აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ ხუთი კრიპტოვალუტის სია გამოაქვეყნა, რომლებიც მისი ინიციატივით დაფუძნებული სტრატეგიული რეზერვის შემადგენლობაში უნდა იყოს. ტრამპის მიერ Truth-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, იანვარში ხელმოწერილი ციფრული აქტივების აღმასრულებელი ბრძანების შედეგად, აშშ-ში XRP-ის, Solana (SOL)-ის, Cardano (ADA)-ს, Bitcoin-ისა და Ethereum-ის სტრატეგიული რეზერვი შეიქმნება.
ტრამპის აღნიშნული განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც კრიპტოსაზოგადოებისათვის, ისე ფინანსისტებისთვის. Bitcoin-ის სტრატეგიული რეზერვის შექმნაზე ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა. თუმცა სტრატეგიულ რეზერვში დანარჩენი ოთხის, განსაკუთრებით კი XRP-ის, Solana-სა და ADA-ს მოხვედრას საზოგადოება ნაკლებად ელოდა.
შესაბამისად, აღნიშნული სამი კრიპტოვალუტის ღირებულება, სიახლის გავრცელების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ADA-ს ფასი კრიპტოვალუტის სტრატეგიულ რეზერვში პოტენციურად მოხვედრის დაანონსების შემდეგ დაახლოებით 80%-ით გაიზარდა, თუმცა 1 დღის შემდეგ კრიპტოვალუტის ღირებულება კვლავ შემცირდა და $0.8-ზე დასტაბილურდა. სიახლის გავრცელებამდე მისი ფასი $0.65 იყო.
მსგავსი ეფექტი ჰქონდა ტრამპის განცხადებას XRP-ის ღირებულებაზეც, რომლის ფასიც $2.2-დან $2.89-მდე გაიზარდა. თუმცა ADA-ს მსგავსად, მისი ღირებულებაც ერთ დღეში შემცირდა და ამჟამად $2.3-ს შეადგენს. ცნობისთვის, XRP საბაზრო კაპიტალიზაციით მესამე ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტაა ($137 მილიარდი).
Solana-ს ღირებულებაც სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად გაიზარდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ საწყის ნიშნულზე დაბლა ჩამოვიდა. ამჟამად მისი ღირებულება $137-ია.
სტრატეგიულ რეზერვში Bitcoin-ისა და Ethereum-ის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტების მოხვედრის ალბათობა, ისედაც მაღალი იყო. თუმცა ტრამპის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ ამ კრიპტოვალუტების ღირებულებაზეც მოახდინა გავლენა და მათი ფასი დაახლოებით 10-10%-ით გაიზარდა.