დონალდ ტრამპის სამთავრობო კაბინეტის შესახებ ცნობილი სულ უფრო მეტი დეტალი ხდება. პირველი პროგნოზების უმეტესობა არ გამართლდა, ტრამპმა გადამწყვეტ თანამდებობებზე მოსალოდნელი ფიგურები არ წარადგინა. მაგალითად, მაიკ პომპეო და ნიკი ჰეილი ტრამპის კაბინეტის წევრები არ იქნებიან, რის შესახებაც დონალდ ტრამპმა თავად განაცხადა.
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი
ახლად შექმნილ დეპარტამენტს ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. დეპარტამენტი მთავრობის ხარჯების შემცირებასა და ბიუროკრატიის შესუსტებაზე იქნება ფოკუსირებული.
თავდაცვის მდივანი
თავდაპირველად აღნიშნულ თანამდებობაზე სწორედ მაიკ პომპეოს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს მოიაზრებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, პომპეო აშშ-ის ახალი მთავრობის წევრი არ იქნება. დონალდ ტრამპი თავდაცვის მდივნის პოზიციას სამხედრო ვეტერანს, პიტ ჰეგსეთს ჩააბარებს. აშშ-ის ეროვნული გვარდიის რიგებში პიტ ჰეგსეთი კუბაში, ავღანეთსა და ერაყში მსახურობდა.
სახელმწიფო მდივანი
დიდი ალბათობით, აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო გახდება. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე როკ გრენელის დანიშვნის შესახებ პროგნოზები არ გამართლდა და დეპარტამენტს ისტორიაში პირველი ლათინო-ამერიკელი ხელმძღვანელი ეყოლება.
CIA-ის დირექტორი
ტრამპის პირველი ვადის ადმინისტრაციაში ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი ჯონ რეტკლიფი ამჯერად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად მოგვევლინება. რეტკლიფი ტექსასის ყოფილი გუბერნატორიც გახლავთ. ტრამპის პირველი ვადისას ის პრეზიდენტის სადაზვერვო მრჩეველი იყო. ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელად მუშაობისას, სწორედ მისი ბრძანებით მოხდა რუსული სადაზვერვო ინფორმაციის დეკლასიფიცირება, რომლის მიხედვითაც, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპის რუსეთთან დაკავშირების კამპანიას გეგმავდა. აღნიშნულის გამო რეტფკლიფმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში
აღნიშნული თანამდებობა აშშ-ის მთავრობაში ერთ-ერთ საკვანძო პოზიციად მიიჩნევა, ვინაიდან კანდიდატს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დიდი გავლენა აქვს. დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად რესპუბლიკელ კონგრესმენს მაიკ უოლცს განიხილავს, რომელიც აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების ძალების, “მწვანე ბერეტების” ვეტერანია. მაიკ უოლცი ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან ხისტი დამოკიდებულებითაა ცნობილი. გარდა ამისა, ის აქტიურად ითხოვს ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას.
სახელმწიფო უსაფრთხოების მდივანი
დონალდ ტრამპი კიდევ ერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან თანამდებობაზე სამხრეთ დაკოტის გუბერნატორ კრისტი ნოემს განიხილავს. კანდიდატს დიდი სამუშაო ექნება გასაწევი ტრამპის საიმიგრაციო ინიციატივების ხელშესაწყობად და ქვეყნის ტერიტორიაზე კიბერუსაფრთხოების, ანტიტერორისტული და საგანგებო ვითარებებთან გასამკლავებელი ზომების გასატარებლად.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში
ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელი უძრავი ქონების ინვესტორი სტივენ უიტკოფი იქნება.
აშშ-ის ელჩი ისრაელში
ისრაელში აშშ-ის ელჩის თანამდებობას, დიდი ალბათობით, არკანზასის გუბერნატორი მაიკ ჰაკაბი დაიკავებს. ჰაკაბი ისრაელის სახელმწიფოს აქტიური მხარდამჭერია. ის ჯო ბაიდენს ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობისთვის მუდმივად აკრიტიკებდა.
თეთრი სახლის აპარატის უფროსი
აღნიშნულ თანამდებობაზე სუზი უაილსი უკვე ოფიციალურად დაინიშნა, რადგან მას კონგრესისა და სენატის თანხმობა არ სჭირდება. პოლიტიკური ანალიტიკოსების მოსაზრებით, კამალა ჰარისის დამარცხებაში დიდი წვლილი სწორედ მის მიერ დაგეგმილ კამპანიას მიუძღვის. უაილსის კანდიდატურა თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის როლზე ტრამპმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა. ის ამ თანამდებობაზე ნომინირებული პირველი ქალია.