შორის „პრემიერ ლიგის“ სატრანსფერო ხარჯები გასული წლის რეკორდული $3 მილიარდიდან $2.5 მილიარდამდეა დავარდნილი, შემცირებულია მონაცემები „ბუნდესლიგისა“ და „ლიგა 1“-ის შემთხვევაშიც.

მეთოდოლოგია: Forbes-ის რეიტინგი 2024-25 წლების სეზონის შემოსავლების – მოედანზე და მოედნის მიღმა – გათვალისწინებითაა შედგენილი. მოედანზე გამომუშავებული თანხა მოიცავს საბაზისო ხელფასსა და პრემიებს, მოედნის მიღმა კი – სხვადასხვა სახის გარიგებებს, ლიცენზირებიდან მიღებულ შემოსავალსა და ა.შ. რეიტინგში გამოყენებულია Capology.com-ის მონაცემები და წარმოდგენილია აშშ დოლარში, მიმდინარე გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.

წარმოგიდგენთ  2024 წლის ათ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფეხბურთელს:
  1. კრიშტიანუ რონალდუ – $285 მილიონი, Al Nassr-ი.

მოედანზე: $220 მილიონი. მოედნის მიღმა: $65 მილიონი.

  1. ლიონელ მესი – $135 მილიონი, Inter Miami.

მოედანზე: $60 მილიონი. მოედნის მიღმა: $75 მილიონი.

  1. ნეიმარი – $110 მილიონი, Al Hilal-ი.

მოედანზე: $80 მილიონი. მოედნის მიღმა: $30 მილიონი.

  1. კარიმ ბენზემა – $104 მილიონი, Al Ittihad-ი.

მოედანზე: $100 მილიონი. მოედნის მიღმა: $4 მილიონი.

  1. კილიან მბაპე – $90 მილიონი, Real Madrid-ი.

მოედანზე: $70 მილიონი. მოედნის მიღმა: $20 მილიონი.

  1. ერლინგ ჰაალანდი – $60 მილიონი, Manchester City.

მოედანზე: $46 მილიონი. მოედნის მიღმა: $14 მილიონი.

  1. ვინისიუს ჯუნიორი – $55 მილიონი, Real Madrid-ი.

მოედანზე: $40 მილიონი. მოედნის მიღმა: $15 მილიონი.

  1. მოჰამედ სალაჰი – $53 მილიონი, Liverpool-ი.

მოედანზე: $35 მილიონი. მოედნის მიღმა: $18 მილიონი.

  1. სადიო მანე – $52 მილიონი, Al Nassr-ი.

მოედანზე: $48 მილიონი. მოედნის მიღმა: $4 მილიონი.

  1. კევინ დე ბრუინი – $39 მილიონი, Manchester City.

მოედანზე: $35 მილიონი. მოედნის მიღმა: $4 მილიონი.