Apple-ი სმარტ-სათვალეების წარმოებას 2026 წლიდან გეგმავს - Bloomberg

Apple-ი სმარტ-სათვალეების წარმოებას 2026 წლიდან გეგმავს - Bloomberg

Bloomberg News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სმარტფონების ამერიკული მწარმოებელი Apple-ი 2026 წლიდან სმარტ-სათვალეების წარმოებას დაიწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება Apple-ის მხრიდან საკუთარი პორტფელის დივერსიფიკაციისა და ხელოვნური ინტელექტის მქონე მოწყობილობებზე მოთხოვნის გაზრდაზე პასუხის კიდევ ერთი მცდელობაა.

Bloomberg News-ისთვის ანონიმური წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, Apple-ი აღნიშნული პროდუქტის პროტოტიპების დამზადებას მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყებს, რათა საბოლოო მოდელის შემუშავებისთვის საკმარისი დრო ჰქონდეს.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თავად Apple-ს ოფიციალურად ამ დრომდე არ განუცხადებია.

შეგახსენებთ, რომ Apple-ს მსგავს კატეგორიაში პროდუქტი უკვე აქვს. თუმცა ვირტუალური რეალობის სათვალის მოწყობილობის Apple Vision Pro-ს წარდგენა არც ისე წარმატებული გამოდგა, რისი უმთავრესი მიზეზიც პროდუქტის მაღალი ღირებულება და ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალის ნაკლებობაა.

შესაბამისად, სმარტ-სათვალეების კატეგორიაში ბაზარზე შესვლის შემთხვევაში, Apple-ი კონკურენციას ისეთ პროდუქტს გაუწევს, როგორიც Meta-სა და Ray-Ban-ის ერთობლივი ნაწარმია. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გარდა ამისა, Bloomberg-მა ცნობები Apple-ის მიერ დაგეგმილი კამერაჩაშენებული სმარტ-საათის წარმოებაზეც მოიპოვა. მედიასააგენტოს ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანიამ მსგავსი ტიპის Apple Watch-ის წარმოების დაწყების გეგმები შეცვალა. აღნიშნული სმარტ-საათი Apple-ს 2027 წლიდან უნდა ეწარმოებინა.