ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება

ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება

ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს. მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულება $100,000-იან ნიშნულს უახლოვდება. ამჟამად მისი ფასი $99,500-ია, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია.

ბიტკოინის ზრდის ასეთი ტემპი მეტწილად აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევითაა გამოწვეული, რომელიც კრიპტოვალუტებისათვის ხელსაყრელი რეგულაციების პოლიტიკის გატარებას გეგმავს. ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებების თანახმად, აშშ „პლანეტის კრიპტო-დედაქალაქი“ გახდება და სახელმწიფო ბიტკოინის ეროვნულ რეზერვს შექმნის.

ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულება მიმდინარე წელს უკვე გაორმაგდა. დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი მისი ფასი 40%-ით გაიზარდა.

ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $1.96 ტრილიონია. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კი მისი კაპიტალიზაცია $96 მილიარდით გაიზარდა. ამჟამად მიმოქცევაში 19.79 მილიონი ერთეული ბიტკოინია, რაც დაგეგმილი მთლიანი მიწოდების 94.22%-ს წარმოადგენს. სულ მიმოქცევაში 21 მილიონი ერთეული ბიტკოინი ჩაეშვება.

მთლიანად კრიპტოაქტივების საბაზრო კაპიტალიზაცია $3.3 ტრილიონია. შესაბამისად, ბიტკოინზე კრიპტოვალუტებში ჩადებული ინვესტიციების 60%-ზე მეტი მოდის. მეორე ყველაზე მსხვილ კრიპტოვალუტა ეთერიუმს ბაზრის 12% უკავია. ამჟამად მისი ღირებულება $3,380-ს შეადგენს.