პუტინმა ტრამპთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა

პუტინმა ტრამპთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა. პუტინმა ტრამპი მისი მკვლელობის მცდელობისას გამოვლენილი სიმამაცისთვის შეაქო და განაცხადა, რომ მოსკოვი ახალ პრეზიდენტთან დიალოგისთვის მზადაა.

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ივლისში, პენსილვანიაში საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას დონალდ ტრამპზე თავდასხმის დროს ის ნამდვილი მამაკაცივით მოიქცა: „ჩემი აზრით, ის სწორად მოიქცა, გაბედულად, როგორც ნამდვილი მამაკაცი.“

რუსეთის პრეზიდენტი საპრეზიდენტო კამპანიისას ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივების შესახებ განცხადებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ყურადღებას იმსახურებს. „რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილი და უკრაინაში კრიზისის დასრულების შესახებ განცხადებები, ჩემი აზრით, ყურადღებას იმსახურებს“ – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, ტრამპმა აღნიშნულ საკითხზე არაერთხელ ისაუბრა. მისი განცხადებებით, ის უკრაინაში ომს გაპრეზიდენტების შემთხვევაში 24 საათში დაასრულებდა. თუმცა კონკრეტული გეგმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. აღნიშნულის შესახებ იმავეს ამბობს პუტინიც „არ ვიცი ახლა რა მოხდება, წარმოდგენა არ მაქვს“. თუმცა ჟურნალისტის შეკითხვაზე რას იზამდა თუ ტრამპი შეხვედრას მოითხოვდა, განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან კონტაქტის გაგრძელებისთვის მზადაა.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს დასავლურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა მოსაზრებები, რომ ტრამპი პუტინის გავლენის აგენტი იყო. აღნიშნულის დასამტკიცებლად კი რუსეთის აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ ჩარევის მტკიცებულებები მოჰყავდათ.