კანადის არჩევნებში მარკ კარნის ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა

კანადის არჩევნებში მარკ კარნის ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა

წინასწარი მონაცემებით, კანადის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მარკ კარნის ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა. თუმცა უცნობია, შეძლებს თუ არა პარტია კანადის თემთა პალატაში უმრავლესობის დამოუკიდებლად მოპოვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარნის პარტიას კოალიციურ  პარტნიორებთან გაერთიანება დასჭირდება. კონსერვატორების ლიდერმა პიერ პუალიევრმა დამარცხება უკვე აღიარა და კარნის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ბოლო მონაცემებით, კანადის საყოველთაო ვადამდელ არჩევნებში ლიბერალებმა 165 ადგილი მოიპოვეს, ხოლო კონსერვატორებმა – 147. აბსოლუტური უმრავლესობისთვის 172 ადგილია საჭირო. მიღებული ხმების მიხედვით, ორ პარტიას შორის სხვაობა შედარებით უფრო მცირე იყო. ლიბერალებმა 43%, ხოლო კონსერვატორებმა ხმების 41.7% მიიღეს.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, კანადის პრემიერი ოტავაში, მხარდაჭერების წინაშე სიტყვით გამოვიდა და რიგ საკითხებთან ერთად, აშშ-სთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. კარნიმ შეერთებული შტატები „ზოგჯერ მტრულად განწყობილ“ მეზობლად მოიხსენია და ტრამპის მიერ ანექსიის მუქარასაც შეეხო.

„ამერიკას ჩვენი მიწა, ჩვენი რესურსები, ჩვენი წყალი სურს. ეს უბრალო მუქარა არ გახლავთ. ტრამპი ცდილობს გაგვტეხოს, რათა ამერიკამ ჩვენი დასაკუთრება შეძლოს. თუმცა ეს არასდროს მოხდება“, – განაცხადა კარნიმ და დასძინა, რომ აშშ-კანადის ურთიერთობა, რომელიც მზარდ ინტეგრაციაზე იყო დაფუძნებული, „დასრულდა“.

კარნიმ თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებსა და მეზობლებს, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპის სამიზნეები არიან. ჩვენ მოვიგებთ ამ სავაჭრო ომს და ავაშენებთ G7-ის ყველაზე ძლიერ ეკონომიკას“.

შეგახსენებთ, რომ კარნი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარედ მარტის დასაწყისში აირჩიეს. მან პრემიერის თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო შეცვალა, რომელიც პოსტს 2015 წლის შემდეგ იკავებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ქვეყანაში მისი რეიტინგი გაუარესდა და ტრიუდომ ლიბერალურ პარტიას კენჭისყრის დაჩქარებული წესით ჩატარების მოთხოვნით მიმართა.