Bloomberg News-ის მიმოხილვის თანახმად, Alphabet Inc.-ის საკუთრებაში არსებულ საძიებო სისტემას, Google-ს, ევროკავშირის მასშტაბით ათობით ვებგვერდი უჩივის. მიყენებული ზიანისთვის პლატფორმების მიერ მოთხოვნილი ჯამური კომპენსაცია 12 მილიარდ ევროს აღწევს. მომჩივანი მხარე Google-ს მომხმარებლების მოპარვაში ადანაშაულებს.
მომჩივან მხარეს შორის არიან ფასების შედარების პლატფორმები, რომლებიც მომხმარებელს პროდუქციის საუკეთესო ფასად შეძენაში ეხმარებიან. Bloomberg-ის მიერ მოპოვებული სამოქალაქო სარჩელები ევროკომისიის 2017 წლის გადაწყვეტილებასთანაა დაკავშირებული. მაშინ კომპანია, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის, 2.4 მილიარდი ევროთი დაჯარიმდა.
ევროკომისიის გადაწყვეტილებას მომდევნო სარჩელების ტალღა მალევე მოჰყვა. თუმცა მათი განხილვა გადაიდო, რადგან Google-მა სააპელაციო სასამართლოში ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. ამჟამად, Bloomberg News-ის ცნობით, ევროპის შვიდ ქვეყანაში Google-ის წინააღმდეგ 12 სამოქალაქო საქმე მიმდინარეობს. გამოცემის თანახმად, ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში საძიებო ქსელს სულ მცირე 12 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს.
Bloomberg News-ის ინფორმაციით, იმ პლატფორმებს შორის, რომლებიც Google-ს უჩივიან და ზიანისთვის კომპენსაციას ითხოვენ, არიან: Idealo, Trovaprezzi, Pricerunneer-ი, Kelkoo, PreisRoboter-ი და ა.შ. თავად კომპანია ევროპის მასშტაბით წარდგენილ სამოქალაქო სარჩელებში ბრალეულობას არ აღიარებს და არც ანტიმონოპოლიური ჯარიმებისთვის გადასახდელ თანხას ასახელებს.