სლოვაკეთის მთავრობა მამუკა მამულაშვილს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

სლოვაკეთის მთავრობა მამუკა მამულაშვილს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

სლოვაკეთის მმართველი პარტია „სმერის“ მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ აღკვეთილი გადატრიალების მცდელობის უკან უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი დგას. შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ გადატრიალების მცდელობის შესახებ მინიშნება გასულ კვირას ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე განცხადებისას გააკეთა.

მამუკა მამულაშვილი გადატრიალების მოწყობაში სლოვაკეთის მმართველი პარტიის წევრმა და პრემიერ-მინისტრ ფიცოს მთავარმა მრჩეველმა, ერიკ კალინაკმა დაადანაშაულა. ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სლოვაკეთის მმართველი პარტია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენაში საგარეო აქტორებს ადანაშაულებს. მსგავსი ბრალდებები სლოვაკეთის მმართველ პარტიას ვოლოდიმირ ზელენსკის, ჯორჯ სოროსისა თუ სლოვაკეთში აშშ-ის საელჩოს მისამართითაც გაუჟღერებია.

რობერტ ფიცოს მთავარი მრჩეველი საქართველოსა და სლოვაკეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებს შორის მსგავსებას ხედავს და აღნიშნავს, რომ ორივე სახელმწიფოში პროტესტის მთავარი მიზანი კონფლიქტის გაღვივებაა. „სლოვაკეთის მსგავსად, ორგანიზატორები საქართველოშიც არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უცხოეთიდან ფინანსდებიან,“ – განაცხადა ერიკ კალინაკმა.

სლოვაკეთის მთავრობა უახლოეს მომავალში საქართველოსა და უნგრეთში მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მსგავსი კანონპროექტის დარეგისტრირებას გეგმავს.

სლოვაკეთის მმართველი პარტიის ბრალდებას უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. „ქართული ლეგიონი უარყოფს სლოვაკი ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ აბსურდულ ბრალდებას, რომელიც პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობაში ჩვენს მონაწილეობას ეხება. აღნიშნული ბრალდების მიზანი ჩვენი დანაყოფის დისკრედიტირების მცდელობაა, რომელიც 2014 წლის შემდეგ უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის,“ – განაცხადა დანაყოფის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა.