უკრაინამ ბრიანსკის ოლქში რუსეთის იარაღის საწყობზე იერიში მიიტანა

უკრაინამ ბრიანსკის ოლქში რუსეთის იარაღის საწყობზე იერიში მიიტანა

დღეს უკრაინის მხრიდან ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. უკრაინის სარაკეტო ძალებმა რუსეთში, ბრიანსკის ოლქში არსებულ რუსეთის შეიარაღებული ძალების იარაღის საწყობზე იერიში MGM-140 ATACAMS-ის გამოყენებით მიიტანა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში სამხედრო-სტრატეგიულ სამიზნეზე იერიში ექვსი ერთეული ATACAMS-ის გამოყენებით განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა ხუთი რაკეტის გაუვნებლება შეძლო. ერთი რაკეტის ფრაგმენტები კი ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და მცირე მასშტაბის ხანძარი გამოიწვია, რაც მალევე ჩააქრეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარაკეტო შეტევას მსხვერპლი ან ზიანი არ მოჰყოლია. თუმცა გავრცელებული ვიდეომასალებით ირკვევა, რომ ბრიანსკის 1064-ე სარაკეტო-საარტილერიო საწყობის ტერიტორიაზე ათამდე აფეთქება მოხდა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული წარმოების შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების უფლება პრეზიდენტმა ბაიდენმა გუშინ მისცა. უკრაინის არსენალში არსებულ ამერიკულ რაკეტებს სამიზნის განადგურება 300 კმ-ის რადიუსში შეუძლია.

აშშ-ის მიერ უკრაინისათვის ნებართვის მიცემის საპასუხოდ, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ბირთვული დოქტრინის განახლებული ვერსია გამოაქვეყნა. განახლებული დოქტრინა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებს ამარტივებს და განმარტავს, რომ სახელმწიფოს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება მაშინაც აქვს, თუ მასზე თავდასხმას არაბირთვული ქვეყანა ახორციელებს, რომელსაც მხარს ბირთვული სახელმწიფო უჭერს.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განმარტებით, ბირთვული დოქტრინის განახლება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან შესაბამისობისთვის მოხდა. ახალი დოქტრინის თანახმად, უკრაინის მიერ დასავლეთის მიწოდებული არაბირთვული რაკეტების გამოყენება, რუსეთის მხრიდან ბირთვული პასუხის საბაბი შეიძლება გახდეს.