პუტინმა შესაძლოა აშშ-სთან იშვიათი ტუტემიწა მეტალების თაობაზე შეთანხმება გააფორმოს

პუტინმა შესაძლოა აშშ-სთან იშვიათი ტუტემიწა მეტალების თაობაზე შეთანხმება გააფორმოს

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იშვიათი ტუტემიწა მეტალების შესახებ მთავრობის წევრებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. პუტინი აშშ-ს მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში რუსეთის იშვიათი ტუტემიწა მეტალების მარაგების ერთობლივ მოპოვებას, ასევე რუსული ალუმინის მიწოდებას სთავაზობს.

ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე რუსეთთან მასშტაბური ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივის შესახებ თავად დონალდ ტრამპმაც ისაუბრა. მინისტრებთან, ეკონომისტებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან იშვითი ტუტემიწა მეტალების საკითხზე შეხვედრა პუტინმა ტრამპის აღნიშნული განცხადებიდან ორ საათში დანიშნა.

შეხვედრის შემდეგ პუტინმა ტელევიზიისთვის კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, რუსეთი მზადაა, ამერიკელ პარტნიორებს ერთობლივი პროექტები შესთავაზოს. მისი განმარტებით, პარტნიორებში არა მხოლოდ სამთავრობო და ადმინისტრაციული სტრუქტურები, არამედ კომპანიები და ბიზნესებიც იგულისხმება. „ჩვენ უდავოდ იმაზე მნიშვნელოვნად მეტი რესურსი გვაქვს [იშვიათი ტუტემიწა მეტალების], ვიდრე უკრაინას“, – აღნიშნა მან. პუტინის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათი ტუტემიწა მეტალების თაობაზე პოტენციური შეთანხმება მისთვის წინაღობას არ წარმოადგენს.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის უკანასკნელი მონაცემების თანახმად, რუსეთი იშვიათი ტუტემიწა მეტალების მსოფლიოში მეხუთე ყველაზე დიდი მფლობელია. ჩინეთის, ბრაზილიის, ინდოეთისა და ავსტრალიის შემდეგ, რუსეთში აღნიშნული წიაღისეული ყველაზე დიდი მოცულობით (3.8 მილიონი ტონა) გვხვდება.

შეგახსენებთ, იშვიათი ტუტემიწა მეტალები ისეთი პროდუქტების წარმოებაში გამოიყენება, როგორიცაა: ელექტრომობილები, მობილურები, სარაკეტო სისტემები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. რუსეთში ყოველწლიურად 2,500 ტონა იშვიათი ტუტემიწა მეტალი მოიპოვება. პუტინის მინიშნებით, აშშ-სთან შეთანხმების შემთხვევაში აღნიშნული წიაღისეულის მოპოვება აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზეც იქნება შესაძლებელი.