სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მეოთხე თვეა, სტუდენტთა ორგანიზებით დაწყებული ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს. გასულ შაბათ-კვირას დედაქალაქის ქუჩებში ასიათასობით ადამიანი კიდევ ერთხელ გამოვიდა და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტისა და მისი მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტა. სერბეთში ანტისამთავრობო გამოსვლები გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ნოვი-სადში რკინიგზის სადგურში სახურავის ჩამონგრევას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მომიტინგეები მომხდარ ტრაგედიას ქვეყანაში გამეფებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებენ.
სერბეთის მთავრობის შეფასებით, გასულ შაბათს, 15 მარტს, ბელგრადში გამართულ საპროტესტო აქციაზე 107,000 ადამიანი გამოვიდა. თუმცა, მონიტორინგის დამოუკიდებელი ჯგუფის მონაცემით, შაბათ დღეს მომიტინგეთა რაოდენობამ 325,000-ს მიაღწია. ამ გაანგარიშებით, შაბათის საპროტესტო აქცია ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალია. მომიტინგეთა შორის იყვნენ სტუდენტები, მასწავლებლები, უშუალოდ დედაქალაქისა და ნოვი-სადის მცხოვრებნი.
15 მარტის აქციისას, მაშინ, როდესაც დემონსტრანტები 15-წუთიანი დუმილით დაღუპულებს პატივს მიაგებდნენ, ქუჩებში უცნაური ხმა გაისმა, რამაც აქციის მონაწილეთა შორის პანიკა გამოიწვია. სერბი ოპოზიციონერებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მტკიცებით, აქციის დასაშლელად მთავრობამ აკრძალული აკუსტიკური იარაღი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შაბათის აქციაზე სულ 22 ადამიანი დააკავეს, 56 პირი კი დაშავდა. თავის მხრივ, სერბეთის ხელისუფლება აკრძალული იარაღის გამოყენებას უარყოფს და აცხადებს, რომ აკუსტიკური იარაღი მათ არსენალში საერთოდ არ ირიცხება.
საპროტესტო ტალღის განმავლობაში, სერბეთის მთავრობის სტუდენტური მოძრაობის კრიტიკისგან მაქსიმალურად თავს იკავებს, თუმცა პროცესში გარე ძალების ჩართულობაზე აქტიურად საუბრობს. „მთავრობაში თითოეულმა პირმა უნდა გაიაზროს ის გზავნილი, რომელიც ქუჩაში მსგავსი რაოდენობის დემონსტრანტების გამოსვლიდან მოდის. ჩვენ საკუთარი თავი უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა პრესკონფერენციაზე.
ანტისამთავრობო პროტესტი თავდაპირველად მატარებლის სადგურის ნგრევის საპასუხოდ გამოსვლით დაიწყო, რომელზედაც მომიტინგეებმა ვუჩიჩის მთავრობას წითლად შეღებილი ხელი აჩვენეს, როგორც მომხდარში ხელისუფლების ბრალეულობის სიმბოლო. თუმცა ეტაპობრივად, გამოსვლები უფრო ფართომასშტაბიან ნაციონალურ ტალღაში გადაიზარდა, მთავრობის არასწორი პრაქტიკის, სისტემური კორუფციისა და სუსტი ინსტიტუციური ზედამხედველობის წინააღმდეგ.
მომიტინგეთა მხრიდან წამოჭრილი მოთხოვნებისა და კრიტიკის ფონზე, სერბეთის სატრანსპორტო სექტორის მინისტრმა გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების შემდეგ, პროკურატურამ მას და 12 სხვა პირს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის წესების დარღვევისთვის ბრალი წარუდგინა. იანვარში, ანტიკორუფციული პროტესტების ფონზე, თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრემიერი მილოშ ვუჩევიჩიც.
მიუხედავად რიგი ცვლილებებისა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება. შაბათის აქცია, უდავოდ, სერბეთის თანამედროვე ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და გამოწვევებით სავსე გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ვუჩიჩის მთავრობამ დააკმაყოფილა მომიტინგეების ზოგიერთი მოთხოვნა, მან მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე განაცხადა, რომ საპროტესტო მოძრაობა ფინანსდება უცხო ძალების მიერ სერბეთის დესტაბილიზაციის მიზნით.
რამდენიმე კვირის წინ, პრეზიდენტი ვუჩიჩი ტრამპ ჯუნიორთან პოდკასტშიც მონაწილეობდა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და პროტესტში, გარე ძალების ჩართულობაზე ისაუბრა. ვუჩიჩმა, საპროტესტო მოძრაობას „იმპორტირებული რევოლუცია“ უწოდა და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საპროტესტო აქციებსა და სერბეთში პოლიტიკურ კრიზისში მონაწილეობდნენ, საზღვარგარეთიდან, კერძოდ კი, USAID-ის და სხვა ორგანიზაციების მიერ ფინანსდებოდნენ.
პრეზიდენტის ამ განცხადებამ სამოქალაქო საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია. არასამთავრობო და უფლებადამცველი ჯგუფების მიერ, ვუჩიჩის მხრიდან USAID-ის და სხვა ორგანიზაციების დადანაშაულება კრიტიკოსების გაჩუმებისა და შეშინების მცდელობადაც შეფასდა.
რაც შეეხება უშუალოდ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევას. პოსტკომუნისტური ქვეყნების უმეტესობის მსგავსად, მეოცე საუკუნის ინფრასტრუქტურა სერბეთშიც მრავლადაა შემორჩენილი და განახლებას საჭიროებს. ნოვი-სადის რკინიგზის სადგური 1964 წელს აშენდა, ხოლო მთავრობამ მისი განახლება 2021 წელს, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში დაიწყო. ჩინეთის გეგმა, ბელგრადი-ნოვი სად-ბუდაპეშტის ხაზის მოდერნიზებას და ბუდაპეშტი-ბელგრადი-სკოპიე-ათენის პორტში მის ინტეგრირებას ითვალისწინებს.
მიუხედავად იმისა, რომ ვუჩიჩი „სარტყლისა და გზის“ ინვესტიციებზე აქტიურად საუბრობდა და ამას მისი მთავრობის წარმატებას მიაწერდა, ბევრი კრიტიკოსი თვლის, რომ უბედური შემთხვევა სწორედ ვუჩიჩის ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციის დამსახურებაა. კერძოდ კი, ნეპოტიზმის, დაჩქარებით გაფორმებული კონტრაქტებისა და ექსპერტთა ზედამხედველობის ნაკლებობის, რამაც საბოლოოდ ტრაგედია გამოიწვია.
ვუჩიჩმა, რომელიც სერბეთის პრეზიდენტის პოსტს 2017 წლიდან იკავებს, ამ დრომდე სიტუაციის გამოსწორება არაერთი გზით სცადა. მათ შორის მინისტრების გადაყენებითა და რკინიგზის სადგურის მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნებით. თუმცა მომიტინგეთა პროტესტის შეჩერება ვერც ამ ფორმით მოახერხა. პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გადაცდომები ვუჩიჩის მთავრობის მხრიდან კვლავ განმეორდება დაპრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ.