BYD-ის ახალი ტექნოლოგიით EV-ების დამუხტვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი

BYD-ის ახალი ტექნოლოგიით EV-ების დამუხტვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი

ელექტრომობილების ჩინურმა ავტომწარმოებელმა, BYD-მ ინდუსტრიაში გარდამტეხი ინოვაცია წარადგინა. კომპანიის განცხადებით, მათ შექმნეს ელექტრომობილების დამტენი ტექნოლოგია, რომლის გამოყენებითაც ავტომობილის დატენა ხუთ წუთში იქნება შესაძლებელი, ანუ იმდენივე დროში, რაც სატრანსპორტო საშუალების საწვავით გასავსებადაა საჭირო.

ელექტრომობილების ახალ ინფრასტრუქტურას 1,000-კილოვატიანი დამტენი ექნება, რაც Tesla-ს 250-კილოვატიან დამტენებზე ოთხჯერ უფრო მძლავრია. Tesla-ს დამტენებს ელექტრომობილებისთვის 320 კილომეტრის დამატება 15 წუთში შეუძლია. BYD-ის ტექნოლოგიით კი 400 კილომეტრის დამატება 5-დან 8 წუთამდე დროში იქნება შესაძლებელი. ცნობისათვის, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla წელს 500-კილოვატიანი დამტენების ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს.

BYD-ის ახალი დამტენი პლატფორმის, Super E-Platform-ის დაანონსების შემდეგ კომპანიის აქციათა ღირებულება 4%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კომპანია წელს ჩინეთის მასშტაბით 5,000 ასეთი პლატფორმის აშენებას გეგმავს.

დამუხტვის დიდი დრო დღემდე იმ მთავარ მიზეზად რჩებოდა, რის გამოც მომხმარებლები ელექტრომობილების პრაქტიკულობას სკეპტიკურად უყურებდნენ. BYD-ის ინოვაცია კი აღნიშნულ გამოწვევას მარტივად აგვარებს. გარდა ამისა, ინოვაცია ინდუსტრიაში კონკურენციასაც გაზრდის, რაც სამომავლოდ ტექნოლოგიას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.