2024 წლის 8 დეკემბერს სირიაში ასადების დინასტიის 54-წლიანი მმართველობა საბოლოოდ დასრულდა. პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ოჯახთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა და თავი რუსეთს შეაფარა. ძალაუფლება ხელში ოპოზიციურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, „სირიის განმათავისუფლებელმა ორგანიზაციამ“ (HTS) ჩაიგდო. აღნიშნული ორგანიზაცია დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, ევროპულ სახელმწიფოთა უმეტესობისა და რუსეთის მიერაც ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. HTS-ის ლიდერობით ოპოზიციური ძალების კონტრშეტევამ წარმატებას რამდენიმე დღეში მიაღწია და საბოლოოდ სირიის დედაქალაქის, დამასკოს, აღებით დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ სირია დიქტატორის გაქცევას და ქვეყნის ასადების დინასტიისაგან გათავისუფლებას ზეიმობს, ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს. კითხვების უმეტესობა პირველ რიგში HTS-სა და მის ლიდერს აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანის, ასევე რეგიონულ თუ გლობალურ აქტორებს მიემართება. რა კურსით განაგრძობს ქვეყანა სვლას და მოხდება თუ არა ტერორისტული ორგანიზაციის სირიის ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარება, ამას მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს. სტატიაში კი მიმოვიხილავთ, თუ რა მოხდა, რამ გამოიწვია კონტრშეტევის უეცარი წარმატება, როგორ პოზიციონირდებიან რეგიონული მოთამაშეები და რა შეიძლება შეიცვალოს სირია-საქართველოს ურთიერთობებში.
რედაქცია საკითხის შესახებ ექსპერტული მოსაზრებისთვის 2004-2018 წლებში სხვადასხვა არაბულ სახელმწიფოში, მათ შორის: იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთის სამეფოში, ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ერაყში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ეკატერინე მაიერინგ-მიქაძეს დაუკავშირდა. შესაბამისად, სტატიაში სხვადასხვა საკითხის შესახებ ეკატერინე მაიერინგ-მიქაძის მოსაზრებებიც შეგხვდებათ.
„სირიის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია“ (Hayat Tahrir al-Sham) და მისი ლიდერი აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანი
შამის, იმავე სირიის, გამათავისუფლებელი ორგანიზაცია სუნიტური ისლამისტური მოძრაობაა, რომელიც სირიის სამოქალაქო ომში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა. ორგანიზაცია დღევანდელი სახით 2017 წელს რამდენიმე დაჯგუფების გაერთიანებით ჩამოყალიბდა და ამ პროცესს ჰაშიმ ალ-შაიხი ხელმძღვანელობდა. ჰაშიმ ალ-შეიხი, იგივე აბუ ჯაბერ შეიხი ორგანიზაციის სულიერი ლიდერი და „შურას“ (იმავე საბჭოს) თავმჯდომარეა. თუმცა HTS-ის ხელმძღვანელი და სამხედრო ფრთის ლიდერი 2017 წლიდან აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანია.
ორგანიზაციის რიგებში ბოლო მონაცემებით 20,000-მდე მებრძოლი ირიცხება, მხარდამჭერთა რაოდენობა კი რამდენიმე ასეულ ათასს აღწევს. ნოემბრის ბოლოს დაწყებულ კონტრშეტევამდე HTS-ი, სხვა ოპოზიციური ძალების მსგავსად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, იდლიბის რეგიონში იყო გამაგრებულნი. თავდაპირველად HTS-ი ავღანური „ალ-კაიდას“ სირიულ ფრთას წარმოადგენდა და „ნუსრას ფრონტის“ სახელით მოქმედებდა. თუმცა დროთა განმავლობაში ორგანიზაციამ „ალ-კაიდასთან“ კავშირი გაწყვიტა და ლოკალურ მოძრაობად გარდაიქმნა.
თავად აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანი წარსულში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა და ტერორისტული ორგანიზაციის იერარქიაში მაღალ რგოლს წარმოადგენდა. „ისლამური სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებამდე კი ერაყში ამერიკული შენაერთების წინააღმდეგ იბრძოდა. აჰმად ჰუსეინ ალ-შარა, იგივე ჯოლანი, დიდი ალბათობით, სირიის ახალი მმართველი გახდება, თუმცა რა სტატუსით მოგვევლინება მისი ფიგურა – პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა თუ რაიმე სხვა – ჯერჯერობით უცნობია.
შესაძლოა, ალ-ჯოლანის ფიგურა დასავლურ წრეებშიც მისაღები კანდიდატურა აღმოჩნდეს. ის ფლობს ინგლისურ ენას, ინტერვიუებს აძლევს დასავლურ მედიასაშუალებებს და ცდილობს, ძალადობრივი განცხადებებისგან თავი შეიკავოს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში მანვე განაცხადა, რომ HTS-ის მიერ სირიის დაკავების შემდეგ შიიტ მუსლიმებსა თუ ქრისტიანულ უმცირესობებზე შურისძიება არ მოხდება.
საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სხვადასხვა სახელმწიფოებში, ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე ჯოლანის მიერ შიდაპოლიტიკური პროცესების მართვის პერსპექტივებზე საუბრობს. „ჯოლანის, რომელიც ახლა საკუთარ სამოქალაქო სახელს, აჰმად ალ-შარას დაუბრუნდა – რა თქმა უნდა, ისლამისტური წარსული აქვს. ალ-კაიდასგან გამოყოფით და სირიაში უფრო ნაციონალისტური აჯენდის დაფუძნებით კი მან ძალაუფლების ამბიცია გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი აჯენდაც ისლამისტური იდეოლოგიის გავლენის ქვეშაა, მისი სიტყვები და ჰაბიტუსი რაღაც ახალში გადაიზარდა. ჯოლანიმ ცალსახად განაცხადა, რომ რევოლუცია ყველა სირიელისთვის მოხდა და რომ მიზანს არც ერთი რელიგიური კონფესიის განადგურება არ წარმოადგენდა. დისკურსის თვალსაზრისით, ეს სირიული საზოგადოების პლურალიზმის აღიარებაა. თუმცა რამდენად მოხდება განცხადებების პრაქტიკაში რეალიზაცია, ამას დრო აჩვენებს. კონტრშეტევის პირველი დღეების განმავლობაში, HTS-ი დიდ ყურადღებას უთმობდა ახალი იმიჯის შექმნას, რომ ისინი არ დევნიდნენ და შეურაცხყოფდნენ ქრისტიანებსა და სხვა უმცირესობებს. შურისძიებაზე უარის თქმის ნიშანია მის მიერ სირიის შეირაღებულ ძალებში ყველა წვევამდელისათვის საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების გადაწყვეტილებაც“, – განაცხადა ეკატერინე მაიერინგ-მიქაძემ.
ორგანიზაციის წარმატებაში ჯოლანის, როგორც ლიდერის, როლი, დიდია. „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-კაიდას“ რიგებში მიღებული გამოცდილებით, ჯოლანიმ გადაწყვიტა, რომ HTS-ი ლოკალურ ნაციონალისტურ მოძრაობად უნდა გარდაქმნილიყო და მთელი ძალისხმევა ასადის რეჟიმის დამარცხებისკენ მიემართა. ამ მხრივ HTS-ი შეგვიძლია ავღანეთში „თალიბანის“ მოქმედებებს შევადაროთ, რომლის მიზანიც 2001 წელს დაკარგული ძალაუფლების დაბრუნება გახლდათ. თავისთავად, ამგვარ ტერორისტულ ორგანიზაციასაც კი, საერთაშორისო ლეგიტიმაციის მინიჭების უფრო დიდი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე, მაგალითად, „ისლამურ სახელმწიფოს“, რომლის ექსპანსიური მეთოდებიც ექსტრემიზმის ექსპორტით ხასიათდებოდა. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჯოლანის მიერ მხოლოდ ლოკალურ ოპოზიციურ მოძრაობად პოზიციონირება სტრატეგიული გათვლა გახლდათ.
წლების განმავლობაში იდლიბის რეგიონში სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის მართვით დაგროვებული გამოცდილებით, თურქეთის სამხედრო-ფინანსური მხარდაჭერითა და რეგიონში შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებით, სირიის ოპოზიციურმა კოალიციამ HTS-ისა და ჯოლანის მეთაურობით, სირიაზე ეფექტიანი კონტროლის დამყარება შეძლო.
მოვლენათა ქრონოლოგია
27 ნოემბერს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან მეორე დღეს სირიაში ოპოზიციურმა კოალიციამ სირიის სამთავრობო ძალებზე კონტრშეტევა წამოიწყო, თუმცა არავინ მოელოდა, რომ 11 დღეში ეს კონტრშეტევა ძალაუფლების სადავეების ხელში ჩაგდებით დასრულდებოდა.
27 ნოემბერი: ოპოზიციური კოალიციის მიერ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში წამოწყებული შეტევის შედეგად შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა კონტროლი დაამყარეს 15 სოფელზე სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოდან ჩრდილო-დასავლეთით. სირიის მთავრობამ კონტრშეტევას საჰაერო და საარტილერიო თავდასხმით უპასუხა.
28 ნოემბერი: კონტრშეტევის შედეგად იდლიბის რეგიონის ირგვლივ მდებარე სოფლები და დასახლებული პუნქტები ოპოზიციურ ძალებს უბრძოლველად ჩაბარდნენ.
29 ნოემბერი: 2016 წლის შემდეგ პირველად, ოპოზიციურმა კოალიციამ ალეპოში შესვლა და გამაგრება შეძლო. სირიის სამთავრობო ძალებმა მათ მინიმალური წინააღმდეგობა გაუწიეს.
30 ნოემბერი: ოპოზიციის ძალებმა აიღეს ალეპოს მთავარი მოედანი და აეროპორტი. ალეპოზე კონტროლი დაკარგეს სამთავრობო ძალებმა. ასადის სამხედრო ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ კონტრშეტევისთვის მზად არიან და მიმდინარეობს სხვა ქალაქების გამაგრება.
საღამოს ოპოზიციურმა ძალებმა ჰამას პროვინციაში 4 ქალაქის აღება მოახერხეს.
1 დეკემბერი: სირიის სამთავრობო ძალები კონტრშეტევაზე გადადიან. საჰაერო შეტევები განხორციელდა იდლიბსა და ალეპოში. დამასკოში სამუშაო ვიზიტით მიემართება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც და ასადს თეირანის მხარდაჭერას აღუთქვამს.
2-4 დეკემბერი: ჰამას ასაღებად შეტაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციური ძალების კონტრშეტევა შეუფერხებლად მიმდინარეობს და ყოველი დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული კილომეტრით სამხრეთისკენ მიიწევს. სირიის სამთავრობო ძალებს რუსეთის საჰაერო ძალების შეტევებიც ეხმარება. თურქეთი ბაშარ ალ-ასადს ოპოზიციასთან მოლაპარაკებისაკენ მოუწოდებს.
5 დეკემბერი: ოპოზიციურმა ძალებმა ქალაქი ჰამა აიღეს. სირიის სამთავრობო ძალები ქალაქის მისადგომებთან განლაგდნენ.
6 დეკემბერი: ჰამას შემდეგ ჰომსის, უმნიშვნელოვანესი ქალაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ქალაქის აღებით დამასკოს საზღვაო რეგიონებთან წვდომა შეეზღუდება.
7 დეკემბერი: სამთავრობო ძალების მიერ პოზიციების დატოვების შემდეგ, ოპოზიციურმა კოალიციამ ქალაქი ჰომსი აიღო. სრული კონტროლის დასამყარებლად მხოლოდ დამასკოს აღება რჩება.
8 დეკემბერი: ოპოზიციურმა ძალებმა HTS-ისა და კონკრეტულად აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანის მეთაურობით სირიის დედაქალაქი, დამასკო აიღეს. ჯოლანი დამასკოში ომაიანთა მეჩეთს ესტუმრა და ბაშარ ალ-ასადის დამარცხების შესახებ განაცხადა. ასადის დამარცხებას მან ისლამური ერის გამარჯვება უწოდა. ბაშარ ალ-ასადი ქვეყნიდან გაიქცა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან თავი რუსეთს შეაფარა.
ყველასათვის მოულოდნელად ბაშარ ალ-ასადს დახმარება არც ერთმა მოკავშირემ არ გაუწია. უკრაინაში შექმნილი სირთულეების ფონზე, რუსეთმა ასადისთვის სამხედრო ინფრასტრუქტურა ვერ გამოათავისუფლა. მეტიც, დამასკოს დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე სირიის სამხედრო პორტები დატოვა რუსეთის სამხედრო გემებმაც.
ასადს დახმარების ხელი არ გაუწოდა არც მისმა მთავარმა მოკავშირე ირანმა. მიუხედავად ირანის ხელისუფლების საჯარო პირობისა, ოპოზიციური კონტრშეტევის წინსვლის შესაჩერებლად ირანმა კონკრეტული სამხედრო ნაბიჯები არ გადადგა.
ბუნებრივია, დახმარებას ვერ შეძლებდა ლიბანური „ჰეზბოლაც“, რომელსაც ისრაელთან ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე დღის გაფორმებული ჰქონდა.
სირიაში წარმოდგენილი ჯგუფები
სირიაში მშვიდობის საბოლოოდ დამყარების საკითხს ისიც ართულებს, რომ ასადის რეჟიმის გადაგდების შემდეგაც გავლენის სფეროების განაწილებისათვის ბრძოლას მრავალი მონაწილე ეყოლება. ქვეყნის ტერიტორიაზე ერთბაშად ათამდე სხვადასხვა ინტერესის, საგარეო მხარდაჭერის, რელიგიისა თუ ეთნოსის მქონე ჯგუფი ფუნქციონირებს.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ოპოზიციურ კოალიციას „სირიის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია“ ხელმძღვანელობს, ის რამდენიმე აქტორს აერთიანებს. გარდა HTS-ისა, სირიის ჩრდილოეთით გარკვეულ ტერიტორიებს აკონტროლებს სირიის „დროებითი მთავრობაც“, ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე აჯანყებულ დაჯგუფებას და „სირიის ეროვნულ არმიას“ აერთიანებს. მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს „სირიის თავისუფალი არმიაც“, რომელსაც მხარს შეერთებული შტატები უჭერს და რომელიც სირიის ერაყთან და იორდანიასთან სასაზღვრო ტერიტორიებს აკონტროლებს. ანგარიშგასაწევი ძალაა „სირიის სამხრეთის ფრონტიც“, რომელიც ძირითადად შეიარაღებული დრუზების ტომებისგანაა დაკომპლექტებული.
მეტწილად, სირიის ოპოზიციური ძალები საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად ერთი ორგანიზაციის, „სირიის რევოლუციური და ოპოზიციური ძალების ეროვნული კოალიციის“ საფარქვეშ ერთიანდებიან. ორგანიზაციის შტაბბინა თურქეთში, სტამბოლში მდებარეობს და ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე საერთაშორისო თანამეგობრობასთან მოლაპარაკებებს აქამდე სწორედ აღნიშნული სუბიექტი აწარმოებდა. აღნიშნული ორგანიზაცია პოლიტიკური საბჭოს სტრუქტურით ფუნქციონირებს, რომელიც ოპოზიციური ძალების წარმომადგენელი 114 დელეგატისაგან შედგება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია სირიის ჩრდილოეთით არსებული ავტონომიური ერთეული, ქურთებით დასახლებული რეგიონები და აქ გამაგრებული შეიარაღებული ძალები. ქურთების დაჯგუფებებს ხელმძღვანელობას „სირიის დემოკრატიული ძალები“ უწევს, რომელსაც იარაღითა და შესაბამისი სწავლებებით შეერთებული შტატები ამარაგებს.
ჩვენ მიერ აღწერილი დაჯგუფებების გარდა, სირიის ტერიტორიაზე კიდევ ათობით სხვადასხვა აჯანყებული ჯგუფი ფუნქციონირებს. თუმცა დღევანდელი მოცემულობით, სირიაზე ეფექტიან კონტროლს სწორედ HTS-ი და მისი ლიდერი ალ-ჯოლანი ამყარებს. შესაბამისად, გავლენების დანაწილების დაუსრულებელ წრეზე შესვლა/არშესვლის საკითხი მეტწილად სწორედ ჯოლანის გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.
ამასვე ადასტურებს რეგიონის ქვეყნებში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკატერინე მაიერინგ-მიქაძეც. „პროცესებში HTS-ის მთავარი როლის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ მათი ხელმძღვანელობა ძლიერი პოლიტიკური აქტორი იქნება. HTS-მა ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შენარჩუნების აუცილებლობასაც. საკვანძო საჯარო პოზიციებზე კი შევსება მიმდინარეობს. ძალაუფლების განაწილების პროცესი ქვეყნისთვის რისკი აღმოჩნდება თუ შესაძლებლობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პოზიციონირდება HTS-ი – როგორც დომინანტური ძალა, თუ როგორც ზომიერი. ძალაუფლების განაწილების პროცესი შესაძლოა სხვადასხვა გზით წარიმართოს. ერთპიროვნული გავლენის დამკვიდრების შემთხვევაში, კვლავ არასტაბილურობას მივიღებთ. ძალაუფლების განაწილება კი შესაძლოა სხვადასხვა ინტერესისა და ხედვის წარმატებით დაბალანსების წინაპირობა იყოს და ამით სტაბილურობის წყარო გახდეს. იმედი მაქვს, სირიელი ხალხი, სულ მცირე, ეცდება თანამშრომლობისა და კოოპერაციის პრინციპებს შანსი მისცეს”, – განაცხადა მან.
რეგიონული მოთამაშეები
ბუნებრივია, სირიაში მიმდინარე მოვლენებზე გადამწყვეტი გავლენა რეგიონული თუ გლობალური აქტორების ჩართულობამ ან პასიურობამ მოახდინა. სირიაში სტატუს-კვოს შენარჩუნებით ან შეცვლით ერთბაშად რამდენიმე მოთამაშეა დაინტერესებული.
რუსეთი: სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ერთ-ერთ მთავარ მოქმედ სუბიექტს წარმოადგენდა. ის ბაშარ ალ-ასადის დიქტატურის საყრდენი გახლდათ. თავის დროზე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ძალისხმევის საკუთარი წილის შეტანის საბაბით სირიაში გამაგრებული რუსეთის არმიის ნაწილები აქ 10 წელზე მეტხანს დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბაშარ ალ-ასადი პუტინს მთავარ მოკავშირედ თვლიდა, ამ უკანასკნელმა ოპოზიციური ძალების კონტრშეტევის შესაჩერებლად, ფაქტობრივად, არაფერი მოიმოქმედა. ბაშარ ალ-ასადმა პუტინს დახმარება 29 ნოემბერს მოსკოვში ჩასვლისას პირადად სთხოვა, თუმცა მისგან რეალური პირობა ვერ მიიღო. რუსეთი სირიაში სიტუაციის განმუხტვას თურქეთთან მოლაპარაკების გზით შეეცადა, თუმცა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. საბოლოოდ, მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც რუსეთმა ასადისთვის შეძლო, მისთვის თავშესაფრის მიცემაა.
თურქეთი: ბოლო წლების განმავლობაში სირიაში მიმდინარე შიდა პროცესებში თურქეთის როლი ერთმნიშვნელოვნად გაიზარდა. 2018-19 წლებში იდლიბის დემილიტარიზაციის გარანტად პოზიციონირებული თურქეთი რეალურად ოპოზიციური ძალების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი აღმოჩნდა. 2020 წელს რუსეთმა და თურქეთმა იდლიბის პროვინციაში ერთობლივი პატრულირების შეთანხმებაც გააფორმეს, რათა მთავარი მაგისტრალის M5-ის უსაფრთხოება დაეცვათ. ასადის რეჟიმის დამარცხება და სირიიდან რუსეთის გავლენების გაქრობა თურქეთისთვის ეკონომიკურად და სოციალურად მომგებიანია. კატარიდან თხევადი ბუნებრივი აირის თურქეთის გავლით ევროპისთვის მიწოდების ჯაჭვის მთავარი წინაღობა აქამდე სწორედ სირია და ასადის მთავრობა გახლდათ. საუდის არაბეთის, იორდანიის, სირიის და თურქეთის გავლით ევროპისთვის კატარული LNG-ის მიწოდებით კი რუსულ ბუნებრივ აირზე მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება. აღნიშნული საკითხი რუსეთსა და თურქეთს შორის სირიაში დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ. გარდა ამისა, თურქეთი სირიის კონფლიქტის დასრულებას და ასადის რეჟიმის დამარცხებას 2 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილის უკან დასაბრუნებლად აქტიურად გამოიყენებს. აღნიშნული საკითხი თურქეთისთვის ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური თემაა.
ირანი: რუსეთის გარდა სირიაში ასადის დიქტატურის ერთ-ერთი მთავარი გარანტი სწორედ ირანი გახლდათ. ირანი სირიას ისრაელზე თავდასხმის პლაცდარმად აქტიურად იყენებდა. ორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები ერთმანეთთან ინფორმაციას მუდმივად ცვლიდნენ, ისრაელზე თავდასხმების დროს კი ირანელი მაღალი რანგის პირები შეტევებს სწორედ სირიიდან ორკესტრირებდნენ. სირიაში ასადის რეჟიმის დამხობით, ირანმა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მარიონეტული ძალა დაკარგა, რითიც მისი პოზიციები საუდის არაბეთთან მიმართებით, მნიშვნელოვნად შესუსტდა.
ისრაელი: სირიის ოპოზიციური ძალების მიერ ასადის რეჟიმის დამხობით დიდ წარმატებას მიაღწია ისრაელმაც. „ჰამასთან“, „ჰეზბოლასთან“ და ირანთან დაპირისპირების პროცესში, სირია და ასადის მთავრობა ისრაელისათვის ყოველთვის დამატებით ფრონტს და შედეგად ძირითად სამიზნეზე შესუსტებულ ძალისხმევას წარმოადგენდა. ასადიტების ბატონობის დასრულებით კი ისრაელმა გოლანის მაღლობებზე ბუფერული ზონის შექმნის ახალი შესაძლებლობა მიიღო. აღნიშნულის განხორციელებისათვის ისრაელმა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასადის დამარცხებით სირიიდან მომდინარე საფრთხეები ისრაელისათვის სრულად არ განეიტრალებულა. ჯოლანის მოწოდების მიუხედავად, ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით, წინასწარი დასკვნების გამოტანა ნაადრევია.
სირია და საქართველო
ბუნებრივია, როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ ცვლილებას, სირიაში ასადის რეჟიმის დამხობას გარკვეული გავლენა საქართველოზეც ექნება. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ბაშარ ალ-ასადმა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა, რის გამოც საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ამავე წელს ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ დამასკოში დეფაქტო საელჩო გახსნა.
საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტმა ნასრ ალ-ჰარირიმ, სირიის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე, მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. ამასთან, მან მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
„რამდენიმე დღის წინ სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ გენერალური სამდივნოს სხდომის ფარგლებში, ჩვენ გავმართეთ შეხვედრა საქართველოს ელჩთან საუდის არაბეთში, სადაც ვისაუბრეთ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და „წითელ ხაზებზე“, რომელთა გადაკვეთაც არ შეიძლება. ეს პრინციპებია: ერთიანობა, სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სირიელი ხალხის ერთობა. გვსურს, ეს პრინციპები იყოს დაცული როგორც ჩვენს, ასევე სხვა ქვეყნების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „აღიარებას“ – განაცხადა ნასრ ალ-ჰარირიმ.
2018 წელს საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა, სირიის „უმაღლესი მოლაპარაკებების კომიტეტის“ პრეზიდენტსა და სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ნაციონალური კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდა და ასადის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილა. მაშინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ფონზე, სირიის ოპოზიციური ძალების მიერ არაღიარებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება „მნიშვნელოვანი მოვლენა იყო“, რადგან აღნიშნული ძალები „სირიის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ“.
საინტერესოა, რამდენად შეინარჩუნებს წარსულ პოზიციას სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ნაციონალური კოალიცია, რომელიც სირიის ახალი ხელისუფლების პირობებში ანგარიშგასაწევი პოლიტიკური სუბიექტი იქნება. ბუნებრივია, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევის გადაწყვეტილება მეტწილად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიურ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული.
ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე მოელის, რომ HTS-ის რუსეთთან დამოკიდებულება ხისტი არ იქნება. „კრემლმა ჰმეიმიმის ავიაბაზასა და ტარტუსის პორტში სამხედრო თანამშრომლობის სურვილი ახალ ხელისუფალთან უკვე გამოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ამ ძალებს ტერორისტებად მოიხსენიებდა. არსებობს მოლოდინი, რომ 2015 წლის შემდეგ რუსეთის მიერ ოპოზიციური ძალების პოზიციების აქტიური დაბომბვის გამო, სირიის ახალი ხელისუფლება რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას სრულად გაწყვეტს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სირიაში სხვა მრავალი საერთაშორისო აქტორი იმყოფება, მათი გავლენების დასაბალანსებლად შესაძლოა ახალ მთავრობას რუსეთთან პარტნიორობაც დასჭირდეს. რუსეთთან პარტნიორობა სირიის მთავრობისთვის საჭირო იქნება იმ თვალსაზრისითაც, რომ შენარჩუნდეს სირიის შეიარაღებული ძალების ეფექტურობა, რადგან ის ათწლეულების განმავლობაში ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსული შეიარაღებითაა აღჭურვილი.“ – განაცხადა მან.
რეგიონის სახელმწიფოებში საქართველოს ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევის საკითხი ჯერჯერობით სირიის ოპოზიციური ძალების დღის წესრიგში არ არის. ამის მიზეზი სწორედ რუსეთთან შესაძლო სამომავლო პარტნიორობაა. „ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიურ ინიციატივებში აქტიური ჩართულობა დასჭირდება, რათა სირიის ახალმა მთავრობამ ასადის რეჟიმის აღიარება უკან გაიწვიოს“.
რას ველოდოთ მომავალში?
პოლიტიკის მკვლევარები და რეგიონის ექსპერტები აცხადებენ, რომ სირიაში დიქტატურა დასრულდა, თუმცა გაურკვევლობამ დაისადგურა. იმის გარკვევა თუ რა მიმართულებით მოხდება სირიის განვითარება, სულ მცირე, იქამდე გართულდება, სანამ პროცესები მეტ სიცხადეს არ შეიძენს.
შიდაპოლიტიკური სიტუაციის დალაგებაზე დიდი გავლენა ექნება აშშ-ის პოზიციასაც, რომელიც ამ დრომდე პროცესში დამკვირვებლის როლს უფრო ასრულებს. იმის გათვალისწინებით კი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ჯოლანის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის $10-მილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული, ჯერჯერობით ამერიკულ მხარესა და HTS-ს შორის რაიმე სახის მოლაპარაკების დაწყებაზე საუბარი ნაადრევია. პირველ ეტაპზე, დიდი ალბათობით, შეერთებულ შტატებს „სირიის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიიდან ამოღება მოუწევს. თუმცა აშშ-ის მთავრობას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გარანტიების გარეშე გაუჭირდება. გარანტიები კი, პირველ რიგში, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ქურთებზე HTS-ის თავდასხმების შეჩერებას უნდა შეეხოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გასული დღეების განმავლობაში HTS-მა სირიის ჩრდილოეთით ქალაქ მანბიჯში, ქურთების პოზიციებზე იერიში რამდენჯერმე მიიტანა.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სირიაში ასადის რეჟიმის დასრულებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ომისგან ტანჯვაში მყოფი სირიელი ხალხისათვის ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომ საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობა დაიწყონ. მანვე აღნიშნა, რომ განვითარებულ მოვლენებს თან რისკი და გაურკვევლობა ახლავს და ყველამ მხოლოდ ერთი კითხვა უნდა დასვას – რა იქნება მომავალში?
შეგახსენებთ, რომ სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში ამჟამად 900-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სურვილი და სირიიდან აშშ-ის სამხედრო კონტიგენტის სრულად გაყვანაა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთი რეგიონში გავლენების შენარჩუნებას შეეცდება. ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე აღნიშნავს, რომ რუსეთი ერაყთან და ირანთან ურთიერთობებს განამტკიცებს. „რუსეთი განავითარებს პარტნიორობას სპარსეთის ყურის ნავთობისა და გაზის მწარმოებელ ქვეყნებთანაც, რადგან ისინი მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე საერთო სტრატეგიულ ინტერესებს იზიარებენ. სირიაში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა ასადის რეჟიმის მხარდაჭერას ემსახურებოდა. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ჰმეიმიმისა და ტარტუსის სამხედრო ბაზები რუსეთის გავლენების აფრიკაში, განსაკუთრებით ლიბიასა და საჰელის ქვეყნებში გავრცელებისთვისაც მნიშვნელოვანი საყრდენი გახდა“ – განაცხადა ეკატერინე მაიერინგ-მიქაძემ.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სირიის სამომავლო განვითარების პერსპექტივა და უკეთესი სისტემის ჩამოყალიბების გასაღები ამჯერად სირიელების ხელშია. იმას, თუ როგორ გამოიყენებენ ისინი ამ შესაძლებლობას, მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
შეჯამების სახით, უნდა აღინიშნოს, რომ სირიაში ასადების დინასტიის 54-წლიანი მმართველობის დასრულებით ახლო აღმოსავლეთში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიქმნა. განახლებული სტრატეგიული კონტექსტი და უსაფრთხოების გარემო რეგიონში გავლენათა განაწილებას მნიშვნელოვნად შეცვლის. შედეგად, შეიძლება მივიღოთ როგორც ახალი ალიანსები, ისე არსებული ალიანსების დაშლა.