აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის ინფორმაციით, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ჯო ბაიდენი მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციას უღარიბესი ქვეყნების დასახმარებლად რეკორდულ $4 მილიარდს გამოუყოფს.
აღნიშნულის შესახებ დათქმა ჯო ბაიდენმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის დახურულ შეხვედრაზე გააკეთა. ბოლოს ვაშინგტონის მიერ მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციისათვის გამოყოფილი დახმარების მოცულობა 2021 წლის დეკემბერში $3.5 მილიარდით განისაზღვრა.
საინტერესოა, რამდენად მოიყვანს სისრულეში დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის პირობას. საკითხი სათუო განსაკუთრებით იმის გათვალისწინებითაა, რომ ტრამპი საგარეო დახმარებების მაქსიმალურად შემცირებას გეგმავს. ამ მიზნით, მან ილონ მასკთან ერთად მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტიც კი შექმნა, რომელსაც სწორედ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი უხელმძღვანელებს.
ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ბანკის $4 მილიარდით დაფინანსებასთან დაკავშირებით დადებულ პირობაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ დონალდ ტრამპის მთავრობის გადაბარების გუნდის წევრებს. პოლიტიკის მკვლევრების ნაწილი ვარაუდობს, რომ ბაიდენის აღნიშნული გადაწყვეტილება, უკრაინისათვის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვასთან ერთად, მისი მხრიდან მიზანმიმართული ნაბიჯია, რათა ხელისუფლების ჩაბარების შემდეგ დონალდ ტრამპს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება მოუწიოს და ახალი პრეზიდენტის რეიტინგი შემცირდეს.