ტრამპმა მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარადგინა

ტრამპმა მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარადგინა

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ოფიციალურად წარადგინა. მასკთან ერთად ახლად შექმნილ დეპარტამენტს ყოფილი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (Department of Government Efficiency) ჯერჯერობით არ არსებობს და ის მაშინ ამოქმედდება, როდესაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას დაიწყებს. ტრამპის ხედვით, აღნიშნული დეპარტამენტის დანიშნულება სამთავრობო ხარჯების მაქსიმალურად შემცირება, ბიუროკრატიის დასუსტება და არსებული რეგულაციების რეფორმირება იქნება. ახალი დეპარტამენტის აკრონიმი ინგლისურად DOGE იქნება, რაც ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტის, DOGE-ის სახელწოდებას ემთხვევა.

ტრამპის განმარტებით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი თეთრ სახლთან და მენეჯმენტისა და ბიუჯეტირების ოფისთან ითანამშრომლებს და მთავრობას სახელმწიფოს მართვის „ანტრეპრენიორულ“ მიდგომას გააცნობს. დეპარტამენტის მუშაობა 2026 წლის 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერიდან 250 წლის თავზე შეჯამდება.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკმა ტრამპის არჩევნებში გამარჯვებით უკვე იხეირა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება 5 ნოემბრის შემდეგ $50 მილიარდით გაიზარდა.